87 ნომერი ავტობუსის მგზავრები მადონა დალაქიშვილს უკვე იცნობენ. ზოგს უკვირს მისი საჭესთან გამოჩენა, ზოგი ფოტოების გადაღებას სთხოვს, არც კომპლიმენტებს იშურებენ. მადონასთვის კი ეს ჩვეულებრივი სამსახურია და განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. მძღოლობამდე თავი სხვადასხვა პროფესიასა და საქმიანობაში სცადა. ახლა 30 წლისაა და 7 წელია საჭესთან ზის. ის მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:
- 2017 წლიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ვმუშაობ. თავიდან, ყვითელ, 8- მეტრიან, ავტობუსზე ვმუშაობდი, შემდეგ უკვე გადავედი დიდ ყვითელ ავტობუსზე და ახლა „მანის“ მარკის ლურჯ ავტობუსს ვმართავ. ამაში უჩვეულოს ვერაფერს ვხედავ. ჩვეულებრივი სამსახურია. ნასწავლი მაქვს სპორტული ჟურნალისტიკა, მიმუშავია სხვადასხვა სფეროში და ვთვლი, რომ თუ ზოგადი ცოდნა გაქვს, ნებისმიერ სფეროში შეგიძლია მუშაობა. ბანკშიც კი მიმუშავია მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური განათლება არ მაქვს.
- არა, მე ვფიქრობ, აქ საშიში არაფერია. შემთხვევით, რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდება და დაზღვეულნი არაფრისგან ვართ, მაგრამ არ უნდა გვეშინოდეს. მსოფლიოში უამრავი ადამიანი მართავს მანქანას და ასე გადაადგილდება.
- ამ პროფესიაში რთული არაფერია. აუცილებელია, იყო მობილიზებული სამსახურამდეც. წინა დღეს არ უნდა დალიო, გვიანობამდე არ უნდა უყურო ტელევიზორს და დროულად დაიძინო. მთავარია ძილი და ნორმალური კვება.
- აბა, რა... სტუდენტი ბიჭები მეპრანჭებიან ხოლმე კიდეც. ხანდახან ფოტოს გადაღება უნდათ, კომპლიმენტებს მეუბნებიან და ეს სასიამოვნოა.
- არის ხოლმე შემთხვევებში, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. საერთოდ, ადამიანის ბუნება ასეთია, საკუთარი ემოცია სახლში თუ არ დახარჯა, მერე ამას სხვაგან გამოხატავს. არიან აგრესიულები. თან ახლა შეფერხებაა ჭავჭავაძეზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო და უფრო მეტად აგრესიულები გახდნენ. უფრო მეტ კითხვას სვამენ. ხშირად მისვამენ ისეთ შეკითხვას, რომელიც მხოლოდ კითხვაა და გამოსალაპარაკებლად მიზეზს ეძებენ. მხოლოდ სამსახურის შესახებ არ მისვამენ შეკითხვებს, ხანდახან პირად ცხოვრებაზეც მეკითხებიან. ვეუბნები ხოლმე, რომ მძღოლთან საუბარი მგზავრობისას აკრძალულია.
- ავტობუსი გათვლილია ადამიანების კონკრეტულ რაოდენობაზე. საქართველოში პრობლემაა, რომ ერთი ავტობუსით გაცილებით მეტი მგზავრი გადაადგილდება და შესაბამისად, კონდენციონერი ვეღარ ასწრებს ნორმალურად მუშაობას. ცარიელ ავტობუსში მშვენიერი სიგრილეა. თან ფილტრებიც პერიოდულად უნდა შეიცვალოს და როცა მოძველებისკენ მიდის, თავისთავად, ვეღარ მუშაობს ნორმალურად. მგზავრი ძალიან მაღალი ტემპერატურიდან რომ ამოდის, ავტობუსში ძალიან დაბალი ტემპერატურა უნდა, რომ დახვდეს, მაგრამ ჩვენთვის, მძღოლებისთვის, ეს არის ჯანმრთელობის საფრთხე. რაც ზაფხული დაიწყო, სულ გაცივებული ვარ. 18 გრადუსი მაქვს დაყენებული კონდენციონერზე და სულ მცივა.
- სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურები და როგორი განწყობით მიდიხარ. დილით ყოველთვის მეზარება გაღვიძება. აუცილებელია მაკიაჟი. როგორც არ უნდა დავაგვიანო სამსახურში, მაინც ვიკეთებ. ხანდახან ფრჩხილის ლაქს მანქანაში ვისვამ. დილით, 6-ის ნახევრიდან იწყება მოძრაობა და ეს გრაფიკი ცვალებადია. სადისპეტჩეროში ვიღებ განრიგს, გასვლამდე აუცილებელია მანქანის მომზადება. ზეთს, წყალს ამოწმებენ და გარე დათვალიერებას უტარებენ. შემდეგ გავდივარ ავტობაზიდან, დღის განმავლობაში ვასრულებ დადგენილ მარშრუტს და ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. სამუშაო დღის ბოლოს ავტობაზაში რომ მიგვყავს ავტობუსი, სალაროებს აწესრიგებენ, საწვავით ავსებენ, რასაც დიდი დრო მიაქვს, მერე მანქანებს რეცხავენ და აპარკინგებენ.
- სამედიცინო შემოწმება, გამოკვლევა, პერიოდულად გვიტარდება. გარდა ამისა, მძღოლებს დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს და თუ ვინმე ცუდადაა, არასდროს ჯდება საჭესთან.
- თანამშრომლებს ძალიან ვუყვარვარ და მეც დიდ პატივს ვცემ. არასოდეს, საზოგადოების წინაშე მათ არ დავამცირებ. მგზავრებს ხშირად უთქვამთ: ,,შენი თანამშრომლები, ღიპიანი და ასაკიანები რომ დამსხდარან, ცუდად გვატარებენო“. ამ ქალბატონებს იუმორით ყოველთვის ვეუბნები: ,,რას უწუნებთ ჩემს ლამაზ, სიმპატიურ, ღიპიან თანამშრომლებს-თქო“. ეს არასწორი დამოკიდებულებაა იმიტომ, რომ მათ სწორედ ეს ადამიანები ემსახურებიან უკვე წლებია. მამაკაცებს ძალიან რთული სამუშაო პირობები აქვთ, მე ასეთი არ მაქვს. ერთი ქალი ვარ ავტობაზაში და ანებივრებენ. თუმცა, მამაკაცების სამუშაო დღე ბევრად უფრო რთულია. ადრეც რომ ვმუშაობდი, როდესაც ყვითელი ავტობუსები ფუჭდებოდა, მამაკაცები თავისი ხელით აკეთებდნენ, მანქანებს არემონტებდნენ. ეს მათ არ ევალებათ. ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ დალაგების კუთხით. მგზავრების მიერ დაყრილ ნაგავს, ისინი ალაგებენ, შუშებს ყოველ დილით აპრიალებენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ განსაკუთრებით მამაკაცი მძღოლები ძალიან ბევრს წვალობენ და საერთოდ არ მომწონს, რომ ხალხს ასეთი დამოკიდებულება აქვს. ყველას აქვს ავტობუსში საწმენდი ჯაგრისი და დღის მანძილზეც კი ალაგებენ.
- მე ვთვლი, რომ უმჯობესია მამაკაცები მუშაობდნენ და ქალებს გვემსახურებოდნენ. რატომაც, არა... მაგრამ, როდესაც დაბალანსებულია ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა, იქ პრობლემებიც აღარაა. მე ვფიქრობ, რომ განათლებულ, ჩამოყალიბებულ ადამიანს ყველაფერი შეუძლია. ვთვლი, რომ მეც შემიძლია და არავისგან არ მჭირდება ამის აღიარება, თუნდაც მამაკაცებისგან. საქართველოში ჩამოყალიბდა შეხედულება, თითქოს ქალები მამაკაცებს ვეჯიბრებით. ჯობს ურთიერთთანამშრომლობა და არა შეჯიბრი. როგორც ჩემი თანამშრომლები მუშაობენ და მართავენ ავტობუსს, ისევე ვარ მეც. არანაირი სხვაობა არაა. ერთადერთი განსხვავება ჩემსა და მათ შორის ისაა, რომ მე წითელი პომადა მისვია, მათ არა.
თამარ იაკობაშვილი