„გუშინდელი აქციის შემდეგ თუ ვინმეს სჭირდება ჩემი დახმარება, პლასტიკური ნაკერების დროულად დადება ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც მე შემიძლია, ჩემი კლინიკა მზად არის, მიიღოს ასეთი პაციენტები, რა თქმა უნდა, რიგის გარეშე და უსასყიდლოდ!“ - ეს იყო პლასტიკური ქირურგის კონსტანტინე სულამანიძის განცხადება, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.
კონსტანტინე სულამანიძე 1987 წელს დაიბადა თბილისში. 1990-იანი წლების შემდეგ მოსკოვში აღმოჩნდა, სადაც ჯერ სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი ი.მ. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემია.
2005 წლიდან მუშაობს პლასტიკურ, რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ ქირურგად თბილისსა და მოსკოვში. არის სასწავლო კურსებისა და საჩვენებელი ოპერაციების ორგანიზატორი, კონგრესებისა და სიმპოზიუმების აქტიური მონაწილე.
ექიმ მარლენ და გიორგი სულამანიძეებთან ერთად, არის აპტოს ძაფებისა და მეთოდების იდეის ავტორად. 2015 წელს, პარიზში, ესთეტიკის სფეროში საერთაშორისო კონგრესის AMEC 2015-ის ფარგლებში დასახელდა საუკეთესო სპეციალისტად და გადაეცა ნომინაცია “Best treatment” 2015-2016.
ჰყავს მეუღლე ესმა ჯოპუა, რომელიც მისი კოლეგაა და აქტიურად უდგას გვერდში მეუღლეს.
გთავაზობთ მცირე ამონარიდს კონსტანტინეს ინტერვიუდან:
- ისე აღმოჩნდა, რომ ჩემს ოჯახში პრაქტიკულად ყველა ექიმია. არა მხოლოდ მამა, დედა, ძმა, არამედ ბებიები, ბაბუები, ბიძაშვილები და ა.შ. 12 წლიდან დამატარებდნენ კონფერენციებზე და ბევრ ცნობილ ქირურგს ბავშვობიდან ვიცნობდი. ამ გარემოცვამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და არავისი დარწმუნება არ დამჭირვებია, თავად გადავწყვიტე ექიმობა.
- იყო პერიოდი, ფართო პროფილის ქირურგობა მინდოდა, მაგრამ პლასტიკურმა ქირურგიამ გადაწონა ბოლოს. პირველი ოპერაცია ჩემს ცხოვრებაში, იყო 14 წლის ასაკში, როცა მამამ რინოპლასტიკაზე შემიყვანა. რამდენიმე კვირა შოკში ვიყავი, ჩაქუჩების და მტვრევის ხმა მესიზმრებოდა კიდეც. მაგრამ საბოლოოდ მაინც ეს სფერო ავირჩიე.
- 90-იანი წლების დასაწყისში, როცა მოსკოვში გადმოვედით საცხოვრებლად, აქ შევედი სკოლაში, აქვე დავამთავრე უნივერსიტეტი, ალბათ აქვე გავაგრძელებდი ცხოვრებას და მუშაობას, მაგრამ ბედი ჩაერია - გოგონა შემიყვარდა, ცოლად მოვიყვანე და საქართველოში გადავედი. 2007 წლიდან გავხსენით კლინიკა, რომელშიც ძალიან ბევრ დროს ვატარებთ. ჩემი ოჯახის ყველა წევრი ამ ორ ქალაქში ცხოვრობს, მამაჩემიც კი, 70 წლის ასაკში, რეგულარულად მოგზაურობს.