მამა პეტრე სულთანიშვილი 2003 წლიდან ეკლესის სამსახურშია. ახლა ქუთაისში, იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლის ბზობის სახელობის ტაძარში აღავლენს წირვა-ლოცვას. არც ისე დიდი ხნის წინ, მან საკუთარ ქალიშვილს ჯვარი დასწერა.მამის ემოციური მიმართვა სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა ნახა. მამა პეტრე მამობასა და ოჯახის მნიშვნელობაზე mshoblebi.ge-სთან საუბრობს:
- 5 შვილი მყავს. თუმცა ჩემი შვილებიდან ეს დაოჯახების პირველი ფაქტი იყო და ძალიან ემოციური აღმოჩნდა. ჩემმა შვილმა ძალიან დამაფასა. რასაც ვთხოვდი, ვურჩევდი, ყველაფერში გამითვალისწინა. თავიდანვე გამიმხილა სიყვარულის შესახებ, არაფერი დაუმალავს, ყველაფერი კარგად გააკეთა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამიტომ, მინდოდა, რომ განსაკუთრებულად მოვფერებოდი. ბოლოს ყვავილები რომ მივართვი, ამის შესახებ არავინ იცოდა. საკურთხეველში მედო და იქ ვინახავდი. მინდოდა, რომ მისი დედოფლობა დამეფასებინა და ძალიან დიდი მადლობა მეთქვა იმისათვის, რომ მან მე, როგორც მამას, დიდი პატივი მცა. სახლში რომ იყვნენ მოსულები, დავლოცეთ და ჯვრისწერამდე გავიქეცი და ყვავილები ვიყიდე. როგორი გამოვიდოდა, მე თვითონაც არ ვიცოდი. უბრალოდ, ამის გაკეთება მთელი სულითა და გულით მინდოდა.
- მე და ჩემი შვილები ძალიან კარგი მეგობრები ვართ. მათ იციან, რომ რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, ჩვენ ამის გამო არ ვეჩხუბებით. დავსხდებით, გავაანალიზებთ, გამოსავალს აუცილებლად ვნახავთ. ეს ბავშობიდანვე იციან. როცა ბავშვმა იცის, რომ ოჯახში გაუგებენ და არავინ ეჩხუბება, აბსოლუტურად გულწრფელი იქნება. ამის გამოა, რომ არასდროს ჩემს შვილებს ჩემთვის არაფერი დაუმალავთ. ერთხელ უმცროს შვილს გავეხუმრე "მაგას მართლა მეუბნებ-ითქო“ და მან მითხრა, აბა, დაფიქრდი, თუ შენთვის ცხოვრებაში ტყუილი მითქვამსო და რომ გადავხედე, მართლაც ასე იყო. ჩემი შვილებით უზომოდ ბედნიერი ადამიანი ვარ.
- ჩემს შვილებთან და საერთოდ მრევლთან საუბრისას ერთადერთი წიგნი, რომლითაც მე ვსარგებლობ, ბიბლიაა. ბიბლიაში პირდაპირ წერია, ადამი, სამოთხეში მოწყენით იყო იმის გამო, რომ მან თავისნაირი ვერ იხილა. ყველა ცხოველმა, ფრინველმა, სულიერმა რომ მის წინაშე ჩამოიარა, ღმერთმა იხილა, რომ ადამი მოწყენით იყო. მისი მოწყენის მიზეზი ის იყო, რომ ამ ყველაფერში თავისნაირი ვერ დაინახა. ამიტომ, ადამს რომ თავისნაირი ჰყოლოდა, მისგან ღმერთმა ევა შექმნა. დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, ჩვენნაირს არ ვეძებთ. ვეძებთ ცოლს, ქმარს, ჩვენი შვილების მამას, მაგრამ ჩვენნაირს არ ვეძებთ. ოჯახის საფუძველი სწორედ ესაა, რომ ადამიანმა თავისნაირს დაუკავშიროს სიცოცხლე, ერთმანეთს უნდა გაუმთლიანონ ცხოვრება. როცა ქალს ან კაცს, მხოლოდ ქალად და კაცად აღიქვამ, ოჯახი გჭირდება, მაგრამ, როცა შენნაირს ეძებ - ოჯახი გიყვარს. ნებისმიერი ადამიანი უნდა ფიქრობდეს, რა არის მისთვის მამოძრავებელი ძალა - სიყვარული თუ საჭიროება. ჩემნაირი თუ ვერ ვიპოვე, სიყვარულით ვერ ვიცხოვრებ ან კიდევ ვქმნი ოჯახს იმიტომ, რომ უნდა მქონდეს. სიყვარულისთვის აუცილებელი პირობაა, რომ იპოვო შენნაირი. სულ უნდა ვცდილობდეთ, ცხოვრების მანძილზე, ერთმანეთს სიცოცხლე გავულამაზოთ.
იხილეთ კიდევ ერთი ცნობილი ვიდეო - მამა პეტრე შვილიშვილთან "საუბრობს":
შვილიშვილისა და ბაბუის საოცარი საუბარი
- რა იქნება თქვენი მიმართვა, რჩევა ახალგაზრდებისადმი?
- არა მარტო ოჯახი, არამედ ყველაფერი, ღმერთზე უნდა ააშენონ. ადამიანს სწამს თუ არა, ღმერთის იქით მაინც ვერავინ წავა. არასოდეს თავიანთი ნება ღმერთის ნებაზე მაღლა არ დააყენონ. ეს იყო პირველი, რითაც ევა სამოთხეში ბოროტმა აცდუნა. ეშმაკმა ევას უთხრა, ამ ვაშლს რატომ არ ჭამო. ევამ კი უპასუხა, რომ ღმერთმა გვითხრა, არ შეიძლებაო. ბოროტმა მიუგო, შენ რას უყურებ ღმერთს, მთავარია შენ გინდოდესო და სწორედ აქ დაუშვა ევამ შეცდომა. ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს იმიტომ, რომ როგორც ჩვენ გვინდა, ისე არასდროს არ იქნება. როგორც ღვთის ნებაა, ისე მოხდება ყველაფერი. ამიტომ, ჩემი რჩევაა, რომ თავიანთი ნება, ყოველთვის ღმერთს დაუმორჩილონ, ღვთის წყალობის კალთის ქვეშიდან არ გამოვიდნენ და ღმერთს არ დაშორდნენ. ჩემი შვილების თაობა, დარწმუნებული ვარ, ჩემს თაობაზე ბევრად მაგარი იქნება. გარდა ამისა, უნდა ვუთხრათ ჩვენს მანდილოსნებს, რაშია მათი ღირსება. რატომ იყო ოდითგანვე საქართველოში, რომ მანდილოსნებს უდიდეს პატივს მიაგებდნენ. ქალი ერის გადამრჩენელია. აუცილებელია, იყოს ქალწული, როცა თხოვდება. როცა ქართველი ქალი ქალწულია და მიჰყვება ქართველ კაცს ცოლად, როცა ქალი ერთი მამაკაცისაგან აჩენს შვილებს, ეს ნიშნავს, რომ ის ქართული გენეტიკის გადამრჩენელია. ქართველი პატიოსანი ქალი - ეს ერის გადარჩენა. ის როცა ცუდ საქციელს ჩადის, მარტო კი არ მრუშობს, ფუძესაც რყვნის. ბევრ მამაკაცს რომ გამოიცვლი ცხოვრებაში, ვერასოდეს სუფთა გენის მატარებელ შვილს ვერ გააჩენ.
თამარ იაკობაშვილი