რომში სამოგზაუროდ წასული ბებია და შვილიშვილი საზღვარზე არ შეუშვეს და უკვე რამდენიმე დღეა აეროპორტში, მძიმე პირობებში უწევთ დარჩენა. დეტალებზე შვილი, ანანო ჭიქაბერიძე საუბრობს:
-ჩემი შვილი და დედა, ტურისტულად, 4 დღით მიდიოდნენ ქუთაისიდან რომში. 23-ში წავიდნენ. დედაჩემი ხშირად მოგზაურობს. საქართველოში შეამოწმეს და არავის არაფერი უთქვამს. რომ ჩავიდნენ რომში საზღვარზე აღმოაჩნდა პრობლემა. 90 დღიანი უვიზოდ მიმოსვლის ვადა გამოყენებული ჰქონდა. არც მიგვიქცევია ყურადღება აქ იმიტომ, რომ სულ მიდიოდა 4 დღით. არ შეუშვეს საზღვარზე, უთხრეს, რომ მხოლოდ ბავშვს ჰქონდა უფლება გადასვლის, მაგრამ მას ვინ გაუშვებდა მარტო, 9 წლისაა. მოაბრუნეს, აეროპორტში, ნეიტრალურ ზონაშია. ჩამოართვეს პასპორტი, საბუთები, აბსოლუტურად ყველაფერი გუშინ წინ, შუადღეს. მის მერე, იტალიის მხრიდან, არავინ მისულა. საკონსულოდან გავარკვიე, რომ აბრუნებენ უკან, მაგრამ რადგან ვიზიარით ჩაფრინდა, ისევ იმით უნდა გადმოაფრინონ უკან, რომლის რეისიც 27 ივნისს, საღამოსაა. 23-დან 27-მდე 5 დღეა, არანაირი პირობა არ აქვთ, სკამზე სძინავთ, კონდენციონერია ჩართული 24 საათი. გაყინულები არიან, დედაჩემს უკვე სერიოზული ცისტიტი აქვს იმიტომ, რომ გაცივდა. გუშინ დილით მიუტანეს ერთი სენდვიჩი და ერთი ბოთლი წყალი, მეტი არაფერი. საჭმლის პრობლემა არ არის იმიტომ, რომ ფული აქვს, მაგრამ ტანსაცმელს, წინდებსა და პლედს ვერ ყიდულობენ იმიტომ, რომ პასპორტი ჩამოართვეს. უკან მიდიოდნენ სტამბულში, ბილეთი აქვს, მაგრამ არ გაუტარეს. დღევანდელი ბილეთი უნდა იყოსო და ამას 27-ის აქვს. დავრეკეთ საკონსულოში, ვთხოვე, რომ როგორმე მიექციათ ყურადღება. ვისაც აქედან ვესაუბრები საკონსულოში, გუშინ დაურეკა დედაჩემს და სთხოვა იქედან ვინმე დაელაპარაკებინა, დამლაგებელი ან დაცვის თანამშრომელი. ტელეფონს არავინ კიდებს ხელს. ნეიტრალური ზონიდან ვერ გადიან და ვერც სასტუმროში შედიან. დედაჩემმაც სთხოვა დამლაგებელს, დაცვას, რომ პლედი მიეცათ, მაგრამ არ მისცეს. მესამე დღეა უკვე ასეთ მდგომაეობაში არიან. მეორე ვარიანტი შემომთავაზეს, რომ ბილეთები ვიყიდოთ ჩვენი ხარჯით. 23-ში რომ მეყიდა ახალი ბილეთები, უნდა გადამეხადა 700 ევრო. ფრენა იყო 24-ში. 20 საათიანი ტრანზიტი იყო სტამბულში და საქართველოში იქნებოდა 25-ში. დედაჩემმა გადაწყვიტა, რომ 700 ევროს გადახდა არ ღირს იმის გამო, რომ ერთი დღით ადრე ჩამოვიდეს საქართველოში. რა მნიშვნელობა აქვს 20 საათი რომში იჯდება თუ სტამბულში, მაინც უნდა იჯდეს აეროპორტში.
ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, არც საწოლი მოგვითხოვია ვინმესთვის, არც საჭმელი, არც ექიმი- არაფერი. ვითხოვეთ პლედი, რომ ბავშვმა შემოიფროს და იყოს თბილად. სხვას არაფერს ვითხოვთ იმიტომ, რომ ასე თუ ისე, დედაჩემის შეცდომაა, რომ ვერ დაითვალა ის დღეები და 2 თუ 3 დღე დააკლდა.