თუ ფიქრობთ, რომ სამოდელი ბიზნესში გადამწყვეტი მნიშვნელობა მხოლოდ სასიამოვნო ფიგურასა და ლამაზ სახეს ენიჭება, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელის მოდელის პროფესიაზე არაფერი გსმენიათ. ნებისმიერ წარმატებულ ბრენდს უამრავი რეკლამა აქვს, რომელშიც სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილი ჩანს - ხელები.
ნინა ტეილორი წარმატებული მოდელია, რომელსაც 20 წელზე მეტია მოდის ინდუსტრიაში იღებენ. თუმცა მისი ცნობა ქუჩაში ბევრს გაუჭირდება, რადგან კადრში მხოლოდ მისი ხელები ჩანს.
ნინა ძალიან ბევრი ცნობილი ბრენდის რეკლამაში მონაწილეობდა, ათასობით ბილბორდზე გამოჩნდა, თუმცა ამის მიუხედავად, კვლავ მოთხოვნადია და სიამოვნებით თანხმდება ნებისმიერ რეკლამაში გადაღებაზე, თუნდაც ეს ნაკლებად ცნობილი ბრენდი ან სახლის საწმენდი საშუალებები იყოს.
შრომისმოყვარეობისა და პროფესიონალური მიდგომის წყალობით მან მრავალი წელი შეინარჩუნა საუკეთესოს სტატუსი ამ სფეროში.
ახალგაზრდობაში ნინამ ყურადღება მიაქცია თავის ხელს, როგორი ნაზი და ლამაზი იყო და როგორ განსხვავდებოდა ის სხვა ადამიანების ხელებისაგან, მაგრამ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მათი წყალობით ფულს იშოვნიდა. მიიღო კლასიკური საბალეტო განათლება და საკუთარ თავს მოცეკვავის ამპლუაში ხედავდა.
ერთხელ ბიძაშვილმა გადაღებაზე მიიწვია და მაშინ აღმოაჩინა, რომ გასაოცარი ნიჭი ჰქონდა. ერთი შეხედვით, შესაძლებელია მოგეჩვენოთ, რომ მსგავსი სამსახურისათვის მხოლოდ ლამაზი ხელია საჭირო. სინამდვილეში კი ასე არ არის. მოდელს საკუთარი ხელის კონტროლი და მოხდენილი მოძრაობების უნარი უნდა ჰქონდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურება ხელი კადრში. გარდა ამისა, ყოველთვის უნდა ჰქონდეს იდეალური მანიკური, ნებისმიერი ლაქა ან მუწუკი დაუშვებელია. კანი და ფრჩხილები მუდმივ ზრუნვასა და მოვლას მოითხოვს.
მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ნინა, როგორც ხელების მოდელი, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა ხელებზე ზრუნვას და ცდილობდა, იდეალურ მდგომარეობაში ჰქონოდა. ახლა საკუთარ გამოცდილებას სხვებსაც უზიარებს. დღეში 6 000 დოლარზე მეტს გამოიმუშავებს.
ნინა ტეილორი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Chanel, Fendi, Jimmy Choo, Tom Ford. ფოტოსესიაში მონაწილებდა ჯენიფერ ლოურენსთან, სკარლეტ იოჰანსონთან და ჰაიდი კლუმთან ერთად. მოდელის აზრით, გადაღებები ძალიან საინტერესოა და კადრს მიღმა პროცესი სრულიად განსხვავდება იმისაგან, რასაც კადრში ადამიანები ხედავენ.
ზოგიერთს შეიძლება ეს ყოველივე სევდიანად და მოსაწყენად მოეჩვენოს, რადგან კადრში მხოლოდ ხელები ჩანს, მაგრამ ნინა ყველაფრით კმაყოფილია. მისთვის სასიამოვნოა, ყოველ მეორე ბილბორდზე საკუთარი ხელების ნახვა.