"...საღამოს დედა მოტყუებული დარჩა, რადგან ეგონა, თავისი შვილი კლასელთან მიდიოდა დაბადების დღეზე, თუმცა ამაოდ. ნიკა და ნინი კუს ტბაზე სეირნობდნენ...
11 საათი იყო, როდესაც ტელეფონზე დაურეკა დედამ და გააფრთხილა - სახლში მოსვლის დროა! - კარგ დროს ატარებდნენ ერთად, ამიტომ ნინიმ ტელეფონი გამორთო და მხოლოდ მაშინ დაბრუნდა სახლში, როცა ღამის პირველი საათი ხდებოდა.
- შენ დაისჯები! - უყვირა დედამ, მის თვალებში სიბრაზე და შიში შვილის დაკარგვისა, ერთად იკითხებოდა. ნინი პირდაპირ თავის ოთახში შევიდა, ზედმეტი თავის მართლების გარეშე დაიძინა.
17 მაისი წვიმაში გაეხვია შაბათ დღეს, 14 წლის ნინი ძილს აგრძელებდა, როდესაც დედამ ინტერნეტი გამოურთო და სახლში ჩაკეტა, მაგიდაზე წერილი დატოვა - როცა გაიღვიძებ, საკვები მაცივარშია და მიირთვი! მე საღამოს დავბრუნდები.
გოგონამ გაიღვიძა, პირი არაფერს დააკარა - მოიწყინა, გარეთ გაიხედა და ამინდიც შესაბამისი დახვდა, პროტესტის გრძნობამ იქამდე მიიყვანა, რომ აბები გადაყლაპა. დასჯილის ამპლუა ნინისთვის პირველი არ იყო, თუმცა ნიკა ენატრებოდა.
გამბედაობა არ ეყო, შეეშინდა და 112-ში დარეკა, ზარის შემდეგ ყურმილიდან ხმა მოესმა:
- 112 გისმენთ!
- გამარჯობა, რამდენიმე აბი დავლიე და მოვკვდები?
- სად იმყოფებით?
- მოვკვდები? - დაჟინებით კითხულობდა ნინი.
- გიპასუხებ აუცილებლად, მაგრამ მითხარი სად ხარ? - არ მოეშვა ოპერატორი.
- ვერ გეტყვით! დედამ არ მინდა გაიგოს..
- არ გავაგებინებ, გპირდები.
ოპერატორის გამჭრიახმა გონებამ დიდი როლი ითამაშა. ის მეგობრულად ესაუბრებოდა გოგონას, რითაც მოიპოვა მისი ნდობა, გამოკითხა სახელი და გვარი, ამასთან ერთად მისი სკოლის სახელწოდებაც.
მოპოვებული ინფორმაციით, სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემის - eSchool-ის საშუალებით დაადგინა გოგონას ლოკაცია და გაგზავნა მასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
დედა უკვე სახლში იმყოფებოდა, როდესაც ოპერატორი, გადამოწმების და სიფრთხილის მიზნით, დაუკავშირდა მას. კითხვაზე - თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა ახლა ნინი, დედამ უპასუხა - კარგად არის! ახლა ჩემ გვერდითაა.
2 წუთის შემდეგ დედამ თავად დარეკა სასწრაფოში:
- ძალიან გთხოვთ! შვილი მიკვდება...
- დამშვიდდით, ქალბატონო, სასწრაფო უკვე თქვენს სახლთანაა - უპასუხა ოპერატორმა", - ეს არის ამონარიდი იმ ამბიდან, რომლის შესახებაც 112-ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან შევიტყვეთ და გადავწყვიტეთ თავად გავსაუბრებოდით გმირ ოპერატორს, სოფიკო ჭულუხაძეს, რომელიც შინაგანან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ "განსაკუთრებული დამსახურებისთვის" მედალიონით დააჯილდოვა.
Video - სოფო, რამდენი წელია, რაც 112-ის ოპერატორი ხართ?
- 112-ში ვმუშაობ 2012 წლიდან, რაც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს, რადგან ჩვენ ვართ პირველი დამაკავშირებელი რგოლი მძიმე სიტუაციაში მყოფ ადამიანებსა და გადაუდებელი დახმარების სამსახურებს შორის. ჩვენთვის ყველა ზარი ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, მითუმეტეს, თუ ზარის ავტორი არის ბავშვი, რადგან მათთან სწორად ვითანამშრომლოთ და გავიგოთ ზუსტი ინფორმაცია, რის შესახებაც გვიკავშირდებიან.
- გვესაუბრეთ იმ კონკრეტულ შემთხვევაზე, რის გამოც დაგაჯილდოვათ მინისტრმა...
- დარეკა გოგონამ, რომელსაც ჰქონდა მედიკამენტები მიღებული და აინტერესებდა, რა საფრთხეს წარმოადგენდა მისი ჯანმრთელობისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვცადე, დამედგინა მისი ადგილსამყოფელი, რომ მომეხდინა დროული რეაგირება. გოგონა დაჟინებით ითხოვდა კითხვებზე პასუხს, იყო ძალიან შეშინებული, დაბნეული, ვცადე მასთან დამემყარებინა მეგობრული ურთიერთობა. მთხოვდა, რომ მშობლებს ამ ფაქტის შესახებ არ უნდა გაეგოთ. დავთანხმდი, რათა მეტად მომეპოვებინა მისი ნდობა, თუმცა საუბრის დროს შეწყდა ზარი და მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, ტელეფონი გამორთული ჰქონდა, საუბრის დროს მხოლოდ იმის დადგენა მოვახერხე, რომელ სკოლაში სწავლობდა. სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემის მეშვეობით გადავამოწმე მოზარდის საცხოვრებელი მისამართი და გადავეცი შესაბამის სამსახურებს, დროული რეაგირებისთვის და გოგონას სიცოცხლე გადავარჩინეთ.
- როგორი განცდა იყო, როცა გაიგეთ, რომ "განსაკუთრებული დამსახურებისთვის" დაჯილდოვდით?
- ძალიან ამაღელვებელი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. თამამად ვიტყვი, რომ მეამაყებოდა ჩემი თავი, რადგან შევძელი მოზარდის გადარჩენა. საერთოდ მეამაყება, რომ ვარ 112-ის გუნდის წევრი და ვემსახურები საქართველოს. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გადმოცემული ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლოა ჩემთვის და დიდი სტიმულია, რა თქმა უნდა. მინდა აქვე კოლეგებზე აღვნიშნო, რომ თითოეული 112-ის ოპერატორი გმირია, რადგან ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.
- ეს კონკრეტული ფაქტი ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია 112-ში დარეკვა...
- 112 არის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი, ჩვენთან რეკავენ მოქალაქეები, რომლებსაც იმ მომენტში სჭირდებათ დახმარება. მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც სჭირდება სახანძროს, საპატრულო პოლიციის, სასწრაფოს დახმარება, დარეკონ 112-ზე, უნდა იცოდნენ, რომ თუ ანონიმურად დარჩენის სურვილი ექნებათ, ამასაც გავითვალისწინებთ, მთავარია, არ დაიბნენ და ზუსტად გადმოსცენ, პრობლემა რაში მდგომარეობს. ჩვენ 24 საათის განმავლობაში მზად ვართ, ნებისმიერ მოქალაქეს გავუწიოთ მომსახურება.
- რა ხდება მაშინ, თუ მოქალაქე არამიზნობრივად რეკავს 112-ში? რა რჩევებს მისცემთ მშობლებს, რა უნდა იცოდნენ ბავშვებმა, რომ საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდნენ?
- პირველ რიგში მინდა მოვუწოდო მშობლებს, რომ ბავშვები აუცილებლად ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რას წარმოადგენს 112-ის სამსახური. რა შემთხვევაში უნდა დარეკონ, რომ არამიზნობრივი, შეურაცხმყოფელი და ცრუ ხასიათის ზარი ისჯება კანონით, ჯარიმა განისაზღვრება 100-დან 2500 ლარამდე ოდენობით. თუ მოზარდი არასრულწლოვანია, მშობელს, ან კანონიერ მეურვეს ეკისრება ჯარიმის გადახდაზე ვალდებულება. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება შემთხვევიდან გამომდინარე. ფაქტის განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენებაც მატულობს და თანხის ოდენობას საგამოძიებო სამსახური ადგენს. ამასთანავე ფაქტის რამდენჯერმე განმეორების შემთხვევაში შეიძლება პირს დაეკისროს გამოსასწორებელი სამუშაო, ან პატიმრობაც კი. გააჩნია შემთხვევას. გარდა იმისა, რომ მშობელმა უნდა ასწავლოს ბავშვს, რა დროს უნდა დარეკოს, როგორ უნდა დარეკოს, ბავშვმა უნდა იცოდეს საკუთარი სახლის ზუსტი მისამართი, უნდა შეეძლოს იმ ადგილის აღწერა, სადაც იმყოფება, ასევე ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არამიზნობრივად არ დარეკოს 112-ში. თანამბრად მნიშვნელოვანია, მოზარდმა იცოდეს, რა დროს დარეკოს და რა დროს - არა.
რუსკა კილასონია