ბევრი ფსიქოლოგი თანამედროვე ბავშვებს ახალი საუკუნის, განსაკუთრებული უნარების მქონე პიროვნებებს უწოდებს. მათი რეკომენდაციით, მშობლებს ასეთ ბავშვებთან გამორჩეული მიდგომა გვმართებს. დღევანდელ თაობას ხომ ყველაფერი ახალი და ჯერაც შეუცნობელი აინტერესებს. ისინი განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობენ და თავისებური ფანტაზიები აქვთ, ხშირად ჩვენთვის გაუგებარი რამ შთააგონებთ და აღაფრთოვანებთ, ამიტომ მათი დაინტერესება არ არის მარტივი ამოცანა. მითუმეტეს, როცა საქმე წიგნებს ეხება. მწერლები და გამომცემლები დიდ ძალისხმევას ხარჯავენ, რათა ბოლომდე ჩაწვდნენ პატარა მკითხველის სამყაროს და სწორედ ისეთი წიგნები შექმნან, რომლებიც მათში ცნობისმოყვარეობას აღძრავს და გატაცებით წააკითხებს. ჩვენ კი ვცდილობთ, მაქსიმალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალ-ახალ საბავშვო გამოცემებზე.
"კოსმოსური საქმე" სწორედ ის წიგნია, სადაც ვერც ბავშვი და ვერც ზრდასრული ვერაფერს ბანალურს, მოძველებულს და გაცვეთილს ვერ იპოვის. აქ წარმოდგენილი სამყარო ასტრონავტების მეტს არასდროს არავის უნახავს, მაგრამ იმდენად რეალისტურად არის აღწერილი, თავს მართლაც კოსმოსში გაგრძნობინებთ. დიახ, ამ წიგნის გმირები კოსმოსური მისიის წევრები არიან და გარკვეული დროით მთვარეზე უწევთ ცხოვრება. ამავე დროს, ნუ იფიქრებთ, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი ზღაპარია. სულაც არა, უბრალოდ ასტრონავტების მიერ დაგროვილი რეალური, მეცნიერული ინფორმაცია ისე ოსტატურადაა გამოყენებული, თითქოს ავტორი მართლაც მთვარის ბაზაზეა და იქაურ ცხოვრებას აგვიწერს.
ეს 12 წლის ბიჭის ნაამბობია, რომელიც მეცნიერ მშობლებთან ერთად მთვარის ბაზაზე ცხოვრობს. მისი მონათხრობით ზუსტად გაიგებთ, სინამდვილეში რას გრძნობენ დაბალი მიზიდულობის პირობებში მყოფი ადამიანები, რომლებიც დიდი გაჭირვებით სწავლობენ კოსმოსში სიარულს, ძილს, კვებას და საპირფარეშოს მოხმარებასაც კი. დიახ, უწონადობის პირობებში ჩვენი სხეულები ისე არ გვემორჩილებიან, როგორც დედამიწაზე და ყველანაირ ქცევას იქ სპეციალურ მომზადებას სჭირდება. მაგრამ წიგნის მთავარი ხიბლი ეს ჯერ კიდევ არ არის. მთვარეზე მომხდარი მკვლელობის საიდუმლო ამ იუმორისტულ და დაძაბულობებით აღსავსე კოსმოსურ თავგადასავალს The New York Times Book Review-ის სიტყვებით, "აღმაფრთოვანებელ და ბრწყინვალე თრილერად" აქცევს.
მთვარის ბაზა "ალფაზე" მცხოვრები 12 წლის დეშილ გიბსონი მთელ მსოფლიოშია ცნობილი, როგორც ერთ-ერთი პირველი ბინადარი მთვარეზე.
დეშილი ლამის ჭკუიდან გადავიდეს, რადგან ბავშვებს მთვარის ზედაპირზე გასვლა ეკრძალებათ. ისინი ბაზაზე, პატარა ფართობზე არიან გამოკეტილნი და გასართობი ბევრი არაფერი აქვთ. დეშს მხოლოდ ერთი თანატოლი ჰყავს და ისიც მთელ თავის დროს ვირტუალურ სამყაროში და კომპიუტერულ თამაშებში ატარებს.
და უცებ მთვარის ბაზა "ალფას" მთავარ მეცნიერს მკვდარს პოულობენ. დეშს ეჭვები უჩნდება, მაგრამ მისი არავის სჯერა.დეშმა იცის, რომ გარდაცვლილი მეცნიერი მნიშვნელოვანი აღმოჩენის მიჯნაზე იდგა და რომ ამ საიდუმლომ, შეიძლება, ყველაფერი შეცვალოს...
სტიუარტ გიბსის "კოსმოსური საქმე" გამომცემლობა "პალიტრა L"- მა სერია "ლიბერქიდსის" ფარგლებში გამოსცა. პროექტის ხელმძღვანელის, გიორგი კიკაბიძის თქმით, წიგნი დატვირთულია რეალური, სამეცნიერო ფაქტებით.
"კოსმოსური საქმე ძალიან საინტერესო და სახალისო წიგნია მოზარდებისთვის. თან ისეთი მოზარდებისთვის, ჩახლართული დეტექტივის და იუმორისტული წიგნების კითხვაც რომ უყვართ და ამავე დროს, სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრიც იტაცებთ. ეს წიგნი სწორედ მათთვისაა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ წიგნი სავსეა სამეცნიერო ფაქტებით, რაც მოზარდის ცოდნას მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნებს."
"კოსმოსური საქმე" ბავშვებს ცოდნასაც შესძენს და წარმოსახვის უნარსაც გაუუმჯობესებს. მათ წინ ნამდვილი თავგადასავალი ელით.