"ცურვა საკმაოდ რისკიანი სპორტია, მშობლებს კი ჰგონიათ, ფული თუ გადაიხადეს, ყველაფერი შესაძლებელია"- ცურცვის გამოცდილი მწვრთნელის რჩევები
 "ცურვა საკმაოდ რისკიანი სპორტია, მშობლებს კი ჰგონიათ,  ფული თუ გადაიხადეს, ყველაფერი შესაძლებელია"- ცურცვის გამოცდილი მწვრთნელის რჩევები
ალექს გევორკოვი 33 წლის გამოცდილი მოცურავეა. 2007 წელს დაასრულა სპორტული კარიერა და მას შემდეგ ცურვას ასწავლის. ამბობს, რომ ასე უფრო მეტის გაკეთება შეუძლია დამწყები მოცურავეებისათვის. 15 წელი შრი- ლანკაში მუშაობდა მთავარ მწვრთნელად, რამდენიმე თვეა საქართველოში დაბრუნდა და იმავე საქმეს ემსახურება. ბავშვებში ძალიან დიდ პოტენციალს ხედავს და უნდა, რომ მისმა მოსწავლეებმა ბევრ წარმატებას მიაღწიონ. ის ჩვენს მკითხველს მრავალწლიან გამოცდილებას უზიარებს.

mshoblebi

- რა არის ყველაზე ოპტიმალური ასაკი ბავშვებში, რომ დაიწყონ ცურვის შესწავლა?

-
გვიან არასდროს არის. ავსტრალიაში იწყებენ 4 თვიდან, ბავშვს აჩვევენ სწორ სუნთქვას, რომ წყლის შიში არ ჰქონდეს. მე მყავს ახლა 2 მოსწავლე, 14- 15 წლის ბიჭები, რომლებსაც ძალიან უჭირთ. დაძაბულები არიან და არ იციან, რა გააკეთონ. კუნთი უკვე მიჩვეულია გარკვეულ მოძრაობებს და ამ ასაკში ძნელია აკონტროლოს თავი
. ავტომატურად, როცა უჭირს სუნთქვა, მაშინვე დაჭიმავს კუნთებს ხელებსა და ფეხებში და ეგრევე იძირება. ამიტომ, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ეფექტურია სწავლება. როგორც ვიცი, საქართველოში ძალიან პატარა ბავშვებისთვის იყო პროგრამა, მაგრამ არ გაამართლა, იმიტომ, რომ მშობლები არ იყვნენ მზად. მშობელი უნდა ჩამოვიდეს წყალში მწვრთნელთან ერთად, მწვრთნელი აუხსნის მას, როგორ უნდა მოიქცეს, ამისთვის კი გჭირდება ძალიან დიდი გამოცდილება . ვფიქრობ, 5- 6 წელი მაინც ყველაზე კარგი ასაკია ცურვაზე შესაყვანად. თუმცა, ცურვა ყველამ უნდა იცოდეს. ჩვენს გარშემო ყველგან წყალია. ადამიანი რომ დაიღუპოს, მხოლოდ 40 სანტიმეტრის წყალი ჰყოფნის. იყო ესეთი შემთხვევა, რომ გოგო 30 სანტიმეტრი სიღრმის წყალში დაიღუპა. ჩაყლაპა წყალი, დაეწყო პანიკა, არც ცურვა იცოდა და, სამწუხაროდ, დაიღუპა. ამიტომ, ნებისმიერ ასაკში უნდა იცოდნენ ცურვა ადამიანებმა, არავინ არ იცის, ვინ სად მოხვდება.

- რა სირთულეებს ხვდებით ხოლმე ბავშვებთან ურთიერთობისას, რა არის ძირითადი დაბრკოლებები, რასაც ისინი ცურვის სწავლისას აწყდებიან და თქვენთვისაც ერთგვარი გამოწვევაა?

- ბავშვებთან, ძირითადად, არანაირი პრობლემა არ მაქვს ხოლმე. იმიტომ, რომ მათ როგორ ინფორმაციასაც მიაწვდით, ისე აღიქვამენ. უნდა იცოდე ფსიქოლოგია, როგორ მიხვიდე და იურთიერთო მათთან. თუ იცი ეს გზები, არასდროს პრობლემა არ გექნება. ყველაზე დიდი პრობლემა მშობლებია. მქონდა ასეთი შემთხვევა, ღია აუზში, 3 მეტრის სიღრმის წყალში, ბავშვი მოიყვანეს, რომ შემემოწმებინა, შეეძლო თუ არა ცურვა. შევიყვანე, ძლივს შევიდა, ეშინოდა სიღრმის და მშობელს ვუთხარი, რომ დიდ აუზში ვერ შევძლებდით, უნდა გადაგვეყვანა პატარა აუზში. მან მითხრა ,,მე არ მაინტერესებს, ფული მაქვს გადახდილი და ყველა შემთხვევაში შეიყვანეთო". ასე არ გამოდის, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ბავშვი აუზში მწვრთნელთან ერთად რომ შედის, მწვრთნელს უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს. ყველაფერი წამების საქმეა. ბავშვმა თუ გადაყლაპა წყალი, დიდი ალბათობით ჩაიძირება. მშობელს კი უნდა მისი შვილი დიდ აუზში ცურავდეს, მაგრამ მწვრთნელმა უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს, რა სჯობს მისთვის. მშობლები ფიქრობენ, რომ ფული თუ გადაიხადეს, ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, ასე არ ხდება იმიტომ, რომ ცურვა სხვაინაირი სპორტია და დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. თუ ფეხბურთს თამაშობ, შეიძლება ფეხი, ხელი მოიტეხო, მაგრამ გადარჩები, ცურვა კი ყველაზე რისკიანი სპორტია.
mshoblebi

- მშობლების თემას რომ მივუბრუნდეთ, ძირითადად, რა მოლოდინები აქვთ ხოლმე მათ?

- მე ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა ისაა, რომ მშობლებისთვის არავის აუხსნია, რომ მსგავსი დამოკიდებულება არ შეიძლება. ბავშვს ჟილეტი რომ ჩააცვა და პირდაპირ ჩააგდო აუზში, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. თუ ავიღებთ ავსტრალიას, ამერიკას და ასე შემდეგ, სადაც ცურვა ძალიან მაღალ დონეზეა დაყენებული, მსგავსი შემთხვევებისთვის მწვრთნელს ციხეში უშვებენ. არის სტანდარტები, რომელზეც საქართველოში უნდა ვიმუშაოთ. ყველაზე მთავარი, სუნთქვის სწავლაა, რადგან ჩვენ ისტერიკა გვეწყება, როცა დროზე ვერ ვსუნთქავთ. მშბლებისთვის ერთი რაღაც მაქვს სათქმელი, ისინი უნდა იყვნენ, როგორც ბებია და ბაბუა ბავშვებისთვის. ბავშვმა კარგად გაცურა თუ ცუდად, მნიშვნელობა არ აქვს, ბებია და ბაბუა სულ ეფერებიან მას და ამხნევებენ. მშობლები პირიქით, ბავშვებს ხშირად მოტივაციას უკარგავენ და ეუბნებიან ,,ეს რა იყო, როგორ გადახტი, უფრო მაგრად შეგეძლო." მოტივაცია ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერ საქმეში. ახლა ერთი ბავშვი მყავს, ძლივს მივედი იმ დონემდე, რომ გაიღიმოს აუზში, ვარჯიშის დროს. სულ სერიოზული იყო, სულ დათრგუნული და გუშინწინ გავიგე პირველად, რომ არ მოსწონს, როდესაც მეორე მიდის ფინიშთან. ეს იქედან მოდის, რომ მშობლები სტრესავენ ბავშვებს, ამბიციები აქვთ და ბავშვებიც შესაბამისად გამოხატავენს შემდეგ ამ საყვედურებს. თუ მწვრთნელს აქვს კვალიფიკაცია და იცის თავისი საქმე, მუშაობს, უკვე დიდი ხანია ამ სფეროში, უნდა აცადონ მას თავისი საქმის გაკეთება. ყველაზე მთავარი მოთმინებაა, რომ ავუხსნათ მათ, რატომ უნდა გავაკეთოთ ასე და არა ისე, როგორც მათ სურთ.

- კვირაში რამდენი დღეა სასურველი ცურვის გაკვეთილები?

- ასაკს გააჩნია. თუ ბავშვი 11 წლამდეა, მაქსიმუმ სამი გაკვეთილია კვირაში სასურველი აუზში და ამის პარალელურად, მას შეუძლია დაკავდეს ცეკვით, სხვა სპორტით. ბავშვი მხოლოდ ცურვაზე არ უნდა ვატაროთ და სხვა დანარჩენი არ უნდა დავბლოკოთ. მან 11 წლამდე უნდა სცადოს ყველაფერი. 11- დან 13 წლამდე გადადის კვირაში 6 ვარჯიშზე, 15 წლამდე 8 ვარჯიშია და თუ ნაკრების დონეზე გადადის, 10- 12 ვარჯიშიც კი უწევთ კვირაში. გააჩნია, რა დონის მოცურავეა. იმისათვის, რომ ბავშვმა ისწავლოს ცურვა, კვირაში 3- ჯერ საკმარისია, 45 წუთის განმავლობაში. გააჩნია ასაკს, 45 წუთიდან 1 საათსა და 15 წუთამდე. მე მყავს სხვადასხვა ასაკის ბავშვები, 15 წლის ბავშვები ერთ საათში 1000 მეტრს ცურავენ, 7 წლის ვინცაა, მაქსიმუმ 600 მეტრს თუ შეძლებენ. სახეზე უნდა შეხედო, თუ შეამჩნევ, რომ ბავშვი დაღლილია, ყველა შემთხვევაში უნდა შეასვენო იმიტომ, რომ 1- 2 თვის შემდეგ მას ცურვა აუცილებლად შესძულდება და მობეზრდება. მხოლოდ 30 წუთი წყალში, დაახლოებით მინუს 500 კალორიაა. რომ შევადაროთ, თუ ირბინეთ 1 საათის განმავლობაში, დახარჯავთ 600 კალორიას.

mshoblebi

- რატომ არის აუცილებელი სათვალე და ქუდი ცურვისას?

- ქუდი სჭირდებათ იმიტომ, რომ შეიძლება თმა გასცვივდეთ. წყალში არსებული ქლორი აშრობს ყველაფერს. ქლორს აგდებენ იმიტომ, რომ ბაქტერიები მოკლან და თავი დაიცვან დაავადების გავრცელებისგან. ასევე, ქუდი საჭიროა, რომ ფილტრი არ გაიჭედოს თმისგან. სათვალე ძალიან პირადი ნივთია და არ შეიძლება სხვებისთვის თხოვება და გაზიარება. შეიძლება ჩემი თვალიდან რაღაც პატარა ბაქტერია გადმოვიდე თქვენზე და ამას ჰქონდეს ძალიან ცუდი ეფექტი. ქლორინი აშრობს კანსაც. ამიტომ, თუ სათვალის გარეშე იქნებით, შეიძლება თვალებზე იმოქმედოს, ჩაგიწითლდეთ და ასე შემდეგ.

- რა უნდა გააკეთონ ბავშვებმა, რომლებსაც უნდათ კარგად შეისწავლონ ცურვა?

- პირველ რიგში , უნდა მოუსმინონ მწვრთნელს. ყოველ გაკვეთილზე, რაღაც ახალი ისწავლება. წყლის დალევა დღის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ბავში თუ მოდის გაკვეთილზე, წყლის გარეშე არ ვუშვებ. ზოგჯერ მეუბნებია, რომ აგვიანებდნენ და ვერ მოასწრეს დალევა, მე ვეუბნები, რომ წყლის გარეშე სჯობს საერთოდ არ მოვიდნენ. გაკვეთილის განმავლობაში აუცილებლად უნდა დალიონ წყალი. თუ 10 წლისაა ბავში, მინიმუმ 1 ლიტრა წყალი უნდა დალიოს. ასევე საკვები, ძილი და სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ უტვინო სპორტსმენი საშინელებაა. მე ჩემს გუნდში 120 ბავშვი მყავდა შრი- ლანკაზე. ყველა მათგანის სია მეწერა, როგორ სწავლობდნენ, რა ნიშნები ჰყავდათ, რამდენხანს ეძინათ და რას ჭამდნენ. ბავშვი რომ მოდის ჩემთან, შეიძლება ცუდ ხასიათზეა და აუცილებლად უნდა ვიცოდე ამის შესახებ. შეიძლება რაღაც სტკივა, შეიძლება რაღაც აწუხებს და მნიშვნელოვანია ამ დროს მიდგომა სწორად შეარჩიო. მე ლექციებსაც ვკითხულობდი, როგორ უნდა მოიქცეს მწვრთნელი ვარჯიშზე. ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველმა მშობელმა უნდა გაიგოს, რომ მასწავლებელი უფრო მეტს აძლევს მათ შვილებს, ვიდრე მშობელი. იმიტომ, რომ, ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლებთან მეტ დროს ატარებს, ვიდრე მშობლებთან. დილით გააცილებს სკოლაში, შუადღემდე იქაა, მერე მიდის რაღაც წრეზე, ცურვაზე. რამდენიმე წუთი აქვთ, რომ დაელაპარაკონ ბავშვს, როგორ ჰქონდა საქმეები სკოლაში, რა გააკეთა, რა ვერ გააკეთა და ასე შემდეგ. აქ რომ მოდიან, მე ვესაუბრები. მე ვიცი უფრო მეტი, ვიდრე მშობლებმა. თუ მე მათ არასწორ ინფორმაციას მივაწოდებ, ჩათვალეთ, რომ ცუდი მწვრთნელი ვარ. მე მათ მხოლოდ ცურვას არ ვასწავლი იმიტომ, რომ ჩემთვის ცურვა მაღალი დონის რამაა. მე ჩემი კარიერა შევწყვიტე იმიტომ, რომ გავიგე, უფრო მეტის მიცემა შემეძლო ბავშვებისთვის, როგორც მწვრთნელს, ვიდრე როგორც მოცურავეს.

mshoblebi

- ზოგადად, რა არის ცურვის დანიშნულება, რატომ უნდა ვატაროთ ბავშვები ცურვაზე?

- ამ შეკითხვაზე შემიძლია ვისაუბრო მთელი დღე. ცურვა დისციპლინაა, მომზადება სამომავლო ცხოვრებისთვის. დასახული გაქვს მიზნები, რასაც უნდა მიაღწიო. ჩვენს დროს ბავშვები მთელი დღე ტელეფონებში არიან, ისინი რომ მოდიან აუზზე, ლაპარაკობენ, რომ ახალი თამაში გამოვიდა, მაგრამ მე ეგეთ რაღაცებზე არ ვალაპარაკებ. ჩემს ბოლო გუნდს ძალიან უბრალო მობილური ჰქონდა, არანაირი სმარტფონი. მობილური გჭირდება, რომ დაურეკო მშობელს, უთხრა გაგვიანდება თუ არა და როდის დაამთავრებ ვარჯიშს. აქ სწავლობენ ურთიერთობას , გუნდურ მუშაობას და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. ცურვამ შეიძლება ზიანიც მოგიტანოს, თუ არასწორად ისწავლი. შეიძლება რაღაც პრობლემები გამოჩნდეს ზურგიდან დაწყებული, ასთმით დამთავრებული. ასთმა თუ გაქვს, უნდა მიხვიდე აუცილებლად ცურვაზე და იცურო. იმიტომ, რომ ფილტვების კუნთი მაგრდება და აღარ გექნებათ სპაზმები. მაგრამ, თუ ძალიან ბევრი ქლორი ჩაყარეს აუზში, შეიძლება ამან უკუეფექტი გამოიწვიოს. ცურვის დროს მაგრდება ძვლები, უმჯობესდება სუნთქვა. წნევასა და წონაზე ძალიან კარგად მოქმედებს. შენ რომ ცურავ, კალორიებს წვავ, რა თქმა უნდა სწორი კვების თანხლებით. ამ დროს ტვინი ყველაზე კარგად მუშაობს. მთავარია გვახსოვდეს, რომ ცურვა არის სპორტი, რაც ყველას სჭირდება.

თამარ იაკობაშვილი

13770
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (12)
temuri
0
კალორიების შედარებაში ცოტა არასერიოზული და არაზუსტია სირბილი და ცურვის შედარება,საშუალო ტემპში სირბილისას კაი 800 კალორიამდე იწვება....
11:10 / 24-06-2019
გოჩა
0
ძალიან კარგი მწვრთნელია.ოლიმპიურ აუზში ასწავლის.მეთვითონ დამყავს ბავშვი .
09:34 / 23-06-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?