78 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი რეჟისორი, დრამატურგი, თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი სანდრო მრევლიშვილი. ამ ტრაგიკულ ამბავს, რეჟისორის გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში მეორე უბედურება მოჰყვა - გულის შეტევით სანდრო მრევლიშვილის მეუღლე, მანანა ჭელიძე გარდაიცვალა.
სანდრო მრევლიშვილის მიერ დაარსებული თეატრის "რუსთაველის 19"-ის მსახიობი სოფო მეძმარიაშვილი ემოციური პოსტით ემშვიდობება მასწავლებელსა და მის მეუღლეს:
"მინდა სევდიანი მაგრამ საოცარი ისტორია მოგიყვეთ სიყვარულზე... ალბათ წიგნში თუ წაგიკითხავთ ან ფილმში გინახავთ მსგავსი სიყვარული, სიყვარული, რომელიც გაცოცხლებს და გკლავს, გრძნობა, რომელიც ძალიან მდიდარია ემოციებით და გრძნობა, რომელიც ყველას არ შეუძლია, მითუმეტეს ისე, როგორც ეს ქალბატონმა მანანამ შეძლო! სულ ამბობდა სანდროს გარეშე ვერ ვიცოცხლებო, ხოდა ვერ იცოცხლა!!! 10 წუთიც ვერ გაძლო... დარწმუნებული ვარ ახლა ისევ ერთად ხართ, ისევ ისე გიყვართ ერთმანეთი! მიყვარხართ მე თქვენ!
AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ოჯახის ახლობლები, თეატრალები ბატონ სანდროს და ქალბატონ მანანას იხსენებენ და ამბობენ, რომ ეს არის ტრაგედია, რომელსაც საოცარი რომანტიზმი ახლავს...
ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე:
- თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი იყო, სამსახიობო ოსტატობის ხელოვნებასაც ასწავლიდა და სულ ქმნიდა თეატრებს... მას ასეც ეძახდნენ - ქართული თეატრის დონ კიხოტს. ქართულმა თეატრმა კიდევ ერთი ფერი დაკარგა...
სანდრო მრევლიშვილი ქართულ თეატრში საინტერესო რეჟისორი გახლდათ, ასეთივე პროექტები ჰქონდა განხორციელებული. მენეჯერული თვალსაზრისითაც მუდმივად ჰქონდა დაუოკებელი სურვილი, რომ ახალი თეატრები ("მეტეხის", "ძველი სახლი" "გლობუსი", "რუსთაველის 19") შეექმნა, ახალგაზრდებთან ემუშავა, ბევრი ნიჭიერი ადამიანის გზის გამკვალავი და აღმზრდელია, მათ შორისაა სამი თანამედროვე თეატრის რეჟისორი: სოსო ნემსაძე, ვანო ხუციშვილი, ნიკოლოზ საბაშვილი. ისინი ბატონი სანდროს სტუდენტები იყვნენ.
რაც შეხება ქალბატონი მანანას გარდაცვალებას, გასაგიჟებელი ამბავია, მხოლოდ ფილმებსა და წიგნებში გვინახავს ასეთი. მართლა დიდი უბედურებაა, როცა რაღაც წუთების ინტერვალით ცოლი ქმარს მიჰყვება. როგორი სიყვარული და როგორი ურთიერთპატივისცემაა... ყოველთვის ვგრძნობდი ქალბატონი მანანას კეთილგანწყობას და სულ მიდასტურებდა თავის დიდ სიყვარულს. მასთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა, არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო, რომელსაც ბევრი ჰქონდა გაკეთებული სანდრო მრევლიშვილის შემოქმედებაში. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ ამბავს...