დუგ ლინდსი 21 წლის იყო, როცა მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ის ბიოქიმიას სწავლობდა და ბოლო კურსის პირველ დღეს სახლში დაბრუნებული სრულიად მოულოდნელად დაეცა. ეს ამბავი 1999 წელს მოხდა. სიმპტომები, რაც ახასიათებდა, განუკურნებელ დაავადებაზე მიანიშნებდა. ლინდსი მუდმივად გრძნობდა სისუსტესა და თავბრუსხვევას, გულისცემა კი ძალიან სწრაფი იყო. 15 მეტრზე მეტის გავლა არ შეეძლო და 2 წუთზე მეტს ვერ დადიოდა ფეხით.
მომდევნო 11 წელი დუგი საწოლს მიეჯაჭვა და უნდოდა, ამოეხსნა საშინელი დაავადების საიდუმლო. ექიმები უშედეგოდ ცდილობდნენ მის დახმარებას, არც ერთი პროცედურა არ დაეხმარა გამოჯანმრთელებაში. ბოლოს კი მიხვდა, რომ თუ სურდა, ჩვეულებრივ ცხოვრებას დაბრუნებოდა, თავად უნდა ეშველა საკუთარი თავისთვის.
ლინდსს დაავადება მემკვიდრეობით ერგო. როდესაც 18 თვის იყო, დედამისი ისე დასუსტდა, რომ მისი ხელში აყვანა არ შეეძლო. როცა ბიჭს 4 წელი შეუსრულდა, დედას სიარულიც კი აღარ შეეძლო. მან მთელი ცხოვრება საწოლში გაატარა. ექიმებმა ზუსტი დიაგნოზი ვერ დასვეს. მათთვის მხოლოდ ერთი რამ იყო ცხადი, დაავადება რატომღაც ფარისებრ ჯირკვალს უკავშირდებოდა. იგივე დაავადება ჰქონდა ლინდსის დეიდას და დამოუკიდებლად ფეხსაცმლის ჩაცმაც კი არ შეეძლო.
ბიჭი გაეცნო სამედიცინო ლიტერატურას და კითხვებზე პასუხებიც იპოვნა. მან კონსულტაცია გაიარა ენდოკრინოლოგთან, ნევროლოგთან და სხვადასხვა პროფილის ექიმთან. როცა ყველა მათგანის მოსაზრება გაიგო, შემდეგ მიმართა ფსიქიატრს. გააცნობიერა, რომ პრობლემის მოგვარება საკუთარ თავზე უნდა აეღო. ჯერ კიდევ კოლეჯში ყოფნის პერიოდში, იპოვნა 2200-გვერდიანი ენდოკრინოლოგიიის სახელმძღვანელო იმ იმედით, რომ დედას უშველიდა. ლინდსიმ აღმოაჩინა მნიშვნელოვანი პუნქტი, რომ თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს ჰგავდეს. ის მიხვდა, რომ პრობლემა ფარისებრ ჯირკვალში კი არა თირკმელების ზემოთ მდებარე ჯირკვლებში იყო.
მრავალი სამედიცინო სახელმძღვანელოს შესწავლის შემდეგ ლინდსიმ წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ნერვული სისტემის დაავადებების მთელი კლასი ჩვეულებრივი კატეგორიების მიღმა შეიძლება არსებობდეს, რომლებიც ენდოკრინოლოგებისა და ნევროლოგების უმეტესობისთვის ცნობილია. მან იყიდა კომპიუტერი, მოიწვია კიდევ ერთი დაინტერესებული მეცნიერი და დაიწყო მუშაობა. შედეგად, ლინდსიმ აღმოაჩინა დაავადება, რომლის არსებობის ექიმებსაც არ სჯეროდათ.
საკუთარ აღმოჩენაზე სამეცნიერო კონფერენციაზე ისაუბრა, რამაც სენსაცია გამოიწვია სამედიცინო წრეებში. ფაქტია, რომ მრავალმა ტესტმა და გამოკვლევამ ვერ გამოავლინა მის სხეულში არსებული დაავადება. ლინდსის გაუჩნდა ეჭვი, რომ თირკმელზედა ჯირკვალში მოხდა ფორმირება, რომელსაც სიმსივნური მოქმედება ჰქონდა.
2006 წელს ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მისი თირკმელზედა ჯირკვლები "ბრწყინავს“ და ეს ანომალია ზუსტად ესადაგებოდა მისსავე თეორიას. ბოლოს მან დასვა დიაგნოზი: თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თირკმელზედა ჯირკვლების ფენა ზედმეტად გაიზარდა და სიმსივნის მსგავსი მოქმედება დაიწყო. ლინდსის თირკმელზედა ჯირკვალი ზედმეტ ადრენალინს გამოიმუშავებდა.
ექსპერტებმა ეჭვი შეიტანეს აღმოჩენის სისწორეში, მაგრამ მას გავლენიანი ექიმი დაეხმარა და სხვებმაც მოუსმინეს. სამედიცინო ლიტერატურაში ლინდსიმ აღმოაჩინა ორმხრივი თირკმელზედა ჰიპერპლაზიის 32 შემთხვევა. მან იპოვა მარტივი გამოსავალი, თუ თავის თირკმელზედა ჯირკვლებიდან დაზიანებულ ფენას ამოიღებდა (როგორც მოხარშული კვერცხიდან გულის გამოცალკევება), მაშინ დაავადება უკან დაიხევდა. მან დაწერა 363-გვერდიანი ანგარიში, სადაც აღწერა თირკმელზედა ჯირკვლების ტვინის შრის ამოღების შესახებ. 18 თვის განმავლობაშ ეძებდა ქირურგს, რომელიც დასთანხმდებოდა ოპერაციის გაკეთებაზე. 2010 წლის სექტემბერში მას ჩაუტარდა ოპერაცია, ქირურგმა წარმატებით ამოიღო თირკმელზედა ჯირკვლის ე.წ. ტვინის ფენა.
3 კვირის შემდეგ, ლინდსის უკვე შეეძლო სამი საათი გადაბმულად ისე მჯდარიყო, რომ არ წაქცეულიყო, შობა ღამეს ეტლი სახლში დატოვა და ფეხით ნახევარი კილომეტრი გაიარა. 2012 წელს მას კიდევ ჩაუტარდა ოპერაცია მეორე თირკმელზედა ჯირკვალზე. ერთი წლის შემდეგ კი ის და მისი მეგობრები ბაჰამის კუნძულებზე გაფრინდნენ. აქამდე მას ზღვა არასდროს ენახა.
2014 წელს ლინდსიმ შეწყვიტა დამხმარე მედიკამენტების მიღება, რომელზეც 11 წლის განმავლობაში იყო დამოკიდებული. მან წარმოუდგენელი რამ შეძლო - გადაარჩინა საკუთარი თავი. სამწუხაროდ, დედის შველა ვერ მოასწრო - ქალი უკვე ძალიან სუსტად იყო და 2016 წელს გარდაიცვალა.
16 წლის შემდეგ დუგ ლინდსიმ საბოლოოდ დაასრულა უნივერსიტეტი და მიიღო ბიოლოგის ხარისხი. ახლა 41 წლისაა. კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტებში, ატარებს ბიო-სამედიცინო კვლევებს და თავს მშვენივრად გრძნობს. რაც მთავარია, არ კარგავს საკუთარი თავისა და ადამიანური შესაძლებლობების მიმართ რწმენას.