სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბავშვებს ერთ-ერთ საბავშვო ცენტრში სათამაშოს გამო შელაპარაკება მოუვიდათ და ერთ-ერთი ბავშვის ბებიამ ამის გამო პატრულში დარეკა.
"დღეს ეს 6 წლის ყმაწვილი დააპატიმრეს და თითქმის 3 საათი დაჰყო შსს-ს მთავარ სამმართველოში. მას შელაპარაკება მოუვიდა 2 წლით უმცროს (უცნობ) ბავშვთან (ლაბირინთში შეძრომა ვერ გაიყვეს), რის გამოც უცნობის ბებიამ უჩივლა პატარა მამუკას, გამოიძახა პატრული და დააჭერინა. ინციდენტში მონაწილე პირები საპატრულო პოლიციამ საბურთალოდან სამგორის მთავარ სამმართველოში გადაიყვანა.
ეს კია კომედია და პატრულის ეკიპაჟსაც დიდი მადლობა, რომ ბავშვს ისე გაუმასპინძლდნენ, რომ გამოვიდა დაკითხვიდან მეგობრად მოიხსენიებდა მათ, მაგრამ აი ასე გვესმის ქართველებს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და უფლებების დაცვა რომ შეგვიძლია, 6 წლის ბავშვს ვუჩივლოთ და განყოფილება-განყოფილება ვათრიოთ"- წერს ჟურნალისტი ბესო მახარაშვილი, რომელსაც გასართობად მეგობრის შვილი ჰყავდა წაყვანილი.
ის ჩვენთან საუბრისას ამბობს:
- პატრულის ქცევით სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, რადგან ძალიან კარგად მოექცნენ ბავშვებს, მაგრამ გაოგნებული ვარ ქალბატონის საქციელით, რომ იკადრა, დარეკა და ისტერიულად ითხოვდა განცხადების დაწერას. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ადმინისტრაციაც, რომელმაც სიტუაციის განმუხტვისთვის ყველაფერი გააკეთა და ბავშვები დაასაჩუქრა, მაგრამ ბებია არ გაჩერდა. ძალიან მეშინოდა ბავშვი არ დასტრესილიყო, მაგრამ ისეთი ბედნიერი გამოვიდა, მთელი დღე "პატრული ბიძიებზე" ლაპარაკობდა, რომ ახალი მეგობრები ჰყავს და თვითონაც უნდა, რომ პატრული გამოვიდეს.
პოლიციის შენობაში ბავშვები უფროსებთან ერთად აღმოჩნდნენ, 3 საათის შემდეგ კი გამოუშვეს.
პატარა მაქსიკომ ხმაურით მეზობელი შეაწუხა და ამის გამო პატრული გამოძახეს