86 წლის გურგენა პაპას ისტორიამ ძალიან ბევრი ადამიანი დააფიქრა და გაახსენა საკუთარი ბებია და ბაბუა. პაპას ზღვის ნახვა უნდოდა და ამიტომ შვილიშვილმა, დავით ზურაბაშვილმა, წაიყვანა და ოცნება აუხდინა. ეს კადრები კი ფოტოგრაფმა, ზაქარია ჭელიძემ, დააფიქსირა.
გურგენა პაპას შვილიშვილმა ოცნება აუსრულა და ზღვა ანახა - საოცარი ფოტოები
ისტორია სევდიანი და ნოსტალგიურია, ამიტომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ზაქარია ჭელიძე უკვე 4 წელია, პროფესიონალურად იღებს ფოტოებს. ის ამ ისტორიასა და საკუთარ ემოციებს იხსენებს:
- ჩემმა მეგობარმა მომიყვა ისტორია, რომ პაპას, რომელიც კახეთში ცხოვრობს, ზღვის ნახვა უნდოდა. ამიტომ, გადაწყვიტა, მისთვის ეს ოცნება აესრულებინა. მეც დასავლეთში ვიყავი, მითხრა, რომ მოდიოდა და წავყევი. რეალურად, არაფერი წინასწარ არ გამითვლია, უბრალოდ გადავიღე ეს ფოტოები. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო თავად ისტორია. საქართველო პატარაა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ უნახავთ მთა, ზღვა და ასე შემდეგ. მით უფრო, როცა ისტორია ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ეხება, ამბავი უფრო ემოციურია. ისე გარბის დრო და ისე ვიზრდებით, რომ ძალიან ბევრი რაღაც უყურადღებოდ გვრჩება. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ძალიან მნიშვნელოვან წამებს ვუშვებთ ჩვენი ცხოვრებიდან. ამიტომ, ვაჩუქოთ უფრო მეტი სიყვარული, გადავუხადოთ ის ამაგი, რაც ჩვენზე აქვთ, უფრო ხშირად გაგვახსენდეს და ვიფიქროთ მათზე. იმიტომ, რომ შეიძლება ეს წამი აღარასდროს დაბრუნდეს. ვფიქრობ, დასაფასებელია, რაც ჩემმა მეგობარმა გააკეთა. თუ უფრო მეტ დროს დავუთმობთ და უფრო ხშირად ვნახავთ, მოვეფერებით, ძალიან კარგი იქნება იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მათ ეს სჭირდებათ. გუშინ, გურგენა პაპამ თქვა, რომ მისთვის დაუვიწყარი დღე იყო. ეს სიტყვები მან 86 წლის ასაკში თქვა და მგონია, ამით ყველაფერია ნათქვამი.
თამარ იაკობაშვილი