წარმოგიდგენთ მამა პორფირე კავსოკალიველის რჩევებს მშობლებისთვის:
შფოთიანი ბავშვი. "რა ვქნათ, მამაო, ჩვენი შვილი ძალზე შფოთიანია და მშიშარა", - შესჩივლეს მამა პორფირეს. "ეს თქვენი ბრალია, - უთხრა მათ ბერმა, - მუცლად ყოფნისას თქვენი ერთმანეთისადმი ცუდი ურთიერთობით მას სულიერი ტრავმები მიაყენეთ, რომლის კვალიც მას მთელი სიცოცხლე გაჰყვება".
ის ჯერ პატარაა, მაგრამ ბევრი რამ ესმის. მამა პორფირე ამბობდა, რომ მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთ საქციელს თუნდაც ძუძუთა ბავშვის წინაშე. არ უნდა იფიქრონ, რომ "ის პატარაა და არაფერი ესმის". "შეხედეთ, ჩვილები, სიარულიც რომ არ იციან, როგორი ყურადღებით ათვალიერებენ მათთან მისულ თითოეულ უცნობ ადამიანს. გაფიქრებასაც კი ვერ მოასწრებთ, რომ პატარები წამებში ასკვნიან, როგორი ადამიანი ხართ და ფსიქოლოგიურად გაფასებენ".
მოჯანყე შვილები. მამა პორფირე მწუხარებით ჰყვებოდა ერთ გზასაცდენილ ყმაწვილზე: "მისი მშობლები ძალზე განათლებული ხალხია. მშვენივრად ერკვევიან ფსიქოლოგიაში და მიუხედავად თავიანთი ცოდნისა, საკუთარი შვილი დაკარგეს. რა სიკეთეა ასეთი განათლებისაგან? მხოლოდ ღვთის მადლსა და მხოლოდ ჭეშმარიტ სიყვარულს, თუ მას საიდუმლო მსხვერპლად შევწირავთ ჩვენს მოყვასს, შეუძლია გადაგვარჩინოს ჩვენც და ისინიც".
ერთი ბიჭის მშობლებმა, რომელიც ნევრასთენიით დაავადდა, დახმარებისა და რჩევისთვის მამა პორფირეს მიმართეს. მან მაშინვე "დაინახა" ბავშვის სული და თქვა: "თქვენს შვილს კარგი სული აქვს, ჩემზე უკეთესი. ის ჯანმრთელია. ბიჭმა სულიერი ტრავმა მიიღო და აჯანყდა. ამის მიზეზი თქვენი სიამაყე და ცუდი წრეა, რომელშიც ის მოხვდა. მხოლოდ თქვენი პირადი წმინდანობა დაუბრუნებს მას ჯანმრთელობას". ეს რომ დედამ მოისმინა, ცრემლი წასკდა, ეგონა, წმინდანობის მიღწევა არ შეეძლო. მამა პორფირემ დაამშვიდა: "ნუ იფიქრებთ, რომ წმინდანობა მიუწვდომელია ადამიანისთვის. განწმენდა ადვილია. მხოლოდ სიმდაბლე და სიყვარული უნდა მოიპოვოთ".
არასოდეს. მამა პორფირემ უთხრა ქრისტიან ცოლ-ქმარს:
- თქვენმა შვილებმა არასოდეს არ უნდა გაიგონ, როგორ ჩხუბობთ... ერთმანეთს ხმამაღალ სიტყვას რომ ეტყვით, ესეც კი არ უნდა გაიგონონ!
- განა ეს შესაძლებელია, მამაო?
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია! ამიტომაც კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა: ბავშვების წინ არასოდეს იჩხუბოთ... არასოდეს! წაიკითხეთ სრულად