თემურს და მაიას ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე შეეძინათ შვილი. ჯარისკაცმა ბიჭუნას ალექსი დაარქვა. როცა მეუღლემ ჰკითხა: "რატომ მაინცდამაინც ალექსი?" ჯარისკაცი დაჰპირდა, რომ ბავშვის ნათლობისას გაუმხელდა, "რატომ მაინცდამაინც ალექსი"... შვილი 28 აგვისტოს უნდა მოენათლათ...
8 აგვისტოს 25 წლის კაპრალი თემურ ბოკუჩავა გმირულად დაეცა ცხინვალის მისადგომებთან და ეს საიდუმლო თან ჩაიტანა მიწაში, მიწაში, რომლის დაცვასაც შესწირა თავი...
თემურ ბოკუჩავა სოხუმელი იყო. 1983 წელს დაიბადა და ათი წლისაც არ იყო, მშობლიური ქალაქი რომ დაატოვებინა მტერმა. ოჯახი სენაკში გადავიდა საცხოვრებლად. სწავლობდა სენაკის მეშვიდე საშუალო სკოლაში, რომელიც ახლა მისი სახელობისაა...
მაია ცეცხლაძე, თემურ ბოკუჩავას მეუღლე:
"ძალიან კარგი მოსწავლე ყოფილა, ამასთანავე, ძალიან ცელქი... ბავშვობა დევნილობასა და ოცნებაში გაილია - სოხუმში დაბრუნებულიყო.
თემოზე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო. ის ჩემი ცხოვრების ერთი დიდი ლამაზი ნაწილია. ჩემი სტიმულის მომცემი და დიდი სიყვარული. თემოს ძალიან დიდი გული ჰქონდა, ძალიან მოსიყვარულე მეუღლე და მამა იყო. ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა, უნდოდა საქართველოს ოფიცერი გამხდარიყო. თემო ოჯახს ეძახდა თავის სამსახურს. სოხუმში დაბრუნებაზე ოცნებობდა - სოხუმში დროშა მე უნდა ავაფრიალო პირველმაო - ამბობდა ხოლმე. მისთვის ყველაზე წმინდა სამშობლო და ოჯახი იყო.
როცა გაიგო შვილს ველოდებოდით, დღეებსა და საათებს ითვლიდა. როდესაც ბიჭი შეგვეძინა, მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. სახელიც თვითონ შეურჩია - ალექსი. რაც დავოჯახდით, ავი წინათგრძნობა მქონდა, რომ ბოლომდე ერთად ვერ ვიქნებოდით...
სახლიდან რომ გავიდა, აბაზანაში შევედი, სარეცხი უნდა გამერეცხა. მისი ტანსაცმელი - შარვალი და მაისური არ გავრეცხე, იქნებ ვერ დაბრუნდეს და მისი ბოლო ჩანაცვამი ტანსაცმელი დამრჩება-მეთქი... ასეც მოხდა... წაიკითხეთ სრულად