გაუტეხელი და დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლო, ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე აგვისტოს 35 წლის გახდებოდა. ვაზიანის 41-ე ბატალიონის კაპრალი 2008 წლის ომის დროს 24 წლის იყო. ის 9 აგვისტოს დაიკარგა, მაშინ, როდესაც ვაზიანის 21-ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა...
შემდეგ გავრცელდა ცნობილი კადრები, რომელზეც ჩანს, როგორ აწამებენ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები და აიძულებენ მიწას აკოცოს, თუმცა, გმირი ბოლომდე უწევს წინააღმდეგობას.
ქართველი კაპრალი 2008 წლის ნოემბრამდე დაკარგულად ითვლებოდა, ნოემბერში კი ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს. გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ მათგან ერთ-ერთი ანწუხელიძე იყო. ოჯახის წევრების თქმით, ცხედარი საშინლად იყო დასახიჩრებული.
ქართველი სამხედრო სიცოცხლეში 195 სმ-მდე იყო, თუმცა, ცხედარი 180 სმ-მდე იქნებოდა, რამაც თავდაპირველად ოჯახის წევრები დააბნია, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ ასეთი სხვაობის მიზეზი ცხედრის ძლიერი დაზიანება იყო...
AMBEBI.GE ანწუხელიძის მეუღლეს მაკა ჩიქვილაძეს ესაუბრა:
- 35 წლის გახდებოდა... დღეს მე და მისი მეგობრები, კოჯორის სერჟანტთა აკადემიიდან მასთან ერთად ვართ, მუხათგევრდზე. უამრავი მისი მეგობარი, პრაქტიკულად ნახევარზე მეტი, იმ ომს შეეწირა. ვინც დარჩა, ზოგი წასულია, თუმცა, ვინც აქ არის, არ ვავიწყდებით, ყოველთვის გვკითხულობენ...
- სტრასბურგის სასამართლოზე ახალი ხომ არაფერია?
- არაფერი ვიცით, ამ თემაზე ჩვენთან კავშირი არავის აქვს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამრთლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა რომ საქართველოში იმყოფებოდა, მაშინ დაგვიბარეს იუსტიციის სამინისტროში და დამატებით გაგვესაუბრნენ.