სოფელ ყარაჯალაში ხანძრის ქრობის დროს სიმაღლიდან მეხანძრე-მაშველი ჩამოვარდა და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მან დაზიანებები თავის არეში მიიღო, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი 51 წლის გელა მელიქიძეა.
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ მეხანძრე მაშველზე ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"მასზე არც გადაცემებს მოამზადებენ, არც ვრცელ პოსტებს მიუძღვნიან "სელებრითები", არც პატრიარქთან მიიყვანენ სანუგეშოდ მის ცოლსა და შვილს, არც სოციალური ქსელი აჭრელდება მისი ფოტოებით. არადა ის სხვა ადამიანების გადასარჩენად დაიღუპა.
51 წლის მეხანძრე გელა მიქელაძე ყარაჯალაში ხანძრის ლიკვიდიაციის დროს დაიღუპა. მას მეუღლე და ქალიშვილი დარჩა. ბიჭი კი ცოტა ხნის წინ სიმსივნით გარდაეცვალა. სამწუხაროდ ჩვენთან მხოლოდ ცნობად სახეებზე შესტკივათ გული. გელა და მისნაირები კი.... ვითომ ასეც უნდა ყოფილიყო, ვითომც არაფერი, ვითომც ჩვეულებრივი ამბავი. ნათელში იყავი ჩვეულებრივო და კარგო კაცო", - წერს შორენა მარსაგიშვილი.