ნინი გოგიჩაიშვილი პოპულარული ოჯახის შვილია, თუმცა, ცდილობს, წარმატებას ნებისმიერ საქმეში მხოლოდ საკუთარი ძალებით მიაღწიოს. ნინი მოდელი და ტელეწამყვანია, თუმცა, სატელევიზიო საქმიანობას დროებით ჩამოშორდა და ახლა მისი მთავარი მიზანი "მის მსოფლიოს" სილამაზის კონკურსია, სადაც საქართველოს წარადგენს. "მის მსოფლიო" წელს ტაილანდში ჩატარდება. როგორ ემზადება ნინი საპასუხისმგებლო კონკურსისთვის, ამას მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.
ვიკვებები ჯანსაღად. გენეტიკაც მიწყობს ხელს და ჭამაც მიყვარს, მაგრამ ჩვენი გარემო ისეთი დაბინძურებულია, საკუთარ ჯანმრთელობას შიგნიდანაც უნდა შევუწყოთ ხელი და ამიტომ მუდმივად სწორად ვიკვებები. "მის მსოფლიოზე" დიდი ყურადღება ექცევა საქველმოქმედო პროექტებს, ორი პროექტი განვახორციელე, ახლა მესამეს ვგეგმავ. დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ყველა კომპანიას, რომელიც ყოველთვის სიამოვნებით ერთვება საქველმოქმედო პროექტებში.
პირველი პროექტის ფარგლებში იაშვილის კლინიკის ბავშვებს შევხვდი და საჩუქრები მივუტანეთ. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე მაჩუქეს ამ ბავშვებმა. უცნაურია, მაგრამ იქ არ ტრიალებს სევდა. ჩემთვის მათი ტკივილი ძალიან ახლობელია, რადგან ჩემს ოჯახშიც არის ეს პრობლემა.
რაც შეეხება მეორე პროექტს, "ჯი აი ჯი"-თან ერთად ვიყავი ბარისახოს და მაღაროს კარის მაღალმთიან სოფლებში. ამ კომპანიის მეშვეობით, იქ მცხოვრებ ბავშვებს ყველაფერი მივუტანეთ და გავუკეთეთ, რაც კარგი განათლებისთვის სჭირდებათ.
იქ ასევე იყო ერთი გოგონა, რომელსაც მოსწონს მზარეულობა და მასაც ყველაფერი ჩავუტანეთ, რაც დაეხმარება მისი საყვარელი საქმის გაკეთებაში. რაც შეეხება მესამე პროექტს, ჯერჯერობით ვერ გავამხელ. მგონია, რომ დედამიწას სიკეთე ატრიალებს და ადამიანები ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ.
"მე იქ ცუდად გავხდი, ექიმები გამწვანებულები მიყურებდნენ" - გიორგი გოგიჩაიშვილი მძიმე სენთან ბრძოლის შესახებ