ზესტაფონის რაიონის სოფლებში პანიკაა - ადგილობრივების თქმით, რაიონში წელს განსაკუთრებულად მოიმატა კრაზანების რაოდენობამ. მათი მტკიცებით, 2 ზრდასრული მამაკაცის გარდაცვალება სწორედ კრაზანის ნაკბენს მოჰყვა.
ახლობლების თქმით, კრაზანის კბენიდან 20 წუთში გარდაიცვალა სოფელ ბოსლევში მცხოვრები 45 წლის გაიოზ ჭუმბურიძე და სოფელ ცხრა წყაროს მკვიდრი 65 წლის ავთანდილ კვარაცხელია.
ეჭვი აქვთ, რომ მწერის ნაკბენმა გამოიწვია სოფელ საქარაში რამდენიმე დღის წინ 6 თვის ბავშვის გარდაცვალებაც.
ლია ჭუმბურიძე, გარდაცვლილი გაიოზ ჭუმბურიძის და:
- 16 ივლისს ჩემ ძმას სოკოს კრეფის დროს დაესხნენ კრაზანები, საწყალი გამოიქცა, მაგრამ რას გაექცევი კრაზანას. ერთდროულად სამმა უკბინა, ნაკბენი ჰქონდა კისერზე, ხელზე და ბეჭზე. გაუკეთეს დექსამეტაზონი, დაალევინეს კიდეც სხვა ანტიალერგული საშუალება, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. წუთებში შეშუპდა, მეუღლის და მთელი სოფლის თვალწინ გარდაიცვალა რამდენიმე წუთში. სასწრაფო დახმარების ბრიგადა რომ მოვიდა, უკვე გარდაცვლილი იყო.
- არ ყოფილა, ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. 45 წლის ჯან-ღონით სავსე კაცი იყო. მთელი სოფელი შეშინებულია, ჯიბეში ყველას დექსამეტაზონის ამპულები უდევს.
იქნებ გვიშველოს ვინმემ, ყურადღება მოგვაქციონ, გარეთ მშვიდად ვეღარ გავსულვართ. ოთახშიც არ ვართ უსაფრთხოდ, 30 ცალი მოვკალით ერთ საღამოს. საშინლად არიან გამრავლებულები. ჩვენი სახლის კედელზე ორი ბუდე აქვთ, ბუდობენ ხეებზეც. ჩემს ძმას ვერაფრით დავეხმარეთ და იქნებ სხვების დახმარება და გაფრთხილება მაინც შევძლოთ. კარგი იქნება მოსახლეობის ინფორმირება მოხდეს, როგორ უნდა მოიქცნენ დაკბენის შემთხვევაში, რომ ასეთი მძიმე შედეგი არ დადგეს.
kvirispalitra.ge ასევე ესაუბრა, კიდევ ერთი გარდაცვლილის 65 წლის ავთანდილ კვარაცხელიას მეუღლეს:
"16 ივლისს დილის 8 საათზე გავიდა შინიდან, თხილის ბაღში წავიდა, ბალახის გასაგლეჯად, მაგრამ მალევე, წუთებში დაბრუნდა, მიზეზი რომ ვკითხე, მითხრა კრაზანებმა დამკბინესო - პერანგის ქვეშ შეუძვრნენ და რამდენიმე ადგილას უკბინეს. მაშინვე მივეცი დექსამეტაზონი, მაგრამ მომენტალურად გაუშავდა სხეული და ვეღარაფერი ვუშველეთ. წელს ძალიან ბევრი კრაზანაა. ჩვენ ახლა შევწამლეთ ეზო, ძალიან გვეშინია".
ზესტაფონელები ამბობენ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, ბავშვებს ეზოში სათამაშოდ ვეღარ უშვებენ, შიშით კრეფენ ხილს, შემთხვევით ხეზე ბუდე რომ არ დააზიანონ.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე:
- კრაზანები იკბინებოდნენ და იკბინებიან ყველგან, მთელს მსოფლიოში. კრაზანის შხამი არ კლავს, კლავს ალერგია, როცა ალერგიულია ადამიანი. წელიწადში გარდაცვალების ერთი-ორი შემთხვევა, სამწუხაროდ, ხდება საქართველოშიც. გაცილებით უარესი მდგომარეობაა, მაგალითად, ამერიკაში, სადაც ათასობით ადამიანი იღუპება.
თუ ვინმეს ჰქონდა მწერის წინა ნაკბენზე (არ არის აუცილებელი კრაზანის ნაკბენი ყოფილიყო) მძიმე ალერგიული რეაქცია, მომდევნო ნაკბენმა შეიძლება ძალიან მძიმე რეაქცია გამოიწვიოს. ამიტომ ასეთ ადამიანს სულ თან უნდა ჰქონდეს ანტიალერგიული წამლები.