რას ჰყვება 9 წლის ინტერნეტვარსკვლავზე ვიდეოს ავტორი - მშობლები

რას ჰყვება 9 წლის ინტერნეტვარსკვლავზე ვიდეოს ავტორი

2019-07-16 20:46:55+04:00

9 წლის ქაიან ბელქანია ქართული ინტერნეტსივრცის ვარკვლავი გახდა. ვიდეო, რომელიც ბიჭუნას მეზობელმა ირაკლი ძიძარიამ გადაუღო, სოციალურმა ქსელმა უმალ აიტაცა. ასაკით პატარა ქაიანი ისეთ თემებზე საუბრობს, რაც მაყურებლებში გაოცებას იწვევს. ის მეცნიერების ისეთ რთულ საკითხებს ეხება, რაზეც საუბარი არათუ მისი ასაკის ბავშვებს, უფროსებსაც უჭირთ.
როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, ნიჭიერ ბავშვს ხელშეწყობა სჭირდება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პატარა ქაიანი გაეცნო ხალხისთვის.

- ვიდეო დაახლოებით 5-6 დღის წინ გადავიღე.ჩვენს ქუჩაზე თამაშობს, სულ კომბლით ხელში დადის. ჩემი მეზობელია ეს უნიჭიერესი ბავშვი. რთულ პირობებში იზრდება, ხელშეწყობა უნდა. დედა თურქეთში ჰყვას, ქაიანი წალენჯიხაში ბებოსთან იმყოფება. როცა ბებია თხილის საკრეფად მიდიოდა, ბავშვს ვერავის უტოვებდა და თან დაჰყავდა. როგორც ვიცი, სოციალურად დაუცველი ოჯახია. სიმართლე გითხრათ, ისე ახლოსაც არ ვიცნობ ოჯახს, რომ მათზე სრული ინფორმაცია მოგაწოდოთ. უბრალოდ, ამ ბავშვით დავინტერესდი, რადგან ბავშვებთან ფაქტორივად არც თამაშობს. მასზე მისი თანატოლები ამბობენ, რომ ზედმეტად ჭკვიანია, არ მოსწონს "დაჭერობანა" და მსგავსი თამაშები. ამბობს, კომბალი იმიტომ დამაქვს, ბაყაყი რომ შემხვდეს და ქვეწარმავლები, მათი ანატომია უნდა შევისწავლოო.

24 წლის ვარ, სამი შვილი მეზრდება და ბავშვებზე ჭკუა მეკეტება. ძალიან მინდა ქაიანის ნიჭს პატრონი გამოუჩნდეს, ის ბავშვია ზენიჭით და დიდი შესაძლებლობებით.

- ირაკლი, საიდან დააგროვა ბავშვმა ცოდნა, რომლის შესახებაც საუბრობს?

- არანაირი წვდომა არ აქვს ინტერნეტთან, ტელეფონთან, თავისით მოიძია და ისე ისწავლა ყველაფერი. აფანატებს ასტროლოგიაზე და ზოგადად მეცნიერება ძალიან აინტერესებს. როგორც მე გავიგე, ბიბლიოთეკიდან გამოაქვს სამეცნიერო წიგნები, ენციკლოპედიები და ასე სწავლობს.

როგორც, მოგვიანებით გაირკვა ქაიანი სკოლაში ნაჩუქარი "ბუქით" სარგებლობს.

"მე მაპატიეთ, ინტერნეტთან წვდომა ჰქონია სკოლაში ნაჩუქარი "ბუქით". წარმატებები ოქროს ბიჭუნავ!- დამატებით განმარტა ირაკლი ძიძარიამ.

რუსკა კილასონია