"ჯანმრთელი ქალი მივიყვანეთ საავადმყოფოში და სახლში მისვლიდან 5 წუთში გარდაიცვალა“ - რა გახდა 65 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი და რაში ადანაშაულებს ოჯახი ექიმებს
"ჯანმრთელი ქალი მივიყვანეთ საავადმყოფოში და სახლში მისვლიდან 5 წუთში გარდაიცვალა“ - რა გახდა 65 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი და რაში ადანაშაულებს ოჯახი ექიმებს
რამდენიმე დღის წინ ერთი ძალიან კარგი ქალბატონი, გამოცდილი რედაქტორი, 65 წლის ნატალია ჩიმაკაძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს უყურადღებობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. მისი ქალიშვილი გვანცა ფოფხაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ დედის გარდაცვალება ექიმების დაუდევრობისა და არაეფექტური მკურნალობის შედეგი იყო:

- დედა გარდაცვალებამდე თვე-ნახევრით ადრე კიბიდან ჩამოგორდა და ამის შემდეგ თავბრუ ეხვედოა. მივიდა ზ. მ.-სთან, რესპუბლიკურ საავადმყოფოში. შემდეგ დაუნიშნეს ორი დასახელების პრეპარატი, რომელსაც ახასიათებდა ბევრი უკუჩვენება, მათ შორის, თავბრუსხვევა, გულის

წასვლა და ასე შემდეგ. ამ წამლებს რეგულარულად სვამდა. ის პრეპარატები, რასაც ადრე სვამდა, წნევის დამწევი, დამარეგულირებელი, ექიმმა ყველაფერი მოუხსნა და მხოლოდ 2 წამალი დაუნიშნა. უკუჩვენება რომ წავიკითხე, ძალიან არ მომეწონა. ამ წამლების მიღებიდან, დაახლოებით 2-3 კვირაში დედას დაეწყო გულის წასვლა. ერთხელ სახლში წაუვიდა, მეორედ სამსახურში. ამ შუალედში ჩვენ დავუკავშირდით მ.-ს და მან ეს წამლები არ მოგვიხსნა.


- როდესაც უთხარით ექიმს, რომ ამ პრეპარატს ახასიათებდა ბევრი უკუჩვენება, რა იყო მისი პასუხი?

- მოციმციმე არითმია დაუდგინა და ამ წამლების მოხსნა მოციმციმე არითმიაზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებაო. უნდა გაეძლო გულის წასვლებისთვის. დედამაც განაგრძო ჩვეულებრივად წამლების დალევა და სამსახურში გახდა ცუდად. "კვირის პალიტრაში“ მუშაობდა. დამირეკა, მე და ჩემმა

მეუღლემ წავიყვანეთ სახლში და გზაში ცუდად გახდა. გამოვიძახეთ სასწრაფო და გადავიყვანეთ ისევ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პალატის ექიმი ლ. ფ. იყო. ნახევრად გათიშული შევიყვანეთ საავადმყოფოში, სამშაბათი იყო, ღამე. ხუთშაბათს, დილით გაუკეთეს კორონაროგრაფია, რომლის შემდეგ ფეხები გადახვეული არ ჰქონია. არაფერი კვლევა არ ჩატარებია, ქალი თავისი ფეხით დადიოდა საპირფარეშოში, რაც არ შეიძლებოდა. მხოლოდ გადასხმებით უმკურნალეს. მე ვერ აღგიწერთ, რა სიტუაციაა იმ საავადმყოფოში. სრული განუკითხაობა, ექთნებს თავად უნდა დაუძახო და მეტიც, შენ უნდა უექთნო ავადმყოფს. პარასკევს დილით დამირეკა დედაჩემმა და მითხრა, რომ უნდა გამოეწერათ. წინა ღამით დაეწყო გულისრევა და დიარეა. საერთოდ გაითიშა, გული საწოლში აერია და გადაიყვანეს პალატაში, რომ გაესუფთავებინათ და ისევ დააბრუნეს რეანიმაციაში... მეორე დღეს კი დამირეკეს, გამოწერეს პირდაპირ რეანიმაციიდან და წამოვიყვანე. სახლში მიყვანიდან ზუსტად 5 წუთში გარდაიცვალა...

შემდეგ, მე ვიყავი ჩასული საავადმყოფოში. პალატის ექიმს ვესაუბრე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მეორე დღეს წავიდა საზღვარგარეთ დასასვენებლად და არაჩვეულებრივ ფოტოებს დებდა იქიდან. ის საერთოდ არ გრძნობდა დამნაშავედ თავს. განყოფილების გამგესაც ველაპარაკე, უნდა გაემართათ კონსილიუმი, რატომ გარდაიცვალა დედაჩემი. როგორ გამართავდნენ კონსილიუმს, ექიმი საქართველოში არ იმყოფებოდა. ეს იყო ტყუილი და ჩემს გასაჩუმებლად გაკეთებული. მომიგზავნეს ადამიანები, რომ გავჩუმებულიყავი. ერთი წუთი არ ვაპირებ გაჩუმებას იმიტომ, რომ დედა არ იყო მხოლოდ დედაჩემი და არავის არ აქვს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფლება.


- სამართლებრივად თუ აპირებთ დავას კონკრეტული ექიმების წინააღმდეგ?

- რა თქმა უნდა, ვაპირებ. უბრალოდ, ოჯახთან შეთანხმებით გაკვეთაზე უარი ვთქვი. ჯანდაცვის სამინისტროში შევიტანე განაცხადი, აბსოლუტურად ყველაფერი დავურთე და რაც საჭირო იქნება, ეტაპობრივად, მე ყველაფერს გავაკეთებ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ხვალ ვიღაც ჩემს დღეშ არ ჩავარდეს. მე ისეთი რაღაც დამემართა, ადამიანი აღარ მქვია. აბსოლუტურად ჯანმრთელი ქალი მივიყვანე, ელემენტარული ეტლიც არ დამხვდა, რომ დედაჩემი ჩამომეყვანა ქვემოთ. ხელი არაფერზე არ მომიწერია საავადმყოფოში, რომ დედაჩემი ჩემი ნებით მიმყავდა, თვითონ გაწერეს. იმ დღეს, როცა დედა გამომყავდა საავადმყოფოდან, ზ. მ. ვნახე. ვუთხარი, რომ დაეტოვებინათ კიდევ ორი დღე საავადმყოფოში, მაგრამ არა, ეს ჩვენი პაციენტი აღარ არისო, ასე მითხრა. ის წამლები, რაც დაუნიშნა, გაუნახევრა, იმიტომ, რომ მისი თქმით, დედას ორგანიზმმა ვერ აიტანა. აქ არის წამლების დოზირების პრობლემაც, არ გაუკეთდა მას არც შუნტირება, არც სტენტირება. აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთდა. ეს იყო სრული განუკითხაობა და სრული შოკი ყველასთვის.


აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენ რესპუბლიკურ საავადმყოფოსაც დავუკავშირდით. პრესსამსახურის უფროსმა, ნატა ხურციძემ განაცხადა:
- ექიმები კომენტარს არ ეკეთებენ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მაღალი ზნეობის მქონე ორი ექიმი, რომელთა წინააღმდეგაც მიმდინარეობს შავი პიარი თუ არ ვიცი, რა დავარქვა. რა თქმა უნდა, მე ძალიან ვწუხვარ ამ ფაქტზე, ჩვენი კლინიკა მუდმივად ორიენტირებულია პაციენტზე და ჩვენთვის ყველა პაციენტი არის თანასწორი და მსგავსი შემთხვევა, არასდროს არ მქონია, განსაკუთრებით, ამ ექიმებთან დაკავშირებით. 10 წელია, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ვხელმძღვანელობ, საჩივარიც კი არასდროს შემოსულა. ზ. მ. და ლ. ფ. რომ გაიკითხოთ, ყველგან გაიგებთ მათი გმირობის, ადამიანობისა და პროფესიონალიზმის შესახებ. დანარჩენს სახელმწიფო რეგულირების სააგენტო შეისწავლის.

რა გახდა 65 წლის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა.
თამარ იაკობაშვილი
3309
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
მარიამ შტილერი
0
სრულიად ჯანმრთელ ადამიანში ადამიანი იგულისხმება, რომელსაც არ აწუხებს ქრონიკული დაავადებები. პროვოკატორებმა და მოგზავნილებმა კი თავი შეიკავეთ აქ კომენტარებისგან. პირადში მოწერებითაც ნუ აგვიკელით! ჩაწყობილ და ნაყიდ დიპლომებს მიხედეთ, ყასბებო! საშიშია თქვენთან ანალიზის ასაღებადაც კი მოსვლა! პანტაპუნტით იღუპება თქვენი უსულგულობის გამო ხალხი, იმიტომ რომ რომ არ იცით, ეს ერთია და თუკი იცით და ფეხზე გკიდიათ პაციენტი, ეს მეორე! სიკვდილის მოსწარაფება კი დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. თქვენ ყველანი უნდა გადამოწმდეთ, სასწრაფოდ რეფორმებია გასატარებელი სახელმწიფოს მასშტაბით, თორემ ექიმები კლავენ!
12:18 / 19-06-2019
sofo
0
დაცემისგან გამოწვეული თავბრუხვევის გამო მივიყვანეთ ექიმთანო,ანუ სხვა ჩივილები არ ჰქონდაო და, ალბათ, ამას გულისხმობდა "სრულიად ჯანმრთელში". ან რა უბედურებაა ამ ერთ ფრაზაზე გამოკიდება,ადამიანს ამხელა უბედურება დაატყდა თავს და მხოლოდ იმიტომ, რომ ექიმს სათანადო გამოკვლევევების ჩატარება "დაეზარა". არ აქვს მნიშვნელობა ეს ექიმის დაუდევრობამ გამოიწვია თუ უცოდინრობამ (რაც კიდევ უფრო უარესია), აუცილებლადუნდა მოხდეს საქმის შესწავლა კომპეტენტური ადამიანების მიერ, რათა გატარებულ იქნეს პრევენციული სახის ღონისძიებები. ძალიან გახშირდა მსგავსი შემთხვევები და გაჩუმება დანაშულის ტოლფასია. ისედაც უმცირესობაში გადავდივართ ქართველები. გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ვუსურვებ სამართლის პოვნას.ღმერთმა გაგაძლებინოთ
03:54 / 19-06-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?