სამწუხაროდ, კიდევ ერთი კარგი მუსიკოსი წავიდა ამ ქვეყნიდან. ჯგუფ "შინ"-ის სოლისტი მამუკა ღაღანიძე განუკურნებელ სენს ემსხვერპლა. მეგობრები ემოციურ სიტყვებს უძღვნიან მუსიკოსს, მათ შორისაა ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც მამუკა ღაღანიძეს სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით და მის მიერ ნატო მეტონიძესთან ერთად შესრულებული საოცარი კომპოზიციით ეხმაურება:
"2002-2003 წლებში ჩავწერეთ ჩემთვის და ნატოსთვის ნამდვილად ისტორიული ალბომი გია ყანჩელის კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მუსიკის ჩემეული ვერსიებით, საპრემიერო კონცერტებიც შედგა ოპერის თეატრში და მე და ნატოს დღემდე მოგვყვება ამ ნამუშევრით გამოწვეული პატივისცემა და აღიარება მუსიკისმოყვარულთა მხრიდან. ჰოდა ამ დისკში ბოლო სიმღერაა "ჰერიო ბიჭებო", რომელშიც ჯერ ისმის საარქივო ჩანაწერი ჯანსუღ კახიძის გენიალური შესრულებით, მერე კი მღერის ნატო და მასთან ერთად ულამაზესი, ნატიფი და სულში ჩამწვდომი ხმით მამუკა ღაღანიძე, რომლის მონაწილეობაც ჩვენს ჩანაწერში თავად კომპოზიტორმა მოისურვა და შემოგვთავაზა. მე მაშინ გავიცანი მამუკა და ძალიან შემიყვარდა. მერე გია ყანჩელმა დაწერა კლასიკური ნაწარმოები "პატარა იმბერი", რომლის პრემიერა ინგლისში გაიმართა ჩემი დირიჟორობით, მამუკას სოლო ვოკალითა და ბრიტანული ორკესტრით, მალევე დაინტერესდა ნაწარმოებით ECM, ინგლისშივე ჩაიწერა და გამოიცა. მამუკასთან ერთად მოგვიანებითაც შევასრულეთ ეს ნაწარმოები, რომელიც აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მშობლებს მიეძღვნა. ეს გულმოკლული ადამიანები თავად ესწრებოდნენ საღამოს და ასეთი ემოციური კონცერტი არც კი მახსოვს ოდესმე თუ მქონოდეს კიდევ...
დღეს გავიგე რომ მამუკა ღაღანიძე, რომელიც ადრეულ ასაკში გერმანიაში გადასახლდა (ანსამბლ "შინ"-ის სოლისტი გახლდათ) გარდაიცვალა. ძალიან ახალგაზრდა... ვერ მოერია მომაკვდინებელ სენს, იბრძოლა, იბრძოლა და მაინც ნაადრევად დატოვა ეს სამყარო.
ნათელში იყოს მისი სული, რომელიც ყველაზე კარგად იკითხება მის ბგერაში, რადგან დარწმუნებული ვარ ადამიანის ხმის ჟღერადობა ყველაზე ზუსტად ასახავს მის შინაგან ბუნებას და სულიერ სამყაროს. მამუკას ბგერა კი იყო ღვთიური და ძალიან ძალიან კეთილი.
მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე..."