დაფიქრებულხართ თუ არა იმაზე, რომ როდესაც თქვენი პატარა კრაფტით ანუ ხელსაქმითაა გართული, იგი ძალიან საინტერესო უნარებს ივითარებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისიც რომ ბავშვმა თქვენთან ერთად შექმნას ახალი და საინტერესო ნივთები. ასე, ისინი დიდ დროს ატარებენ თქვენთან, რაც მათ ფსიქიკაზე ძალიან კარგად აისახება. ბავშვები ხელსაქმისას, იწყენებ ახალი აღმოჩენების გაკეთებას და იღებენ საუკეთესო გამოცდილებას. წარმოგიდგენთ 7 მიზეზს, თუ რატომ არის ბავშვისთვის ასეთი მნიშვნელოვანი კრაფტით, იგივე ხელსაქმით დაკავება.
კრაფტი ეხმარება ბავშვებს თავიანთი გრძნობების გამოხატვაში
ზოგადად, როდესაც რაიმეს შენით ქმნი და ეს შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცდილობ, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდეს. მთელს სულს და გულს ამ საქმეში დებ. ბავშვები კი უფროსებზე მეტად ისწრაფვიან იმისკენ, რომ თავიანთი ზღვა ენერგია ბოლომდე ამოწურონ და ასე საკუთარი თავი გამოხატონ, სამყაროში რეალიზდნენ. კრაფტი სწორედ ისაა, რაც მათ თავიანთი გრძნობებისა და ემოციების გამოხატვაში ეხმარება.
ბავშვებს სიამოვნებთ იმის აღმოჩენა, რომ შეუძლიათ გაიუმჯობესონ საკუთარი უნარები
როდესაც საკუთარი ხელებით ქმნი რაიმეს, ყველაზე კარგად ამჩნევ, თუ როგორ ვითარდები. ბავშვები სამყაროს შეცნობისას მუდმივად ცდილობენ, რომ უფროსებს დაემსგავსონ და ყველაფრის კეთება გაცილებით უკეთ შეძლონ. საკუთარი თავის განვითარების სურვილი უჩნდებათ და ხშირად სწორედ ასე მიჰყვებათ ეს აუცილებელი უნარი მთელი ცხოვრების მანძილზე.
პატარები უკეთ იწყებენ სკოლისთვის მომზადებას
ალბათ არავისთვის არ იქნება გასაკვირი, რომ ხელსაქმით დაკავება ძალიან კარგად მოქმედებს ბავშვის გონებრივ განვითარებაზე. სწორედ მაშინ უვითარდებათ ლოგიკის უნარები პატარ-პატარა დაბრკოლებების გადაჭრისას. ხდებიან უფრო შემოქმედებითები, დაკვირვებულები და მათემატიკური ამოცანების გადაჭრისთვის უკეთ ავარჯიშებენ გონებას. სწორედ ამიტომ სკოლაში უკეთესი შედეგების მისაღებად კრაფტით დაკავება საუკეთესო შესაძლებლობაა.
კრაფტი ეხმარება ბავშვს, რომ ისწავლოს ინსტრუქციების სწორად შესრულება
ცნობილი ფაქტია, რომ დღევანდელ ცხოვრებაში რაიმეს რომ მიაღწიო სწორად უნდა გესმოდეს ინსტრუქციების დაცვა. უნდა ახერხებდე, რომ მოცემულ ფორმულას ზუსტად მისდიო საჭიროების შემთხვევაში. სწორედ ეს არის ხშირ შემთხვევაში წარმატების საწინდარი. კრაფტით დაკავებისას ადამიანი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ინსტრუქციებს და თუ უნდა, რომ კარგი შედეგი მიიღოს ეს წესები არ უნდა დაარღვიოს. სწორედ ასე სწავლობენ ბავშვები, თუ როგორ უნდა დაიცვან ინსტრუქციები.
კრაფტზე ჯგუფურად მუშაობა, პატარებს კომუნიკაციის უნარებს გამოუმუშავებს
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს შეეძლოს სხვებთან სწორად კომუნიკაცია. პატარებმა აუცილებლად უნდა დაიწყონ ამ უნარების ბავშვობაშივე გამომუშავება. განსაკუთრებით კარგია ამისთვის რაიმე ახლის სხვებთან ერთად შექმნა. სწორედ ასე სწავლობს ადამიანი გუნდური მუშაობის პრინციპებს და მომავალში აღარ უჭირს სხვისი აზრის გათვალისწინება.
კრაფტი ავითარებს მოტორულ უნარებს
დაწებებისას, გაფერადებისას, ფურცლების დაჭრისას ხაზებისა და კონტურების დაცვისას თქვენი პატარა განსაკუთრებით ავითარებს თავის მოტორულ უნარებს და იწყებს მხედველობის უკეთ კოორდინაციას. რეალურად, სწორედ ასეთი პატარ-პატარა აქტივობები ეხმარება თქვენს შვილს შეიძინოს ძალიან საინტერესო და საჭირო უნარები, რომლებიც მომავალში აუცილებლად გამოადგება.
ასწავლის ბავშვს, რომ კიდევ ერთხელ უნდა სცადოს
კრაფტით პატარ-პატარა ნივთების შექმნა ყოველთვის მარტივი არ არის. განსაკუთრებით ბავშვებისთვის, მათ ჯერ არ აქვთ ხელი მსგავსი რამეებისთვის მიჩვეული და ხშირად ვერ ახერხებენ სასურველი მიზნის მიღწევას. ამიტომ აუცილებელია ხელახლა სცადონ და არ დანებდნენ. როცა ბავშვი თავიდან იწყებს იმის კეთებას, რაც არ გამოუვიდა და ხედავს, რომ წინა შემთხვევაზე გაცილებით უკეთესი შედეგი მიიღო, ხვდება, რომ ვარჯიში აუცილებელი პირობაა სასურველის მისაღწევად. ეს კი ნამდვილად მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარებისთვის.