დალი ოქროპირიძემ 11 წლის შვილი ერთ-ერთ კლინიკაში პნევმონიით შეიყვანა. ადგილობრივი და მოწვეული ექიმები მას 25 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც დედა აცხადებს, ბავშვი საგანგაშო მდგომარეობით არ შეუყვანიათ საავადმყოფოში და იქ გართულდა მდგომარეობა. რატომ დამძიმდა პაციენტი კლინიკაში და რატომ არ აღმოჩნდა ჩატარებული მკურნალობა შედეგიანი, დედას ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.
- ორი ინფექცია ერთდროულად იყო განვითარებული, ვირუსულიც და ბაქტერიულიც. დიაგნოზი იყო ცალმხრივი პნევმონია. მარცხენა ფილტვის ნაწილი იყო მოცული. შეყვანისას ნამდვილად არ იყო მძიმე მდგომარეობა. გამიგია შემთხვევები, გარდაცვლილი მიჰყავთ და მერე უჩივიან ექიმებს. ასეთი შემთხვევა ნამდვილად არ ყოფილა. უკეთდებოდა ანტიბიოტიკი, დაიწყეს სუსტით, როგორც გაიდლაინი მოითხოვდა. ექიმის კომენტარი მოგვიანებით ვნახე. მას ხაზი აქვს გასმული, რომ ბავშვი საავადმყოფოში შეიყვანეს ვირუსებით და პნევმონიის დიაგნოზით. ეს არ არის სწორი, იმიტომ, რომ საწყისი დიაგნოზი იყო მხოლოდ პნევმონია. ვირუსი აღმოაჩინეს მკურნალობიდან მე-11 დღეს, როდესაც უარესდებოდა მდგომარეობა. ფილტვის ქსოვილი თანდათან იფარებოდა ანთების კერით, გადავიდა მეორე ფილტვზეც და მერე გაუჩნდათ ეჭვი, რომ შეიძლებოდა ეს მონონუკლეოზი ყოფილიყო. ექიმმა მითხრა, მოსალოცად გაქვთ საქმე, რომ მონონუკლეოზი დადასტურდა, უკვე კონკრეტული რაღაც გვაქვს და აქტიურად შევუტევთო.
- ვიცით, რომ მხოლოდ ადგილობრივი ექიმები არ იყვნენ ჩართულები მკურნალობაში. რას ამბობდნენ მოწვეული სპეციალისტები თქვენთან, პირად საუბრებში?
- სხვა ექიმები ჩაერთვნენ მხოლოდ რეანიმაციაში გადაყვანის შემდეგ. მანამდე, 14 დღე, მხოლოდ მკურნალი ექიმი და განყოფილების გამგე იყვნენ საქმის კურსში. მეუბნებოდნენ, რომ დრო სჭირდებოდა, მაგრამ ანთება პროგრესირებდა. ლოკალიზებაც კი არ მოხდა, არა თუ უკან დახევა, განკურნებაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. თავიდან ამპიცილინის მიცემა დაიწყეს. მანამდე 5 დღე სახლში ვიყავით. ბავშვს სიცხე რომ მისცა, მეორე დღეს დავურეკე სასწრაფოს. მათ თქვეს, რომ პნევმონიას ჰგავდა და შემომთავაზეს საავადმყოფოში გადაყვანა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ წავედით. წავიყვანე უბნის ექიმთან, მანაც დაადასტურა რომ პნევმონიას ჰგავდა და ანტიბიოტიკი დაუნიშნა. რომ არ დაუწია სიცხემ, მერე წავიყვანე კლინიკაში. ბავშვი ჯანმრთელი იყო, გრიპის მეტი არაფერი ჰქონია არასდროს. პირველად ვიწექით საავადმყოფოში. შეყვანისას მითხრეს, რომ ანტიბიოტიკის დოზა არ იყო საკმარისი და ამიტომ არ უწევდა სიცხე დაბლა. თავად კი სუსტი წამლით დაიწყეს და 3-4 დღის შემდეგ, რომ არ უმჯობესდებოდა სიტუაცია, უცვლიდნენ ანტიბიოტიკს. 14 დღე ასე გრძელდებოდა.
- რა პასუხი ჰქონდა ექსპერტიზას?
- ექსპერტიზის დასკვნა გამომძიებელს აქვს. მე, რა თქმა უნდა, გავეცანი. არაფერი არსებითი იქ არ იყო. ეწერა სიკვდილის მიზეზი- ორმხრივი პნევმონიის გამო განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
- დადგა ვინმეს პასუხიმგებლობის საკითხი ან რა ეტაპზეა გამოძიება?
- მე ერთი კონკრეტული ექიმის ბრალს ვერ ვხედავ. საერთო სისტემური შეცდომა და გაუფრთხილებლობაა. საქმე 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიკვდილს გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე, დაავადებათა შესწავლის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო შეისწავლის, რამდენად სწორად ჩატარდა მკურნალობა. ეს ყველაფერი ხდებოდა 25 დღის განმავლობაში, კლინიკაში, სადაც ყველაზე უსაფრთხოდ მეგონა თავი. ამ ეტაპზე, ვენდობი პროფესიონალებს, რომლებიც ამ საქმეს იკვლევენ.