"ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ, საქართველოს დამსახურებულ პედაგოგს, სამამულო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს ელისაბედ გოგიას, თბილისის მერის კახა კალაძის სახელით, 100 წლის იუბილე მიულოცეს.
ელისაბედ კორსაველი-გოგიას პედაგოგური მოღვაწეობის 63 წლის სტაჟი აქვს, საიდანაც 50 წელი თბილისის 57-ე საშუალო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად იმუშავა. ქალბატონმა ლიზამ საყვარელი სკოლა, ოჯახის დაჟინებული თხოვნით, 82 წლის ასაკში დატოვა.
ელისაბედ კორსაველი-გოგია, მრავალი წლის განმავლობაში იყო საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს დაწყებითი კლასების ქართული ენის პროგრამების შემდგენელი კომისიის წევრი, სახელმძღვანელოებისა და დამხმარე მეთოდიკის წიგნების რეცენზენტი, ასევე, პედაგოგიური ინსტიტუტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის წევრი.
„63 წლის პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში ძალიან ბევრი თაობა აღვზარდე, შევასწავლე ქართული ანბანი, წერა-კითხვა. ვასწავლე ჰუმანურობა, კაცთმოყვარეობა, სიკეთე, მეგობრობა. დღესაც ბევრი ჩემი ყოფილი მოსწავლე წარმატებული მოქალაქეა.
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, ოჯახებთან ერთად, სიკეთეს და წარმატებას თქვენს საქმიანობაში. იცოცხლეთ ჩემსავით დიდხანს. უფალი იყოს თქვენი მფარველი“, – ნათქვამია ელისაბედ გოგიას მიერ დაწერილ, კახა კალაძის, მერიისა და გამგეობის თანამშრომლებისადმი მიძღვნილ სამადლობელ წერილში.
თბილისის მერიის „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ, საბანკო ანგარიშზე 1000 ლარი ერიცხებათ."
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური