ქუთაისის საკრებულოს “ქართული ოცნების” უკვე ყოფილმა დეპუტატმა, ნანა კოსტავამ ლაგოდეხში, გურგენიანის ჩანჩქერზე უბედური შემთხვევის დროს დაღუპული 16 წლის სოფი ბერძენიშვილის დედას მისწერა და პატიება სთხოვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გოგონას დედამ, ლანა ნიკოლაიშვილმა დაწერა:
"სიტყვა, რომელიც ჩემს სოფის მივეცი, სწორედ ორმოცი დღის გასვლის შემდეგ უნდა შემესრულებინა.
დღეს ეს და მსგავსი რამდენიმე წერილი მივიღე ქალისგან, რომელმაც გამანადგურა ისეც გაუბედურებული. რა ვქნა? იქნებ ბოლომდე არც მჯერა მე ამ სიტყვების, მაგრამ ხომ არსებობს მეორე ნახევარი იმისა, რომ ნამდვილი იყოს ეს სინანული?
ჰოდა, ჩემი შვილის უმანკო სულს უმადლოდე, ნანა კოსტავა, შენს ცოდვილ სულსა და სხეულს თუ ვტოვებ ამ მიწაზე...
ძნელია დაიჯერო ეს ყველაფერი, იმ მიზეზით, რომ გარკვეული დროის მერე მახსოვს წერდა, ისევ იმასვე გავიმეორებ, თუ დამჭირდებაო.
არ ვიცი, რა უტრიალებს თავში ამ ადამიანს თუ არაადამიანს, მაგრამ მე მაქვს ჩემი სინდისი და ეს მავალდებულებს, როცა პატიებას გთხოვენ (სულ ერთია, გულწრფელს თუ თავდაცვის მიზნით თუ ხალხის თვალში გასაპრავებელ-ასამაღლებელს), თუ არ აპატიებ, დაინდო მაინც...
p.s. მახსოვს, ყოფილმა ქმარმა მიტევების დღეს სმს-ით პატიება მთხოვა... და იცით რას მივხვდი? ჩემი განცდა, ჩემი ტკივილი სულ ცალ ფეხზე ეკიდა, იგი თავისი დამპალი სულის გადასარჩენად დგამდა ამ ნაბიჯს... ჰოდა,ახლა რაღაც მსგავსი დამეუფლა”.
ინფორმაციისთვის, ნანა კოსტავას მიმართ საზოგადოების და გარდაცვლილი გოგონას ოჯახის პროტესტი მოჰყვა მის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ გარდაცვლილი გოგონას დის, სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.
მერი ბლიაძე