როცა ბავშვისთვის წიგნს ვეძებთ, ყველაზე ხშირად ზღაპრებზე ვაჩერებთ არჩევანს. ის ყველაზე სასურველი წიგნია პატარებისთვის. ზღაპარში წარმოდგენილი მითიური სამყარო ხომ ყველაზე ახლოსაა ბავშვის სამყაროსთან, ამიტომ ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ეწაფებიან მას.ხომ შეგიმჩნევიათ, როგორ ამოიჩემებენ და ასჯერ გაამბობინებენ ან წაგაკითხებენ ერთსა და იმავე წიგნსა თუ ზღაპარს. იცით რატომ ხდება ასე? ესე იგი ამ წიგნმა პატარას სულში ჰპოვა გამოძახილი და ზუსტად შეერწყა მის ემოციურ მდგომარეობას.
ამიტომაც არის, რომ ზღაპრები არასდროს ბეზრდებათ პატარებს. როცა ბავშვმა იცის, რა მოხდება შემდეგში, რით დასრულდება ზღაპარი, მის ცნობიერებაში მომავლის რწმენა და იმედი იღვიძებს. უკვე წინასწარ იცის, რომ სირთულეების მიუხედავად, ყველაფერი კარგად იქნება, რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს, ასეთი რწმენა კი ოპტიმისტურ ბუნებას უყალიბებს მას.
ეს იისფერი ზღაპრებიც საკმაოდ სქელტანიანია და ბევრ ზღაპართან უამრავ ილუსტრაციას იტევს. წაკითხვამდე ნებისმიერი ბავშვი მისი თვალიერებითაც ძალიან კარგად გერთობა. ილუსტრაციების როლი ხომ ძალიან დიდია ბავშვის შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში.
ეს მშვენიერი წიგნი პატარა მკითხველს საზღაპრეთში ამოგზაურებს. თუ ამ წიგნს წაუკითხავთ, მის გმირებთან ერთად დრაკონებსაც დაამარცხებთ, მორცხვობასა და შიშსაც დაძლევთ, იცეკვებთ, იმღერებთ, შეჯიბრებებშიც მიიღებთ მონაწილეობას, მავანსაც დაეხმარებით, წყალქვეშა სამყაროსაც გაეცნობით და ფრენა-ფრენით ცის ქვეშეთსაც შემოივლით. ეს ზღაპრები გასწავლით სიკეთეს, თანადგომას, შრომის ფასს, სიყვარულს...
ეს კი არც უბრალოდ ლამაზად ილუსტრირებული წიგნია და არც მხოლოდ ალადინისა და კონკიას თავგადასავალი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ბავშვები გატაცებით წაიკითხავენ. აქ გელოდებათ ნაირგვარ ფიგურებად ამოჭრილი გვერდები, რომლებმაც ეს მშვენიერი ზღაპრის წიგნები ჯადოსნურ სანახაობად აქცია.