სწავლა, სამსახური, ოჯახი, პოლიტიკა, გადასახადები... ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე ეს ყველაფერი პირდაპირ მოქმედებს და ხშირად, სტრესის გამომწვევი მიზეზიც ხდება. თანამედროვე ცხოვრებაში სტრესი ჩვეულებრივი მოვლენაა, რომლის ფონზეც კარიერულ და პირად ცხოვრებაშიც არაერთ შეცდომას ვუშვებთ: ჩვენს საყვარელ ადამიანებს გულს ვტკენთ, სამსახურში კოლეგებთან თუ უფროსებთან რამე ისეთი წამოგვცდება ხოლმე, რაც არ უნდა გვეთქვა... რადგან ეს სიტუაციები ყველასთვის ნაცნობია, ჩნდება კითხვა: როგორ დავაღწიოთ თავი სტრესს?
სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებად წამყვანი ფსიქოლოგები გასაფერადებლებს მიიჩნევენ, ამიტომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე აპრობირებული მეთოდია ნახატებიანი წიგნების გამოცემა, რომლებიც როგორც ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ისე უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.
სწორედ ასეთი გასაფერადებლების წიგნის „შემავსე-გამაფერადე შენ მე“ პრეზენტაცია შედგება ხვალ, 9 ივლისს 19:00–ზე ბიბლუსი გალერეაში (კანდელაკის 7). წიგნში სოფო გორგიჯანიძის გრაფიკული ნახატებია მოცემული, რომლებიც ავტორმა გასაფერადებლებად აქცია. აღსანიშნავია, რომ ესაა პირველი გამოცემა, როდესაც ამგვარ წიგნში გამოყენებულ ნახატებს რეალური ავტორი ჰყავს. მისი თქმით, წიგნზე მუშაობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა: „განსაკუთრებით საინტერესოა გვერდი, სადაც წიგნის მფლობელს შეუძლია გამოხატოს თავისი შინაგანი სამყაროს მდგომარეობა, ხასიათი, განცდები და სურვილები. რა თქმა უნდა ეს არაა ერთჯერადი პროექტი. უკვე დავიწყეთ მეორე წიგნზე მუშაობა, რომლის მთავარი თემაც ქართული ანბანი იქნება, გამოვლენილი ყველა იმ თავისებურებით, რაც განსაკუთრებით საინტერესოსა და გამორჩეულს ხდის ჩვენს ანბანს,“ – აღნიშნა წიგნის ავტორმა.
შეგახსენებთ, წიგნის "შემავსე-გამაფერადე შენ მე" პრეზენტაცია 9 ივლისს 19:00–ზე ბიბლუსი გალერეაში (კანდელაკის 7) შედგება.
წიგნს წარადგენენ: ფსიქოლოგი ლიკა თუშიშვილი, მხატვარი ეკა კაკაბაძე და ხელოვნებათმცოდნედალი გოგორიშვილი.