ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა საკუთარ სათხილეში იმშობიარა და ახალშობილი მიატოვა. ადგილობრივი მედიკოსების ინფორმაციით, ახალშობილის დედა, 31 წლის ქალი, ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გამთენიისას, საშვილოსნოდან სისხლდენით შეიყვანა. ექიმებმა იეჭვეს, რომ ქალი ახალნამშობიარები იყო, თუმცა არაერთი კითხვის მიუხედავად, ის მომხდარს მალავდა. ექიმებმა სამართალდამცველები გამოიძახეს, რომლებმაც ქალბატონის საცხოვრებელი სახლის სათხილეში ახალშობილი იპოვეს.
„ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს. ახალშობილი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომ პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე გამოიძახეს. ვიდრე მედიკოსები აგდილზე მივიდოდნენ, სამართალდამცველებმა თავად აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჩვილი ერთ-ერთმა პოლიციელმა ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს“, - აცხადებენ შსს-ში.
როგორც ცნობილი გახდა, პოლიციელი, რომელმაც ჩვილს სიცოცხლე შეუნარჩუნა, 39 წლის პოლკოვნიკი აჩიკო (არსენ) ახალკაცია. ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გახლავთ. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩვილის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მედიკოსებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ამ დროისთვის ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მერი ბლიაძე