აგვისტოში არამდგრადი ამინდების გამო ძალიან ბევრ ადამიანს ზღვის სეზონი "გაუცდა". თუმცა ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ გარუჯვას სექტემბერში მაინც შეძლებენ. როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში, შეიცვლება თუ არა ტემპერატურა ფერისცვალების შემდეგ და რა ტემპერატურას ვარაუდობენ სექტემბერში. ამ თემაზე სვეტლანა ნიორაძეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსს, გავესაუბრეთ.
- დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში დღეს უნალექო ამინდია. დღის მაქსიმალური ტემპერატურა 26-31 გრადუსის ფარგლებში იქნება. 10 აგვისტოს ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, 25-30 გრადუსი დაფიქსირდება დასავლეთ საქართველოში და 35 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში. თბილისში კი ხვალ 32-33 გრადუსია მოსალოდნელი. 11 აგვისტოს ამინდი შეიცვლება, დასავლეთ საქართველოში ყველგან იწვიმებს, მაგრამ ამინდის მკვეთრ გაუარესებას არ ველოდებით. ტემპერატურა დაიკლებს, დასავლეთ საქართველოში 23-28 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში კი 27-32 გრადუსი. 12 აგვისტოდან ისევ გამოიდარებს და 17 აგვისტომდე შენარჩუნდება. 18 აგვისტოს კი ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. თვის ბოლომდე დაზუსტებით პროგნოზს ვერ გეტყვით, მაგრამ აგვისტოში ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით ერთი გრადუსით დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ აგვისტოს ბოლომდე ძალიან ცხელი ამინდები არ უნდა იყოს. ცალკეულ დღეებში 35 გრადუსამდე შეიძლება მოიმატოს ტემპერატურამ როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
თამარ იაკობაშვილი