"ამაზონის" დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი 26-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა ცოლს. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა არა მხოლოდ ოჯახი შექმნა ამ ქალბატონთან ერთად, არამედ თავისი ბიზნესიც მასთან ერთად ააწყო.
მათ ერთმანეთი 1993 წელს გაიცნეს - ერთსა და იმავე საინვესტიციო ფირმაში მუშაობდნენ და მალევე იქორწინეს. სწორედ მაკენზიმ დაარწმუნა ქმარი, რომ მიეტოვებინა სამსახური და საკუთარი ბიზნესი წამოეწყო. ის იყო პირველი თანამშრომელიც "ამაზონში", რომლის კაპიტალიზაცია დღეს 1 ტრილიარდ დოლარს აჭარბებს.
ერთად ცხოვრების პერიოდში წყვილს 4 შვილი გაუჩნდა: სამი ღვიძლი ვაჟი და ერთიც ჩინეთიდან ნაშვილები გოგონა.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონება 120-დან 150 მლრდ დოლარამდეა შეფასებული, განქორწინებაც ძვირად ღირებული იქნება. მაკენზი კომპანიის აქციების 4%-ს მიიღებს, რაც დაახლოებით 38 მლრდ დოლარია. ის ავტომატურად გახდება მსოფლიოს 22-ე ყველაზე მდიდარი ადამიანი და მესამე ადგილს დაიკავებს უმდიდრეს ქალთა რეიტინგში.
საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ მაისში მაკენზიმ პირობა დადო, რომ შემოსავლების ნახევარს ქველმოქმედებას მოახმარს. ეს დაახლოებით 18 მლრდ დოლარია. მაკენზი იმავე საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრია, რომელშიც არიან გაწევრებული ბილ გეიტსი და მარკ ცუკერბერგი. "მეტისმეტად ბევრი ფული მაქვს და შემიძლია, ის გავუნაწილო სხვებს", - თქვა მაკენზი ბეზოსმა.
როგორც ამბობენ, წყვილს შორის განხეთქილება დაიწყო ბეზოსის სასიყვარულო ურთიერთობის გამო - ის თავის მეზობლად მცხოვრებ მოდელს ლორენ სანჩესს გაუმიჯნურდა. იმასაც ყვებოდნენ, რომ ბეზოსი მას ცოლის შესახებ ბევრ წვრილმანს უყვებოდა, რასაც მერე სანჩესი თავის მეგობრებს უგზავნიდა სმს-ების სახით და მოგვიანებით უკვე პრესისთვისაც გახდა ცნობილი. უცნობია, ახლაც ხვდებიან თუ არა ისინი ერთმანეთს, თუმცა ფაქტია, ბეზოსის ქორწინება ამან შეიწირა.