ცნობილი ტელეწამყვანი, ყველასთვის საყვარელი ადამიანი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სტუდია "ბასტი-ბუბუს" ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ სხვიტარიძე წერს.
"წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა. გოგიჩა გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს" - ნათქვამია პოსტში.
გიორგი გოგიჩაიშვილი ბოლო წლებში სიმსივნეს ებრძოდა. ის 51 წლის იყო. მას და მის მეუღლეს, ჟურნალისტ ნათია ბანძელაძეს 2 ქალიშვილი ჰყავთ.
"ჩემს და ჩემი მეუღლის მშობლებს ძალინ დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი შვილების აღზრდაში, დიდი საქმე გაგვიკეთეს და შეიძლება ითქვას, რომ ბებია-ბაბუებმა აღზარდეს ჩვენი შვილები, რაც დიდი ბედნიერებაა. დღესაც, ჩემს სახლში სამი თაობა ერთად ვცხოვრობთ. მთელი ცხოვრებაა ვმუშაობ და შემეძლო, ცალკე მეცხოვრა, მაგრამ მერჩივნა სამი თაობა ერთად ვყოფილიყავით, ეს სხვა სითბო და სხვა ტრადიციაა, სხვათა შორის არც ჩემს შვილებს არ უნდათ ცალკე გასვლა" - აღნიშნა გოგიჩამ ჩვენი საიტისთვის მიცემულ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.
" შემეძლო ცალკე მეცხოვრა, მაგრამ ერთად ყოფნა ვარჩიეთ" - გოგიჩა ოჯახსა და ულამაზეს ქალიშვილებზე