"ამიტომაც აყენებენ ალბათ ერთ რიგში, სხვები რომ არ შეწუხდნენ, ფულისსუნიანები" - როცა 30-ლარიანი ვაუჩერით ცდილობ თავის გატანას...
"ამიტომაც აყენებენ ალბათ ერთ რიგში, სხვები რომ არ შეწუხდნენ, ფულისსუნიანები" - როცა 30-ლარიანი ვაუჩერით ცდილობ თავის გატანას...
„მამა მთელი ეს დრო ანგარიშობდა, პროდუქტების ფასს ითვლიდა, რომ 30 ლარს არ გადაცდენილიყო“

ჟურნალისტი თამუნა კეშელევა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ეს გახლავთ ამბავი ოჯახზე, რომელიც 30-ლარიანი ვაუჩერით ცდილობს თავის გატანას:

"ერთ-ერთ დიდ მარკეტში მომიწია შესვლა. ჩემს წინ ოჯახი შევიდა: დედა, მამა და შვილი.
ისე მოხდა, რომ სექციებშიც ერთად დავდიოდით...
მერე უკვე დავყვებოდი, თავჩარგული ჭირისუფალივით...
არაფრით გამოირჩეოდა, გარდა იმისა, რომ ოჯახს სიღატაკის სუნი ჰქონდა...
იმ 30-ლარიანი ვაუჩერის გამოყენებას ცდილობდნენ, სოციალურად
დაუცველი ოჯახების ბავშვებს რომ მისცა სახელმწიფომ...

აქციები იკითხეს - რა აქციაც იყო, არ მოეწონათ, მაინც უფრო ძვირი ღირს, ვიდრე იქ (არ ვწერ მაღაზიის სახელებს).
კარტოფილი - იაფია, მაგრამ ძალიან დაჭმული, ერთი კილოდან, ნახევარი კილოც არ გამოვა - მოწყენილად დააბრუნეს უკან.
მაკარონიც ეძვირათ...
სოიოსთანაც გაჩერდნენ და სოიოს კოტლეტზეც იმსჯელეს, მაგრამ ეგაც ვერ ჩაჯდა ბიუჯეტში.
ლობიო იყიდეს და მწვანილი, მაიონეზი და ზეთი ეძვირათ და მაინც შეიძინეს, დიდხანს არჩიეს ძეხვი, დიდხანს ეძებდნენ იაფიანსდა რაღაც იპოვეს.

- ხელსახოცი და ტუალეტის ქაღალდი არ დაგვავიწყდეს,
- იმეორებდა ქალი სექციებში სიარულისას და ბავშვმა იპოვნა, აარჩია ფასის მიხედვით და დადო.
- კვერცი არ გაქვთ აქციაში?
მიაწოდეს.
- ეს უკეთესია - ურჩიეს...
- ფასს დახედა, მეც დავხედე - ლარნახევრით მეტი ღირდა, უსიტყვოდ გავაქნიეთ თავი ორივემ...
ბავშვს ბუტერბროდი უნდოდა, ძეხვიც ამ პრინციპით აირჩა და მაიონეზი, ჰოდა, როცა ჯერი დაჭრილ პურზე მიდგა, ტოსტის პური აიღეს.
- ჩვეულებრივი დაჭრილი პური ლარი ღირს და ეს ორ ლარზე მეტი, ჩვეულებრივი ხომ არ ავიღოთ ?- კითხულობს ბიჭი.
- არა, ტოსტის აიღე, ყოველ დღე ხომ არ ვაკეთებთ - ამაყად უთხრა დედამ.
მამა მთელი ეს დრო ანგარიშობდა, პროდუქტების ფასს ითვლიდა, რომ 30 ლარს არ გადაცდენილიყო, გაჩერდა რამდენიმე წამი, კიდევ იბუტბუტა და:
- მიდი, კეტჩუპიც აიღე...
- მართლა? - თვალები გაუბრწყინდა ბიჭს...
- რომელი აიღე? - თაროს ახედა მამამ...
- ყველაზე იაფიანი - მკვირცხლად დაუბრუნა ბიჭმა პასუხი.
- ლიმონათსაც ვიყიდით, მგონი - კმაყოფილი დარჩა კეტჩუპის საფასურით კაცი.
თავისუფალი სალაროსკენ წავიდნენ....
მოაბრუნეს, ბავშვის ბარათებს ერთი ემსახურებაო. ჩააყენეს რიგში.
ამ რიგში ყველას ერთი სუნი ჰქონდა...

ამიტომაც აყენებენ ალბათ ერთ რიგში, სხვები რომ არ შეწუხდნენ, ფულისსუნიანები, ძვირად ღირებული საკვების სუნით გაჟღენთილები.
მოაღწია რიგმა და...
- 30 ლარი და 55 თეთრი.
- დავამატებ, - ხელი წაივლო ჯიბისკენ ქალმა.
- არ შეიძლება, რამე უნდა ამოვაკლოთ.
გადახედეს და:
- ხელსახოცი ამოვაკლოთ...
- უი, სალფეთქი და ტუალეტის ქაღალდი ისედაც არ შეიძლება, ამ ვაუჩერით მხოლოდ საკვები, - ამოაკლეს...
ორი-ორი ცალი ჰქონდათ აღებული და ახლა ორ ლარზე მეტი მორჩა.
- შოკოლადი შეიძლება?
- კი.
- აიღე, - თავზე გადაუსვა ხელი ვაჟს კაცმა...
არჩია, უყურა, მერე ცხელი შოკოლადის ერთი პაკეტი აიღო მხოლოდ და:
- მოდი, მაკარონი ავიღოთ დანარჩენის, - შესთავაზა მშობლებს.

ბედნიერები გამოვიდნენ გარეთ, ბავშვი მეგობარს ელოდა, რომ ბუტერბროდი მასთან ერთად ეჭამა. მამას ამაყად მოჰქონდა პარკები, ქალი ჯიბეებს იჩხრეკდა...
ბოლო ფრაზა, რასაც ყური მოვკარი, იყო:
- ლარი და 35 მაქვს, ტუალეტის ქაღალს ვიყიდით, სალფეთქი იყოს, არ მინდა.
- ნეტა, გვეყიდა...
- მომერიდა, მეორედ მიბრუნება, ხომ ნახე, სანამ ჩვენ არ მოვრჩით, სხვისი ბარათი არ გაატარეს, ისედაც ვალოდინეთ ხალხი.
- მომეცი, დე, გადავირბენ და ვიყიდი, - მკვირცხლად მიუგო ბიჭმა.

ამ ქვეყანას რომ პოლიტიკის და ლანძღვის დრო რჩება...
შემეძლო ხელსახოცი მეყიდა, მაგრამ მომერიდა...
მეტი არ შემეძლო, უძლურება მკლავდა... ერთი კვირის წინანდელს გიყვებით და ახლაც მკლავს....
P.S... ხო, ის ქალი, ისე სიყვარულით უყურებდა, ისე თბილად ამ სიღატაკით გაჟღენთილ კაცს - შემშურდა..."

თეკლა ჟვანია

457
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```