19 წლის რობერტ შაფრანისთვის კოლეჯში პირველი დღე უცნაური იყო. უცნობი ადამიანები მას ისე ესალმებოდნენ, როგორც დიდი ხნის მეგობარს. რამდენიმე გოგომ აკოცა კიდეც. რობერტი ძალიან დაბნეული იყო მანამ, სანამ ერთ-ერთმა სტუდენტმა მას დაბადების თარიღი არ ჰკითხა. პასუხის მოსმენის შემდეგ უცნობმა წამოიძახა: "შენ ტყუპი ძმა გყავს!", მაგრამ რობერტმა არ იცოდა, რომ მხოლოდ ერთი კი არა, 2 ძმა ჰყავდა.
რობერტი კოლეჯში უცნობებისგან ისმენდა ინფორმაციას ტყუპ ძმაზე, რომლებზეც არასდროს არაფერი გაეგო. მეორე კურსელმა, ედუარდ გალანდის ნომერი მისცა და რობერტმა ტელეფონზე რომ დარეკა, ხმა გაეყინა. თითქოს თავისი ხმა ესმოდა, იმდენად იდენტური იყო. იმავე დღეს ერთმანეთს შეხვდნენ, რამაც სრული შოკი გამოიწვია. ისინი, ფაქტობრივად, ერთმანეთის ასლი იყვნენ. გაოცებულნი იყვნენ მშობლებიც, რადგან მათ არ იცოდნენ, რომ ტყუპი ჰყავდათ.
ეს ამბავი არც ადგილობრივ პრესას გამორჩენია. ერთ-ერთ გამოცემაში დევიდ კელმანმა ეს ინფორმაცია აღმოაჩინა. ის ფოტოზე უყურებდა ორ სახეს, რომლებიც მისი იდენტური იყო. დევიდმა ედუარდის მშობლების ტელეფონის ნომერი გაარკვია და დაურეკა.
საბოლოოდ, სამივე ძმა ერთად შეიკრიბა: რობერტი, ედუარდი და დევიდი. ისინი მხოლოდ გარეგნულად არ ჰგავდნენ ერთმანეთს. ერთი და იმავე სპორტით იყვნენ გატაცებულნი, ეწეოდნენ ერთსა და იმავე ფირმის სიგარეტს, მოსწონდათ ერთნაირი ქალები. მომხიბვლელი სამი ძმა მალევე მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. მათზე წერდნენ გაზეთებსა და ჟურნალებში, იწვევდნენ ტელევიზიებში და იღებდნენ ფილმებში. ასე აღმოჩდნენ ისინი ფილმში, რომელშიც მადონა მთავარ როლს ასრულებდა. ფოტოგრაფმა ენი ლეიბოვიცმა კი ფოტოსესიის მოწყობა სთხოვა.
შემთხვევამ მართლაც შეცვალა ძმების ცხოვრება. ისინი ამბობდნენ, რომ ერთმანეთის ნახვით ბედნიერება იპოვეს. ერთად იქირავეს ბინა, 1988 წელს კი ნიუ-იორკში, ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონში რესტორანი "ტრიპლეტი" გახსნეს.
სინამდვილეში, ძმები სრულიად გაუცნობიერებლად იღებდნენ მონაწილეობას ექსპერიმენტში, რომელიც არკვედა, რამდენად ახდენს გავლენას ადამიანის ხასიათზე აღზრდის მეთოდი. თუმცა, მეცნიერებს კვლევის ეთიკურობაზე არც უფიქრიათ.
ტყუპები 1961 წლის 12 ივნისს ახალგაზრდა გოგონას შეეძინა. აღმოჩნდა, რომ 4 შვილი ჰყავდა, თუმცა ერთი მშობიარობის დროს გარდაიცვალა. 6 თვის ასაკში ბიჭები ერთმანეთს დააშორეს და ჩართეს ექსპერიმენტში პიტერ ნოიბაუერისა და ვიოლა ბერნარდის ხელმძღვანელობით. ერთ-ერთმა ცნობილმა სააგენტომ ბავშვები სხვადასხვა ოჯახზე გააშვილა. ეს ოჯახები ერთმანეთისგან აღზრდის მეთოდითა და ცხოვრების წესით განსხვავდებოდა. ერთი ოჯახი ღარიბი იყო, მორე საშუალო კლასს მიეკუთვნებოდა, მესამე კი საკმაოდ შეძლებულად ითვლებოდა. რა თქმა უნდა, არც ერთმა მშობელმა იცოდა ბავშვის აყვანისას, რომ მას კიდევ ჰყავდა ძმები. სპეციალისტებმა მშობლებს აუხსნეს, რომ წელიწადში რამდენჯერმე შეამოწმებდნენ. თავიდან, 4-ჯერ მიდიოდნენ, ასაკის მატებასთან ერთად, ვიზიტების რაოდენობა 1-მდე შემცირდა. ისინი იკვლევდნენ ბავშვების უნარებს, ჩვევებს და ყველა შეხვედრა კამერით იწერებოდა. დაკვირვება 10 წელი გაგრძელდა.
მხოლოდ რობერტი, ედუარდი და დევიდი არ იყვნენ მსგავს ექსპერიმენტში ჩართულნი. მათი რიცხვი გაცილებით მეტია, მაგრამ ვინაობა უცნობია. ექსპერიმენტის შედეგები პიტერ ნოიბაუერმა საკუთარ წიგნსა და სტატიაში გამოაქვეყნა, რომელიც 1986-1990 წლებში გამოვიდა. ნაშრომი სრულად არ გამოქვეყნებულა. ის იელის უნივერსიტეტში ინახება და 2065 წლამდე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.
უფრო მეტიც, სამივე მათგანს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ედუარდმა და დევიდმა უკვე მოასწრეს ფსიქოლოგიური კლინიკის მონახულება, რობერტი კი პირობითი მსჯავრით იყო ციხიდან გათავისუფლებული. მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ბიჭებს პრობლემები ჰქონდათ და მათ დახმარება შეეძლოთ, თუმცა არ დაეხმარნენ. სწორედ ეს იწვევს ყველაზე დიდ ბრაზს. წლების შემდეგ, რობერტი ამბობდა, რომ ისინი მკვლევარებმა საცდელი თაგვებივით გამოიყენეს.
სამივე მათგანი დაქორწინდა. დევიდს 2 ქალიშვილი ჰყავს, რობერტს გოგონა და ვაჟი, ედუარდს კი ერთი გოგონა. ედუარდი რამდენჯერმე გადასახლდა, რომ ძმებთამნ ახლოს ეცხოვრა. მას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა აღმზრდელ მამასთან, ამიტომ ძმების პოვნის შემდეგ ოჯახი საბოლოოდ მიატოვა. სამწუხაროდ, მას 1995 წელს ბიპოლარული აშლილობა დაემართა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ დროისთვის, ძმებს ისეთი ურთიერთობა აღარ აქვთ, როგორც ადრე. რობერტის წასვლამ საერთო ბიზნესიდან და ედუარდის გარდაცვალებამ მათზე ცუდად იმოქმედა და თითქმის აღარ აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი.
მათი ურთიერთობა 2018 წელს განახლდა, დოკუმენტური ფილმის "სამი ერთნირი უცნობის" გადაღებისას. ფილმმა არაერთი მაყურებელი აატირა. მით უფრო დევიდისა და რობერტის სიტყვებმა: "მსოფლიოში არსებული ფსიქოლოგებისა და მკვლევარებისგან ვითხოვთ პატიებას."