ეს ლეგაა, რომელსაც ძალიან დიდი ხნის ოცნება აუხდინეს მშობლებმა და ლეკვი აჩუქეს. ვიდეო, რომელზეც ეს მომენტია ასახული, საკმაოდ ემოციური გამოდგა და სოციალურ ქსელშიც აიტაცეს. გვიყვება ლეგას დედიკო მაია შერვაშიძე:
- ამ ვიდეოში სიურპრიზად დახვედრებული ცელქი ლეკვი და შეშინებული ლეგაა, რადგან ერთი კვირის უკან ქუჩის ორი დიდი ძაღლი გამოეკიდა, წააქციეს, შეშინდა და აცრები დასჭირდა... ამიტომ გაბედულად ვერ შეეგება ჩვენს ახალ ბინადარს.
ლეგას პირველი შეკითხვა: "მართლა ჩემია?" მეორე შეკითხვა: "აცრილია?" მესამე შეკითხვა: "ჩემია მთელი ცხოვრება?"
დაახლოებით 4 წლის ასაკიდან დაიწყო ფიქრი და ოცნება ლეკვზე. კორპუსის ბინაში ლეკვს რომ ვერ მოვიყვანდით, თავიდანვე ავუხსენით. თან ჩვენ გვქონდა კარგი დასაიმედებელი ფაქტორიც, ახალ სახლში როგორც კი გადავიდოდით, მაშინვე მოვიყვანდით ძაღლს. სახლის მშენებლობა რაც უფრო დასასრულს უახლოვდებოდა, მით უფრო აქტუალური გახდა ეს თემა ჩვენს ოჯახში. ლეგაზე არანაკლებ ვოცნებობდით ლეკვზე მშობლებიც. ეს ალბათ ჩვენი ბავშვობის ოცნებაც იყო, რომელიც არ აგვხდენია.
ბედად ლეკვი ჩემი ძმის ოჯახში სულ მოულოდნელად გამოჩნდა რამდენიმე დღის წინ - ერთმა კეთილმა გოგომ მიიყვანა ფეხმოტეხილი. დედაჩემმა მოარჩინა და შემდეგ ჩვენ გვითხრა, რომ სწორედ საჩვენო ძაღლი იყო...
ლეგას ასეთ ემოციას ველოდი და ჩაფიქრებული მქონდა ვიდეოს გადაღება. ვითომ სახლის რემონტის დასათვალიერებლად მისულ ბავშვებს აივანზე დახვდათ ცოტა ძალიან ცელქი და საყვარელი ლეკვი. ის ახლა ჩვენი ოჯახის წევრია.