"ქორწილამდე ორი დღით ადრე მითხრა, ისეთ სიურპრიზს გაგიკეთებთ, არასდროს დაგავიწყდებათო" - ვიდეო, რომელიც რამდენიმე საათში ჰიტად იქცა - მშობლები

"ქორწილამდე ორი დღით ადრე მითხრა, ისეთ სიურპრიზს გაგიკეთებთ, არასდროს დაგავიწყდებათო" - ვიდეო, რომელიც რამდენიმე საათში ჰიტად იქცა

2019-08-09 06:41:40+04:00

ეს ვიდეო რამდენიმე საათში ინტერნეტჰიტად იქცა. ნია ხინთიბიძეს და იოსებ ხითარიშვილს მართლაც საოცარი საქორწილო საჩუქარი გაუკეთათ იოსების ბიძაშვილმა ზაკო ერაძემ. მოულოდნელ საჩუქარს სიძე ცრემლების გარეშე ვერ შეხვდა.

"სიურპრიზიც ასეთი უნდა. ქორწილამდე ორი დღით ადრე, ნასვამმა მითხრა, ისეთ სიურპრიზს გაგიკეთებთ, არასდროს დაგავიწყდებათო... სიტყვის კაცია და ნათქვამი აასრულა. ზაკო, მადლობა ჩვენი დღის გალამაზებისთვის და ჩემი ქმრის ასე გახარებისთვის.

...ნამდვილად შესაშურია თქვენი ბიძაშვილ-მამიდაშვილობა, ვისურვებდი, ყველას ჰყავდეს ასეთი ბიძაშვილი", - ამბობს გახარებული პატარძალი.

იოსებ ხითარიშვილი ემოციური დღის შესახებ გვიყვება:

- მე და ზაკო (ჩემი ბიძაშვილი) ფეხის ადგმიდან ერთად ვიზრდებით, ბევრი საერთო გვაქვს გამოვლილი ცხოვრებაში. იმაზე მეტად ვიცნობთ ერთმანეთს, ვიდრე შეიძლება იცნობდეს ბიძაშვილ-მამიდაშვილი. გვეუბნებოდა მე და ნიაკოს, თქვენთვის სიურპრიზი მაქვსო, რომელიც სულ გემახსოვრებათ და მე ამით ბედნიერი ვიქნებიო. ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ, ზაკომ, რომელიც მის მანქანას საკუთარი თავივით უვლიდა, ადგა და მე გადმომაბარა. ყველაფერს ვიფიქფრებდი, ამას ვერა. სხვა მანქანა რომ ეჩუქებინა, ეგეც არ იქნებოდა ამდენად გასაკვირი, როგორც ესაა.

ემოციური იყო, რა თქმა უნდა, არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ, ბავშვობიდან მანქანების მიმართ გიჟური სიყვარული მაკავშირებს. წარმოუდგენლად მიმაჩნდა, არ მჯეროდა და უბრალოდ სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა. ხალხის კრიტიკაც, რა თქმა უნდა, არ გაგვკვირვებია არც მე და არც ნიაკოს.

mshoblebi

- რაში გამოიხატა კრიტიკა?

-ჩემს ქცევას და ჩემი მეუღლის ემოციას აკრიტიკებენ, მაგრამ ბევრი ადამიანია ისეთი, ვინც სითბოს გამოხატავს, ჩვენც მათ კომენტარებს ვკითხულობთ და ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ კრიტიკოსებს.

- თქვენსა და ნიაკოზეც მოგვიყევით, რამდენი ხანია ერთად ხართ?

-13 წლის ვიყავი, როცა ნიაკო გავიცანი, 19 დეკემბერი იყო, კარგად მახსოვს. იმ დღიდან მოყოლებული მისი მეგობარი ვიყავი 17 წლამდე, მაგრამ ჩემთვის მეგობარი კი არა, მთელი ცხოვრება იყო. ოფიციალურად 4 წელი ვიყავით ერთად, ბევრი კარგი და ბევრი ცუდიც გამოვიარეთ ერთად, მაგრამ 13 წლიდან მოყოლებული დღემდე სხვა გოგო არ მყვარებია. 2019 წლის 3 მაისს ავდექით და 300 არაგველიდან იუსტიციის სახლამდე მოვიფიქრეთ ხელი მოგვეწერა, მივედით და ეს ნაბიჯიც გადავდგით. 12 მაისს გავაგებინეთ ყველას, მანამ არავინ იცოდა ჩვენი ქორწინების შესახებ. ბედნიერი ვარ ჩემი ნიაკოთი.

mshoblebi

თამარ იაკობაშვილი