"ჩემი შვილი 13 წლისაა და მისაყვედურა... ახალგაზრდებს ჩემი დამოკიდებულების გამო, ბოდიშსაც მოვუხდი" - ბაია დვალიშვილი - მშობლები

"ჩემი შვილი 13 წლისაა და მისაყვედურა... ახალგაზრდებს ჩემი დამოკიდებულების გამო, ბოდიშსაც მოვუხდი" - ბაია დვალიშვილი

2019-06-27 06:20:22+04:00

მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა, დიდ მღელვარებაშია ჩართული, ძნელია შვილს უთხრა, „არ წახვიდე აქციაზე, იმიტომ რომ იქ გესვრიან“, თუმცა ასევე რთული მოუწოდო და გაუშვა შვილი იქ, სადაც იცი, რომ საფრთხეა. ასეთ სიტუაციებში განსაკუთრებით რთულია მშობლის ხვედრი... ამ თემაზე სასაუბროდ ბაია დვალიშვილს მივმართეთ და მიმდინარე მოვლენების შეფასებაც ვთხოვეთ.

- როცა ხედავ, შენი შვილი ქვეყნის, თავისუფლების სადარაჯოზე დგას, უნდა ადგე და შენც გაყვე, შენც მასთან უნდა იყო, ესაა გამოსავალი ასეთ სიტუაციაში. ახალგაზრდებმა აიღეს ხელში სადავეები, დიახ, მათ უნდა გადაიბარონ ქვეყანა, ამისთვის კი წვლილიც უნდა ჰქონდეთ შეტანილი მის აღმშენებლობაში, თუ თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩემი შვილი ჯერ პატარაა, 13 წლის არ არის. ერთ-ერთ საღამოს, როცა დილიდან გასული სახლში 7 საათზე ძალიან დაღლილი დავბრუნდი, მისაყვედურა, რატომ არ ხარ აქციაზეო. ძალიან დაღლილი ვიყავი და ფიზიკურად ვერ წავედი-მეთქი, ავუხსენი, თორემ ჩემი მეუღლე და მისი მეგობარი ახლაც იქ არიან და მეც ვაპირებ წასვლას. დღეს, საჭიროა ყველა ერთად იდგეს, ჩემი თაობაც, უფროსებიც და ახალგაზრდებიც.

- სამწუხაროდ, ყველა თაობის წარმომადგნელებს სხვადასხვა დროს მაინც უწევდათ და უწევთ პარლამენტის წინ შეკრება...

- საუბედუროდ, ასეა, იმიტომ რომ ჩვენმა თაობამ და მთავრობამ ბოლომდე ვერ მიიყვანა ის, რაც გასაკეთებელი იყო, შედეგად დღესაც იგივე პრობლემების წინაშე ვდგავართ და უკვე ჩვენი შვილების თაობას უწევს ბრძოლა.

- რა არის გამოსავალი, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ შვილებს მაინც აღარ მოუხდეთ მიტინგებზე გამოსვლა?

- ის, რასაც ახლა ვაპროტესტებთ ყველა ერთად, ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს მივუყრუეთ ყური, მთავრობას ძალიან ბევრი რამ გაუვიდა, ამის ფონზე სიმართლე გითხრათ, იმედიც არ მქონდა, რომ ახალგაზრობა ოდესმე რაიმეს გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდოდა, იმიტო რომ ვფიქრობდი, ნიჰილისტები არიან, საკუთარი ინტერესები აქვთ და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ-თქო, მაგრამ მოხდა ის, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანს - თავისუფლებას შეეხნენ და გამოვიდნენ ქუჩაში. თუ საშუალება მომეცემა, ახალგაზრდებს ჩემი დამოკიდებულების გამო, ბოდიშსაც მოვუხდი. ახლა როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე დაიწყეს, ბოლომდე უნდა მიიყვანონ და ჩვენ უფროსმა თაობამ ზურგი უნდა გავუმაგროთ, რომ ეს ყველაფერი არ გადაიზაროს პერმანენტულ მიტინგობაში. ახლა უნდა შესრულდეს მოთხოვნები, უნდა იდგეს ხალხი რუსთაველზე, გაჩერება არაფრით არ შეიძლება.

- რამდენად ელოდით აქციის მონაწილეების დარბევას?

- ნამდვილად არ მეგონა, თუ ასე მოხდებოდა. ყველგან იმართება მიტინგი, ხდება დარბევებიც, მომიტინგეები ამტვრევენ ვიტრინებს, მაღაზიებს, მანქანებს და ა.შ. თუ სამოქალაქო ომს არ ჩავთვლით, ქართველები ამას ასეთი მასშტაბებით არასდროს აკეთებენ, ამის კულტურა ყოველთვის იყო ჩვენს ერში. რაც შეეხება დარბევას, უნდა გამოარკვიონ, ვინ ან რა მიზნით შეიძინა ის ტყვიები, რომელიც ცხოველისთვისაა განკუთვნილი? ვის ავადმყოფ თავში დაიბადა და შემდეგ განხორციელდა იდეა, რომ დათვის, ხარის და გარეული პირუტყვის შესაჩერებელი ტყვიები ადამიანების წინააღმდეგ გამოეყენებინათ. ეს ხომ ვიღაცამ თავდაცვის მიზნით შეიძინა? რაში დასჭირდა, ესაა გამოსაძიებელი. იმ წვრილი შავი ტყვიების დამიზნებით სროლაც არ შეიძლება, ის უნდა ესროლო ფეხებში, ან ისროლო მიწაზე, ასხლეტვის შედეგად კი იწვევს ტკივილს, მაგრამ არ აზიანებს ადამიანს და ნაკლებად მტკივნეულია. კი ბატონო, აქციის დასაშლელად ასევე შესაძლებელია წყლის ჭავლის გამოყენება, მაგრამ ტყვიები, რომლის გამოც კომაშია ხალხი, ვინ შეიძინა? არავინ არ დასვა ეს კითხვა? არადა სწორედ ის კაცია დასასჯელი, ვინც შემოიტანა თავდაცვის გამო. პოლიცია რომ გაამაგრებდა პარლმენტის შენობას, ეს ხომ ისედაც ვიცოდით, მათი სამსახური და მოვალეობაა ეს, მაგრამ მომიტინგეების დევნა, დამიზნებით სროლა, ეს რა არის? ვინც არ უნდა გიბრძანოს, ეს როგორ უნდა შეასრულო?

- როგორ ფიქრობთ, ამ მოვლენების შემდეგ საზოგადოების, პოლიციის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა?

- ეს ინსტიტუტი დიდი ხანია შელახულია, იქ დიდი ხანია გაჩნდნენ ღიპიანი, გაუგებარი ასაკის თანამშრომლები, რომლებიც შეიძლება ქუჩიდან მივიდნენ, შეიძლება ციხიდან დაბრუნდნენ იქ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დაკავებულ კაცს აფურთხებენ და პანღურს ურტყამენ? ამას რომელი ქვეყნის პოლიცია აკეთებს? ყველა ასეთი თანამშრომელი უნდა მოხსნა სამსახურიდან. აშავებს? დაიჭირე. წინააღმდეგობა გაგიწია?? ხელები ამოუტრიალე, წაიყვანე, დასაჯე. უკან რომ მისდევ და პანღურს ურტყამ და აფურთხებ, ეს უკვე მის პიროვნულ არაკაცობაზე მეტყველებს და რა თქმა უნდა, ეს არის შეურაცხყოფა პოლიციის, პროფესიის, ინსტიტუტის და სამსახურის. სამწუხაროა, რომ დღეს ასეთი კადრები მომრავლდა პოლიციაში. შესაბამისია ხალხის დამოკიდებულებაც. იმედია, ამ აქციებით მიზანი მიღწეული იქნება. თუმცა, როცა საქმეში დიდი ფულია, რთულდება მიზნის მიღწევა, მით უმეტეს, როცა გაჭირვებულ ქვეყანას ეხება საქმე. გაჭირვებულ ქვეყანაში ფულით მანიპულირება ჭრის, ვნახოთ, როდემდე გაჭრის?!

ციცი ომანიძე