"9 აპრილსა და გუშინდელ მოვლენებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, ვერც შევადარებ" - როგორ აფასებს გუშინდელ მოვლენებს ლელა ვეფხვაძე
"9 აპრილსა და გუშინდელ მოვლენებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, ვერც შევადარებ" - როგორ აფასებს გუშინდელ მოვლენებს ლელა ვეფხვაძე
გუშინ საქართველოში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიმართა, რომელსაც რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვიც ესწრებოდა. ხალხის გაღიზიანება განსაკუთრებით იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდა და იქედან მიმართა შეკრებილებს. ამიტომ დაიგეგმა აქცია, რომელიც მოგვიანებით პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის  დაპირისპირებაში გადაიზარდა. უამრავი ადამიანი გუშინდელ ფაქტს 9 აპრილს ადარებს. ჩვენ 9 აპრილის გმირს, ლელა ვეფხვაძეს დავუკავშირდით და ვთხოვეთ პოზიციის დაფიქსირება.

- ვერანაირად ვერ შევადარებ. 9 აპრილის მოვლენებთან პარალელის გავლება არასწორია იმიტომ, რომ მაშინ ჩვენ ცოტა სხვა მიზანი გვქონდა. კი ბატონო,

ახლა რუსეთის წარმომადგენელი იყო ჩამოსული, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც გული აქვთ ანთებული, გამოიყენო შენი მიზნებისთვის და დაგეგმო აგრესიული შეტევა თუნდაც პარლამენტზე. ამ შემთხვევაში, ნაციონალურ მოძრაობას ვგულისხმობ. უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ადამიანებმა პარლამენტში შევარდნის გარეშე მშვიდობიანად გადავწყვიტოთ ეს ყველაფერი. იცით რატომ არ გავავლებ პარალელს? - ჩვენ მაშინ მშვიდობიანად ვიდექით და არა ასე. არ ვებრძოდით ჩვენივე მთავრობას, ფიზიკურად არავის ვუსწორდებოდით მიუხედავად იმისა, რომ არ მოგვწონდა კომუნისტები. ძალიან დიდი განსხვავებაა 9 აპრილსა და გუშინდელ მოვლენებს შორის.

- თქვენ რა პოზიცია გაქვთ გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით?

- ჩემთვის, როგორც ყველა ნორმალური ადამიანისთვის, გამაღიზიანებელია ამ დეპუტატის საქართველოში სტუმრობა. ეს არ უნდა დაეშვათ. ეს იყო საკმაოდ დიდი შეცდომა და

ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გავარკვიოთ მიზეზი, ვინ დაუშვა მისი აქ შემოსვლა და მერე პარლამენტში შეყვანა. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ეს დაუშვა. არ ვიცი, ეს გადადგომა იქნება თუ სხვა პასუხისმგებლობის დაკისრება, მაგრამ ის, რომ ახალგაზრდები, რომლებიც იქ იყვნენ, რომლებსაც მართლა გული უძგერდათ საართველოსთვის და შეურაცხმყოფელი იყო, არ შეიძლება გამოიყენო სხვა ამბიციისთვის. მე ვუსმენდი გუბაზ სანიკიძეს და ძალინ გული მწყდება, როცა ის მოუწოდებს ადამიანებს, "გადაუარეთ პოლიციელებსო", სად აქვს ჭკუა ამ კაცს და აქციის ორგანიზატორებს. როცა ახალგაზრდების ყოფნა-არყოფნაზე დგება საკითხი, ესენი ასე მარტივად როგორ თმობენ ამ ყველაფერს? არაფერი არ ღირს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ახალგაზრდების ფასად. ეს უნდა იცოდნენ მათ. პასუხი ნამდვილად უნდა აგოს ყველამ, ვინც ეს დაუშვა, მაგრამ ცალკეულმა ჯგუფებმა გამოიყენეს და მერე ფეხებზე დაიკიდეს ახალგაზრდები. სამწუხაროდ, დავინახე, რომ ყველა პარტიის წარმომადგენელი ფიქრობს, რა არის მისთვის უმჯობესი და არა ხალხისთვის.

- საკუთარი გამოცდილებიდან რომ გვითხრათ, რა განცდაა, როდესაც დგახართ აქციაზე და პოლიცია გესვრით რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს.

- მე არ ვარ ამ ხელისუფლების მომხრე, მაგრამ პოლიციას თავისი მოვალეობა აქვს. როდესაც გეგმავენ პარლამენტში შევარდნას, ლოგიკურია პოლიცია დაგეგმავდა მსგავს ნაბიჯებს. მე ვუყურებდი, როგორ ურტყამდნენ პოლიციელებსაც და ჩემთვის გულსატკენი იყო. 9 აპრილს მილიციამ ძალიან დიდი როლი შეასრულა. მე ვფიქრობ, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა თავად გამოიწვია მათი აგრესია. რა თქმა უნდა, უმრავლესობა, უდანაშაულო ადამიანები მოყვნენ ამ ყველაფერში. ვუყურებდი, როგორ სცემდნენ ჟურნალისტებს, წარმოუდგენელია ეს ფაქტი და არასწორია. მე მესმის ახალგაზრდების. ისინი გულანთებულნი არიან, შეურცხმყოფელი იყო და, რა თქმა უნდა, მათი პროტესტი იყო ლოგიკური და მისაღები. მე წასვლაში ხელი შვილიშვილის ცუდად ყოფნამ შემიშალა და მერე სიმართლე რომ გითხრათ, მოწოდება რომ დაიწყო ხელისუფლების აღებისკენ და ძალადობისკენ, თავი შევიკავე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვარ ამ ხელისუფლების მეხოტბე, მაგრამ ძალისმიერი მეთოდების მომხრე ვერასდროს ვიქნები. მშვიდობიანი აქციის შემთხვევაში, მეც იქ ვიქნებოდი. ვინც ორგანიზებას უკეთებდა ამ აქციას, უნდა ეფიქრა, რომ ბავშვებს კარგი არაფერი დაადგებოდათ. 9 აპრილს ჩვენ მშვიდობიანი აქცია გვქონდა და არავის ჩამოგდებას არ ვითხოვდით. მე ძალიან მიყვარს ახალგაზრდები და თუ სწორი მიმართულება ექნება მათ მოძრაობას, რეალური ძალა იქნება. ერთმანეთის გამოყენებით არაფერი არ გამოვა. თუ ერთმანეთს დავჭამთ, ამით მხოლოდ მტერი ისარგებლებს. ერთმანეთს არ უნდა დავერიოთ. ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს იმ მიზნისთვის, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორიც ეკადრება.

თამარ იაკობაშვილი

alt"სამწუხაროდ, ჩემი შვილის ცხოვრება არ გაგრძელდა ისე, როგორც მეგონა...“ - როგორ ცხოვრობს 9 აპრილის გმირი ლელა ვეფხვაძე


1010
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
nato
2
სჰენ ტუ არ ენდობი მე ვენდობი,სახელმციფომ ტავი კოველტვის უნდა დაიცვას ადვეკატურად მოიკცა პოლიცია.
01:31 / 22-06-2019
ety alon
3
არ ვემხრობი ამ კალის მობოდვებს ცხადია კოცების მომხრეა
20:03 / 21-06-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი