ირინა სარიშვილმა აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს შემდეგი ტექსტით მიმართა სოციალური ქსელიდან:
"მივმართავ დღევანდელი აქციაზე მყოფ ახალგაზრდობას!
ვიცი, რომ კითხულობთ ყველა პოსტს, რაც შექმნილ მდგომარეობას ეხება და უმორჩილესად გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ის რასაც ეხლა გეტყვით.
ასი თავით მაღლა დგახართ ჩვენზე – წინა თაობაზე, ათასჯერ უფრო ჭკვიანები, მოხერხებულები და რაც მთავარია, ნამდვილები ხართ! სწორედ ამიტომ ზუსტად ვიცი, გაიგებთ რასაც ეხლა გირჩევთ:
როგორც არ უნდა არ გინდოდეთ თქვენ პოლიტიკასთან კავშირი, მოთხოვნები, რომლებსაც თქვენ აყენებთ პოლიტიკურია და ამ საქმის ბოლომდე მიყვანას პოლიტიკური ორგანიზება ჭირდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენთვის დღეს არსებული არცერთი პარტია მისაღები არ არის, როგორც პრაგმატიკოსებმა, და თქვენ პრაგმატიკოსები ხართ, შექმნილი რეალობა უნდა გაითვალისწინოთ და ჩართოთ აქციაში პოლიტიკური ოპოზიცია. როგორც ექიმის არსებობაა აუცილებელი, როგორც არ უნდა გვძულდეს ჩვენ ავად ყოფნა, ისე პოლიტიკური ორგანიზების გარეშე არაფერი გამოვა.
კარგად დაფიქრდით რასაც გეუბნებით – ჩათვალეთ რომ მეც ჩემი შვილებით ერთ–ერთი თქვენგანი ვარ და ამას როგორც პოლიტიკოსი არ გწერთ რადგან ჩემს ჩართვაზე არაა საუბარი.
თქვენ დღესაც და მომავალშიც აუცილებლად მოგიწევთ არჩევანის გაკეთება პოლიტიკოსებს შორის არჩევნებზე – სხვანაირად თქვენს პოზიციებს და მოსაზრებებს ვერ გაიტანთ საზოგადოებაში, ზოგმა თქვენგანმა შეიძლება თავადაც იყაროს კენჭი – აბა ისე ახალი თაობა როგორ შეცვლის ძველს?
გთხოვთ დაფიქრდით – თუ არ გინდათ რომ ამხელა ძალისხმევა, ამხელა მუხტი მხიარულ კრებად გადაიქცეს და მიზანს მიაღწიოთ – მარტო თქვენ არა – ჩვენ ყველამ ერთად, ამ აქციას თქვენთან ერთად პოლიტიკური ორგანიზება ჭირდება და ამაში ცუდი არაფერი არ არის – სხვანაირად უბრალოდ არაფერი გამოვა.
დიდი იმედი მაქვს რომ სწორად გაიგებთ რას და რატომ გწერთ ღამის 2 საათზე იმ აქციის მონაწილეებს, სადაც თქვენი ტოლი ჩემი შვილები არიან ამ წუთებში თქვენს გვერდით!
დიდი იმედით და სიყვარულით თქვენი თანატოლების დედა
ირინა სარიშვილი".