2019 წლის სექტემბრიდან სკოლებში VII კლასის ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები დარიგდება, – ამის შესახებ mshoblebi.ge-ს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა.
I–VI კლასების ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები გასულ სასწავლო წელს დარიგდა, VII კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი კი ერთი თვის წინ დასრულდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გრიფირების მიმდინარეობის პროცესში, სამინისტროში 14 საგანზე 75 განაცხადი გაკეთდა. საბოლოოდ, გრიფი 34 სახელმძღვანელოს მიენიჭა.
სახელმძღვანელოები რამდენიმე მიმართულებით შეფასდა: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა, შინაარსობრივი გამართულობა, სტრუქტურული გამართულობა, ენობრივი გამართულობა, სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა, მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა.
სახელმძღვანელოების შემფასებელთა ჯგუფში შედიოდა როგორც მასწავლებელი, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი და სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით.
სახელმძღვანელოებში ყველაზე დიდი ცვლილება, რომელმაც საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" სკოლაში დაბრუნებაა.
"ყველა პირველკლასელს იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი "დედა ენა" დაურიგდება. ეს იქნება სპეციალიზებული კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო, რომელშიც, ცხადია, არის გარკვეული ცვლილებები შესული," – აღნიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა სახის ცვლილებები შევიდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ "დედა ენაში".
მარიამ ტურძილაძე