ახმეტელის თეატრის მსახიობის, გვანცა კანდელაკის ცხოვრებისეულ შთაბეჭდილებებში ალბათ, ბევრი მისი თაობის წარმომადგენელი იპოვის ნაცნობ მოვლენებს, რადგან გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოვლილ ადამიანებს ბევრი რამ აქვთ საერთო. როგორც აღმოჩნდა, გვანცას საკმაოდ ადრეული ასაკიდან მოვლენები კადრებად ახსოვს. შინ ძალიან ბევრი დღიურს ინახავს, რომლებსაც წლების განმავლობაში წერდა. ახლახან გადაუკითხავს და ჩანაწერების მიხედვით, მისი ცხოვრების ბევრი მოვლენა უკეთ აღუდგენია. ფიქრობს, რომ დღიურებს ვერ შეელევა, მომავალში კიდევ წაიკითხავს, თუნდაც იმიტომ, რომ გაიხსენოს, როგორი იყო წლების წინ.
- გულჩათხრობილი არ ვარ, ყოველთვის ყველაფერი უნდა ვთქვა. პირველ რიგში, ჩემს ემოციებს ოჯახის წევრებს ვუზიარებ, რა თქმა უნდა, მეგობრებსაც, მაგრამ ძირითადი "დატვირთვა" მაინც ოჯახზე მოდის. ბავშვობიდან ასეა, ჯერ კიდევ ბაღის პერიოდიდან მოყოლებული. დღემდე ვუყვები მათ ჩემს ყოველდღიურ შთაბეჭდილებებს და თან, ძალიან ემოციურად (იღიმის).
- ბაღში გატარებული დრო ცუდად არ მახსენდება, თუმცა მომწონდა მანამ, სანამ კვების საათი მოვიდოდა. დღემდე არ მიყვარს ბაღის სპეციფიკური სუნი. შეიძლება დღეს ასე აღარ არის, მაგრამ კომუნისტური პერიოდის ბაღში იდგა დამახასიათებელი სუნი. არ მსიამოვნებდა იმ გრძელი კარადების დანახვაც, ჩვენ ნივთებს რომ ვინახავდით.
- ბაღში ჭამა მეც არ მიყვარდა, მაგრამ რასაც დიდი სიამოვნებით ველოდი, ეს იყო ჩაი და ვაშლი, რომელსაც ორად ჰყოფდნენ. ბავშვობაში ხორციან კერძებს ვერ ვჭამდი და ერთხელაც, ბაღში ასეთი საკვების ჭამა რომ გავაპროტესტე, ჩვენი მასწავლებელი-ძიძა დამემუქრა, - თუ არ შეჭამ, ჩაის კაბაზე გადაგასხამო. ახალი კაბა მეცვა და მართლა დამასხა ზედ ჩაი. ეტყობა, მისი სადამსჯელო მეთოდი ასეთი იყო. მაინც არ ვჭამე (იღიმის). მახსოვს, ჩემი მეგობრები როგორ მანუგეშებდნენ,
- არა უშავს, შენ არ ინერვიულო, კაბა რომ გაშრება, ლაქები არ დაეტყობაო. ასეც მოხდა და თან, ადამიანური თანაგრძნობის მომენტი პირველად მაშინ ვიგრძენი. მიუხედავად იმისი, რომ მე და ის ბავშვები ჯგუფელები ვიყავით, მაინც ჩემთვის უცხო ადამიანები იყვნენ და ეს მეგობრული მხარდაჭერა მესიამოვნა.
- სხვათა შორის, ამას წინათ გავიხსენე ეს ამბავი დედაჩემთან დიალოგში და აღმოჩნდა, რომ მისთვის ნათქვამი არ მქონდა.
- დღეს ასე იქნებოდა, მაგრამ მაშინ აღზრდის სხვა მეთოდები იყო, გაცილებით მკაცრი. ფიქრობდნენ, რომ ბავშვს რაც უფრო მეტ რამეს აუკრძალავ, მით უფრო წესიერი გაიზრდება. სინამდვილეში ასე არ არის. განაგრძეთ კითხვა