სიახლეებიკალეიდოსკოპი
რას წერს გოგონა, რომელმაც მეტროში საყურიანი ბიჭის ცემის კადრები გადაიღო
რას წერს გოგონა, რომელმაც მეტროში საყურიანი ბიჭის ცემის კადრები გადაიღო
რუსთაველის მეტროში რამდენიმე მამაკაცი ორ ახალგაზრდას, სავარაუდოდ, საყურის გამო ფიზიკურად გაუსწორდა. 
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაპირისპირების მიზეზი საყურე გახდა, რომელიც ერთ-ერთ ახალგაზრდას ეკეთა.
თვითმხილვეთა ინფორმაციით, დაშავებულები ქუჩის მუსიკოსები არიან, რომლებიც მეტროთი გადაადგილდებოდნენ. მათივე ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მამაკაცი ყვიროდა, რომ საყურე ქართველ კაცს არ უხდება და ახალგაზრდას მის მოხსნას სთხოვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, მეტროსადგურ "რუსთაველში" მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით და 239-ე
მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყეს, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას და ხულიგნობას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვაც.

სამართალდამცველებს ჩვენება მისცა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტმა, თეონა მანაგაძემ, რომელმაც მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა გადაიღო. მანვე გამოაქვეყნე პოსტი ამ ფაქტთან დაკავშირებით:

"ვკითხულობ ნიუსებს, კომენტარებს, სტატუსებს, გაოცებული და გულნატკენი ვარ. იმის ნაცვლად, რომ ჩაგვრა, ზიზღი და დევნა დაგმოთ, რაზე დაობთ და რას არკვევთ - მიზეზი კარები იყო თუ საყურებიანი ბიჭები? ვის რომელი ვერსია გაწყობთ, რის გადასაფარად და დასამალად? - ერის ტრაგედიაა, როცა პატარა, ნათელ გოგო-ბიჭებს განსხვავებული ვიზუალის გამო ფიზიკურად უსწორდებიან, აგინებენ და სასიკვდილოდ იმეტებენ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენზე ნაკლები ქართველი ვარ, ან
ნაკლებად მიყვარს უფალი, ცდებით. ჩემთვის ქართველობა და უფლის სიყვარული სწორედ - ადამიანია, მისი დაცვა და მფარველობა და არა ის, რომ საყურეების გამო, ადამიანს წიხლებით შესდგე, აფურთხო! ჩასაფრებულებს მოგიყვებით დეტალებს, რა ვნახე - ჩავედი მეტროში, იყო ქაოსი, ყვირილი, გინება. ვაგონები დაცლილი იყო და ერთი ბიჭი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ყვიროდა - საყურეებიანი ბიჭები ქართველობას არცხვენენ და ა.შ. მანამდე რა მოხდა, არ ვიცი, რასაც შევესწარი, იმის გადაღება დავიწყე. ნუ იღებო, მიყვირეს, გავჩერდი, რომ მეტი აგრესია არ გამომეწვია და ის გოგო-ბიჭები დამეცვა, რომელთაც შეურაცხყოფას აყენებდნენ. მათ წინ დავდექი, მიზანი მქონდა - ისინი მეხსნა. იდგნენ კრავებივით, არც ერთ მათგანს არც შეუგინებია და არც ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა ჰქონია. მათ ავუხსენი, რომ მათთვის უკეთესი იყო, მასას არ აყოლოდნენ, რათა უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ. მეგობართაგან ერთი მათგანი გაიქცა ესკალატორისკენ, ესენიც გაყვნენ და მათ მიმართ იყო შეძახილები (არ დავწერ, რაც). გავყევი მათ. როცა ესკალატორის ბოლოში გავედი, მარცხენა მხარეს ერთი ბიჭი უგონოდ ეგდო, მეორეს სახეზე სისხლი ჰქონდა. აგრესიული მასა ისევ ბობოქრობდა, შეძახილებით, გაწევ-გამოწევით. დავრეკე 112-ში, სასწრაფო გამოვიძახე. ამ ფონზე ხან უგონოსთან მივრბოდი, ხან - მეორესთან. ეს ბიჭი გონს მოვიდა, მის მიმართ ისევ ფიზიკურად იწეოდნენ. სანამ 112-თან დეტალებს გავდიოდი, ეს ბიჭები გაიქცნენ. ჩემი აზრით, თავს უშველეს. პ.ს. მეტროს კართან კადრებში ჩანს ბიჭი, რომელიც იგინება. ის იყო ჩემი ხედვით (იმ ქაოსში, შეიძლება სხვაც იყო და ვერ შევამჩნიე, მაპატიეთ) ერთადერთი, ვინც ჩაიარა, შეხედა ადამიანებს როგორ ჩაგრავდნენ და ისინი დაიცვა. ამ ადამიანს ღირსება ჰქონდა, რომელიც გაქვს, ან - არა. ღირსება და სინდისია ის ღმერთი, ვისით უნდა ვიცხოვროთ და არა - ზიზღით და სხვისი დამცირებით. ასეთია, ჩემი ღმერთიც და ჩემი ქართველობაც, სხვა ყველაფერი სიყალბეა... წავალ ახლა დავიძინებ, დამათენდა, კადრები დამირბიან თვალებში. ვინც მაკრიტიკებთ, უფრო მეტი სიმამაცე თქვენ გამოიჩინეთ, მხოლოდ გამიხარდება, თუ ერთ ადამიანს მაინც დაიცავთ..."
ბეჭდვა