ვინ არის 7 წლის ბიჭი, რომლის ცეკვამ სოციალური ქსელი აღაფრთოვანა და რას ამბობს მისი პედაგოგი
პატარა ბიჭი, რომელიც ოსურის სოლო პარტიას ასრულებს, რამდენიმე დღეა სოციალური ქსელის ვარსკვლავია. მისი ვაჟკაცური სულისკვეთება, სხეულის ფლობა, ხანგრძლივი დროით ცერზე დგომა და ემოცია არ დარჩენიათ შეუმჩნეველი ინტერნეტმომხმარებლებს. ვიდეოს ათასობით კომენტარი და გაზიარება აქვს.
პატარა მოცეკვავე 7 წლის რეზი ტალახაძეა, ანსამბლ "თოლიგეს" წევრი, რომელიც ამჟამად მასწავლებლებთან და სხვა მოცეკვავეებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება შეკვეთილში. მისი ცეკვაც ერთ-ერთმა დამსვენებელმა გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა.
მის შესახებ ანსამბლ "თოლიგეს" ქორეოგრაფს, დიანა ბლიაძეს ვესაუბრეთ.

- რეზი
7 წლისაა, 5 წლის მოიყვანეს ჩვენს ანსამბლში. ნამდვილად განსაკუთრებული მონაცემები აქვს. საცერეს გარეშე ცეკვავს, არც იცის, როგორ უნდა დაიხვიოს საცერე, არც სჭირდება, ისეთი ტერფი აქვს. ეს მისი ბუნებრივი მონაცემებია და ამიტომ არ სტკივა ცერები, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხანგრძლივ პარტიას ცეკვავს. განა მარტო ოსურშია კარგი, ზოგადად ძალიან ჭკვიანი და გონიერი ბავშვია.
მხოლოდ ფიზიკურ მონაცემებშიც არ არის საქმე. ისეთი ემოციით ცეკვავს, ისე გულშიჩამწვდომად გიყურებს, რომ შეიძლება გაგიჟდე. ყველა სიტყვას, დარიგებას ხარბად ითვისებს, ოღონდ რამე ასწავლე, დაავალე. ამ ვიდეოში პირველად ცეკვავს თანატოლ გოგოსთან. აქამდე პარტნიორი შერჩეული არ მყავდა და მე მეცეკვებოდა. საოცარი ბავშვია.
ძირითად ანსამბლთან ერთად ვერ ვამეცანებდი, რადგან პატარაა და 9 საათზე იძინებს. ჩვენ კი
ბიჭების რეპეტიცია გვიან საღამოს გვაქვს. რამდენიმე გაკვეთილზე იარა მხოლოდ, რომ სოლო პარტია ესწავლა. ოსური საკმაოდ რთულია. სოლოს სირთულე კი პირველ რიგში ცერზე დგომაა. ბავშვი დიდხანს უნდა გაჩერდეს ცერზე. რეზი რომ ცეკვავს, ამ ხანგრძლოვობის ცერის პარტია ზოგჯერ დიდ ანსამბლებში არ სრულდება. სულ ვახსენებ, "რეზი, ხომ არ გტკივა, გაასწორე ცოტა ხნით ტერფი და მერე გაიარე", მაგრამ არ ტკივა. ხერხემალიც დიდხანს უნდა ეჭიროს გამართული, ხელი მილიმეტრებში გასწორებული და ასე იაროს ცერზე. ეს ძალიან რთულია, მითუმეტეს, ასე პატარა ბიჭისთვის. ტეხილებით ცეკვა შედარებით მარტივია. ეს კი მთელი პარტიის განმავლობაში არ ჩამოდის ცერიდან. მხოლოდ ოსური კი არ გამოსდის კარგად, სხვა ცეკვების ილეთებსაც ძალიან ლამაზად ასრულებს, ყველა ცეკვაში კარგია. ეს იშვიათი ნიჭია და იმედია, ცეკვას მომავალშიც გააგრძელებს. - ამბობს ჩვენთან საუბრისას დიანა ბლიაძე.
როგორც რეზის დედა, ირინა ჭანკვეტაძე ამბობს, მხოლოდ ბიჭის სურვილზეა დამოკიდებული, დაუკავშირებს თუ არა მომავალს ცეკვავს. რეზის ორი უმცროსი ძმაც ჰყავს.

altრატომ არ უნდა მიიყვანოთ სკოლამდელი ასაკის ბავშვი ცეკვაზე და რა უნდა იცოდეთ, თუ ბავშვი ცეკვაზე დადის - აუცილებელი რჩევები გამოცდილი მასწავლებლისგან

19379
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
moqalaqe
0
ყოჩაღ!
18:08 / 15-07-2019
ერეკლე
0
ჩაცმა-დახურვის განხილვას შეეშვით, თქვენც ახლა ჩაცმულები დაიბადეთ რა!!! რაც შეეხება ამ ვაჟკაცის ცერს და ცეკვას, შეუდარებელია!!! თუმცა ამ ასაკში ცერის ხანგრძლივად დატვირთვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მეც ასე მატარებდნენ ცერზე, რის სახვევი, რა საცერე, შედეგად ცერის რქოვანა სისხლჩაქცევამ დააზიანა. ბავშვს მოუფრთხილდით, წინ დიდი მომავალი აქვს.
15:25 / 15-07-2019
მსგავსი სიახლეები
```