თბილისის ზოოპარკს 1960-1972 წლებში გივი გოგსაძე დირექტორობდა. ქეთი ავალიანი მისი 4 შვილიშვილისგან ერთ-ერთია, რომელმაც ბაბუას შესახებ გვიამბო...
- ბაბუა დაიბადა და გაიზარდა ვერაზე, თარხნიშვილის ქუჩის #11-ში, სიბერე კი პეკინზე გაატარა, ზოოპარკთან ახლოს. ბაბუას ოთხი პროფესია ჰქონდა. მათ შორის ერთ-ერთი იყო დიპლომატია, რომელიც მოსკოვში შეისწავლა. ცხოველები იმდენად უყვარდა, რომ თბილისში ვეტერინარული განათლებაც მიიღო. არ ვიცი, როგორ და ვინ წარადგინა, მაგრამ 1960 წელს ის ზოოპარკის დირექტორი გახდა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ყველა ახალჩამოყვანილ ცხოველს ჯერ თავის კაბინეტში ათავსებდა და მერე გადაჰყავდა ვოლიერებში. ასე ჰყოლია კაბინეტში პატარა ნიანგი, პინგვინი, ციყვები და ზოოპარკის სხვა ბინადრები. ბაბუა 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, როცა მე 23 წლის ვიყავი. ბავშვობაში შაბათ-კვირას ბებია-ბაბუასთან მტოვებდნენ და ძილის წინ ბაბუა ყოველთვის მიყვებოდა ზოოპარკის ამბებს.
- რომელიმე ცხოველისადმი გამორჩეული დამოკიდებულება თუ ჰქონდა?
- გამორჩეულად უყვარდა მაიმუნი ''ჩიტა''. ერთხელ ის ზოოპარკიდან გამოიქცა. ვარაზის ხევის დასაწყისში კაფე-სასადილოში შესულა. შეშინებული სტუმრები გაქცეულან. ''ჩიტა'' დამჯდარა მაგიდასთან, უჭამია საჭმელი, დაულევია ლუდი. დასახმარებლად ''მერვე პოლკის'' ჯარისკაცებისთვის მოუხმიათ, მოკვლას უპირებდნენ, მაგრამ ბაბუამ წინააღმდეგობა გაუწია. შიმპანზეს მომვლელი მოაყვანინა. ''ჩიტა'' არ მიჰყვებოდა, მაგრამ როცა მის ძიძას ტირილი დაუწყია, შესცოდებია და ზოოპარკში ''თავისი ფეხით'' გაჰყოლია. ''ჩიტა'' ძალიან მოუსვენარი ყოფილა, მაგრამ ბაბუასთან მეგობრობდა. როგორც ვიცი, ის მეორედაც გაქცეულა. მოსეირნე ქალისთვის ჩანთა წაურთმევია, ნაყინიც, რომელსაც ჭამდა და ჩანთაგადაკიდებული ხეზე ამძვრალა. სანამ ბაბუა არ მივიდა და არ უთხრა, ჩამოდი, სიგარეტი მოვწიოთო, არ ჩამოსულა. როგორც ვიცი, დღესასწაულებზე ''ჩიტა'' ტანსაცმელს იცვამდა, კედებს ატარებდა და ბაბუას ნაჩუქარი საათი ეკეთა.
- ზოოპარკში მისი კოლეგები საქართველოს მკვიდრნი იყვნენ თუ მოწვეული სპეციალისტები?
- თანამშრომლები აქაურები იყვნენ. ბაბუას სხვადასხვა წელს გადაღებულ ფოტოებზე დაფიქსირებული არიან განყოფილების უფროსები, ზოოპარკის თანამშრომლები და მთელი მაშინდელი კოლექტივი. თუ არ ვცდები, ბაბუას შემდეგ ზოოპარკს მისი მოადგილე დირექტორობდა, რომლის სახელი, სამწუხაროდ, არ მახსოვს. ხოლო ბაბუამდე ვინც იყო, დირექტორი რომ გახდა, ის კაცი თავის მოადგილედ დატოვა. ისიც ვიცი, რომ დირექტორობის 12 წლის განმავლობაში მას არასოდეს გაუთავისუფლებია რომელიმე თანამშრომელი.
აღსანიშნავია, რომ ბაბუას დროს ზოოპარკში ძალიან ბევრი ცხოველი იყო. მეამაყება, რომ მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იყო და ისიც ბაბუას დროს, რომ თბილისის ზოოპარკს ჟირა-ფი ჰყავდა. მაშინდელ ზოოპარკს კარგი ურთიერთობა ჰქონდა პრაღის, ვარშავისა და ბერლინის ზოოპარკებთან. ბუნებრივია, ცხოველები საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავდა და მატარებელი იყო თუ თვითმფრინავი, ყოველთვის მათთან ერთად, ცხოველების განყოფილებაში ჯდებოდა.