70 წლის მერილ სტრიპი და 72 წლის დონ ჰამერი 41 წელია ერთად ცხოვრობენ და ერთმანეთს ისეთივე სიყვარულით უყურებენ, როგორც წლების წინ. თუმცა, ცოტამ თუ იცის, ბედნიერ ქორწინებას სიყვარულის ტრაგიკული ისტორია რომ უძღვის.
70 წლის მერილ სტრიპი ატიპიური მსახიობია. არა სილამაზის ჰოლივუდური გაგებით, არამედ დახვეწილი გარეგნობისა და წარმოუდგენლად ბუნებრივი ქარიზმით. მას მთელ მსოფლიოში იცნობენ და უყვართ. რეკორდსმენია "ოსკარის“ ნომინაციების რაოდენობით, გარდა ამისა, ერთგული მეუღლე და მრავალშვილიანი დედაა. მის ბიოგრაფიაში არც ერთი შავი ლაქა არ არის. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მსახიობის ცხოვრებაში ბევრი წლის წინ ყველაფერი სხვანაირად იყო. საყვარელი მამაკაცის დაკარგვის შემდეგ, არც მას სურდა ცხოვრების გაგრძელება...
მერი ლუიზა სტრიპმა ადრეული ასაკიდან იცოდა, რომ საკუთარი ცხოვრების სამსახიობო კარიერასთან დაკავშირება უნდოდა. კოლეჯი დრამის სპეციალობით დაასრულა და დამწყებმა მსახიობმა იელის დრამატულ სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად გრანტი მიიღო. სამი წლის შემდეგ სასწავლებელი არა მარტო ახალი ცოდნით, არამედ ახალი სახელითაც დატოვა: გოგონამ მერილ სტრიპის ფსევდონიმი მიიღო და სწორედ ამ სახელით წავიდა 1974 წელს ბროდვეის დასაპყრობად. 25 წლის მსახიობის ნიჭი მალევე აღიარეს და ყველაზე ცნობილ სპექტაკლებში მთავარი როლი მიიღო.
ამ დროს მერილ სტრიპმა არა მხოლოდ სასურველი და საოცნებო როლები ითამაშა, არამედ იპოვა ცხოვრების სიყვარული. 1975 წელს დაიწყო სპექტალის რეპეტიციები ნიუ-იორკში შექსპირის ფესტივალისთვის. გოგონამ მთავარი როლი შეასრულა, ხოლო მისი სასცენო პარტნიორი 40 წლის ჯონ კაზალი იყო. ის ცნობილი კინომსახიობი გახლდათ და მთელი მსოფლიო, როგორც ფრედო კორლეონეს, ისე იცნობდა ფილმიდან "ნათლია“. მსახიობებს შორის ნაპერწკალი მაშინვე გაჩნდა, როცა ერთმანეთს პირველად შეხვდნენ სცენაზე.
ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. მერილმა და ჯონმა მალე ერთად გადაწყვიტეს ცხოვრება ნიუ-იორკში. გარედან თითქოს ჩანდა, რომ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ: გოგონა თეატრის დამწყები მსახიობი იყო, ჯონი კი - უკვე შემდგარი კინოვარსკვლავი. მერილ სტრიპი გარედან ძალიან სერიოზული ჩანდა, ჯონი კი ცოტა მორცხვი, მაგრამ გულისხმიერი. 14-წლიანი ასაკობრივი სხვაობა არც ერთს არ აწუხებდა. მათ ბევრი საერთო ჰქონდათ, ურთიერთობაში კი მხოლოდ სიყვარული და ურთიერთგაგება იყო.
ჯონი მერილისთვის პირველი დიდი სიყვარული იყო, არადა, ჯონი უკვე დაქორწინებული გახლდათ. თუმცა, მათ ისე უყვარდათ ერთმანეთი, ამას ხელი არ შეუშლია. უფრო მეტიც, ჯონმა სტრიპს ისიც უთხრა, რომ როგორც კი ფილმის გადაღებები მორჩებოდა, აუცილებლად შეიტანდა განცხადებას განქორწინებაზე. მსახიობების ურთიერთობაზე ყველა საუბრობდა. მათი სიყვარული კი უსაზღვრო ჩანდა.
კაზალი მერილისთვის კინოსამყაროში მეგზური გახდა. 1975 წელს მან "კინგ-კონგში“ მონაწილეობა შესთავაზა. სამწუხაროდ, მსახიობის აღნაგობა არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც ფილმის რეჟისორს სურდა. ბევრი შრომა დასჭირდა ჯონს, რომ დაერწმუნებინა მერილი, "ჯულიას“ გადაღების ქასთინგზე გასულიყო. ამჯერად, ყველაფერი წარმატებით დასრულდა. სტრიპი მეორეხარისხოვან როლზე დაამტკიცეს. კინოდებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. მსახიობი ფილმში "ირმებზე მონადირე“ მიიწვიეს. ამჯერად უკვე მთავარ როლზე. ჯონი და მერილი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდნენ, სეირნობდნენ, მუშაობდნენ და ერთად გეგმავდნენ მომავალს, თუმცა მათი ბედი განსხვავებული იყო.
ფილმის გადაღების დაწყებამდე ჯონი ცუდად გახდა. გამოკვლევების დასრულების შემდეგ, დიაგნოზი ფატალური აღმოჩნდა - მეოთხე სტადიის ფილტვის კიბო. რეჟისორი ძალიან ნერვიულობდა ფილმის მომავალზე, თუმცა მერილის დაჟინებული მოთხოვნით გრაფიკი შეიცვალა. ყველა სცენა გადაიღეს ჯონის მონაწილეობით, რომ მოესწრო. ამ დროის განმავლობაში, სტრიპი საყვარელი ადამიანის გვერდით იყო და ეხმარებოდა.
"არასდროს შევხვედრივარ ჩემს ცხოვრებაში ადამიანებს, რომლებსაც ასე უყვარდათ და უერთგულებდნენ ერთმანეთს, როგორც ჯონი და მერილი. მისი სიყვარული ჯონისადმი უსაზღვრო იყო“, - იხსენებს რობერტ დე ნირო, რომელიც მსახიობებთან ერთად მონაწილეობდა ფილმში.
"ჯონი ისევ ძალიან ცუდადაა და ხანდახან საავადმყოფოში გადაგვყავს. მასზე შესანიშნავად ზრუნავენ და მეც ვცდილობ, რომ საქმის გარეშე არ გავჩერდე და ხელები არ ჩამოვუშვა. ყოველ ჯერზე ვაჩვენებ თავს, რომ ყველაფერი კარგადა. ეს ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს“, - წერს მერილი თეატრის ხელმძღვანელისათვის გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში.
"ირმებზე ნადირობის“ შემდეგ მერილმა სერიალში "ჰოლოკოსტი“ მიიღო მონაწილეობა. გადაღებები ავსტრალიაში მიმდინარეობდა. ის ხედავდა, რომ ჯონის მდგომარეობა უარესდებოდა, მაგრამ გადაფრენა არ შეეძლო. ამ შემთხვევაში, კონტრაქტის თანახმად, მას ძალიან დიდი თანხის გადახდა მოუწევდა, რაც არ ჰქონდა. თუმცა, ჯონმა მოახერხა მისი დარწმუნება და დარჩენაზე დაითანხმა მისივე კარიერული ზრდისთვის.
მერილმა პირველად და უკანასკნელად გააკეთა რთული არჩევანი კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის. გაფრინდა გადაღებებზე, ჯონი კი ნიუ-იორკში დარჩა. მსახიობი დიდი მონდომებით თამაშობდა, მაგრამ საყვარელ ადამიანზე ფიქრი თავს არ ანებებდა. რამდენიმე თვის შემდეგ მერილმა ძლივს იცნო ჯონი. ის უბრალოდ გამქრალი იყო. სტრიპი სულ ფიქრობდა, რომ ჯონი ამ დაავადებას მოერეოდა. სამი თვის განმავლობაში უვლიდა და ყველა ოცნება, გეგმა ერთ წამში გაქრა. "ყველაფერი კარგადაა, მერილ“, - ჯონმა თვალები დახუჭა და აღარც გაუხელია. ეს 1978 წლის 12 მარტს მოხდა.
მას შემდეგ, მერილი დამნაშავედ გრძნობდა თავს, რომ უკანასკნელი პერიოდი ვერ გაატარა საყვარელ ადამიანთან. თუმცა პროექტმა, რომლის გამოც საყვარელი ადამიანი დატოვა, მრავალი ჯილდო დაიმსახურა. მერილმა კი საუკეთესო მსახიობის ჯილდო მიიღო. მას ეს არ ახარებდა, აღარ შეეძლო იმ სახლში დაბრუნება, სადაც ორი ყველაზე ბედნიერი წელი გაატარა საყვარელ ადამიანთან ერთად. იქ თითოეული ნივთი ჯონის თავს ახსენებდა. მეორე ვერსიით, იმ სახლიდან ჯონის კანონიერმა მეუღლემ გამოაგდო. ფაქტია, მერილი ქუჩაში დარჩა...
გოგონას დახმარება ძმამ შეძლო. შესთავაზა, რომ მისი მეგობრის, ახალგაზრდა მოქანდაკის, დონ ჰამერის ბინაში გადასულიყო. ის ევროპაში გაემგზავრა. მსახიობიც დასთანხმდა შეთავაზებას. ერთ დღეს სტრიპი გადაღებებიდან დაბრუნდა და ბინაში სახლის მეპატრონე აღმოაჩინა. ჰამერი სახლში დაბრუნდა. მერილს ძალიან გაუკვირდა, თუმცა მალე დონის სახით ერთგული მეგობარი შეიძინა.
"მერილი განადგურენული იყო ჯონ კაზალის გარდაცვალებით. მე ამას ვხედავდი და ვცდილობდი, დავხმარებოდი მდგომარეობიდან გამოსვლაში“, - იხსენებს დონი. ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ მან მალევე სთხოვა სტრიპს ხელი, გოგონა კი ჯონის გარდაცვალებიდან ნახევარი წლის შემდეგ დასთანხმდა.
"ჯონი არასდროს დამავიწყდება, მაგრამ ცხოვრება უნდა გავაგრძელო. დონმა კი მაჩვენა, ეს როგორ უნდა გავაკეთო“, - იხსენებს სტრიპი.
მათ შორის გრძნობა არასდროს გამქრალა. 41 წელია ერთად ცხოვრობენ და ოთხი შვილი ჰყავთ, ერთმანეთს კი ისევ ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით უყურებენ, როგორც ადრე.
ჯონის სიკვდილმა მერილს ძალიან კარგი მაგალითი აჩვენა, რომ არასდროს უნდა დაეყენებინა პროფესია ოჯახზე მაღლა. ამის შემდეგ, სტრიპი არ თანხმდება ისეთ გადაღებებს, რომლის დროსაც ოჯახის დიდი ხნის განმავლობაში დატოვება მოუწევს. ჰამერიც ძალიან უწყობს ხელს და ყველაფერში ეხმარება მეუღლეს.
"ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთის გესმოდეთ და ხანდახან ენაზე კბილის დაჭერაც შეგეძლოთ“, - ამბობს მერილი. ერთადერთი, რის გამოც შეიძლება წყვილმა იკამათოს, გასარეცხი ჭურჭელია.
2012 წელს სტრიპმა მესამე "ოსკარი“ აიღო. სცენაზე ასულმა მსახიობმა ასეთი რამ თქვა: "პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ქმარს. მინდა იცოდეს, რომ თუ კი რამ ამ ცხოვრებაში ჩემთვის ფასეულია, ყველაფერი მას უკავშირდება“. ემოციურმა სიტყვებმა ბევრი მაყურებელი აატირა.
დღეს კი, მსახიობი ყველას აჩვენებს, რა მნიშვნელოვანია სწორი არჩევანის გაკეთება და ნებისმიერი წუთის დაფასება. მისი წყალობით, ვხედავთ, რომ შესაძლებელია იყო ბედნიერი ოჯახშიც და პროფესიაშიც ერთდროულად. რაც მთავარია, არ შეგეშინდეთ რაღცების დათმობა, შესაძლებლობა ბევრგანაა, ოჯახი კი ერთია.
მერილ სტრიპი: ''თავის გადაპარსვა მინდოდა, მაგრამ ქმარმა ამიკრძალა...''