მარიამ სიბრილაძეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს - იშვიათი ნებისყოფისა და პოზიტიურ გოგონას, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა. მარიამი ამჯერად ერთი უკრაინელი გოგონას ამბავს უზიარებს მკითხველებს საზღვარგარეთის ერთ-ერთი კლინიკიდან, სადაც თავადაც გადის რეაბილიტაციას:
"მე და ალა პირველად რადიოლოგიური განყოფილების მოსაცდელში შევხვდით ერთმანეთს, ძვლის სკინტიგრაფია უნდა გაგვეკეთებინა. სიფრიფანა გოგოა, ძალიან გამხდარი და ნაზი, 38წლის, კიევიდან. ერთმანეთი გავცანით და სანამ რიგი მოგვიწევდა, პუტინს უშვერი სიტყვებით ვაგინეთ და წარმოდგენა არ გვქონდა, რომ ორივეს ერთი და იგივე დიაგნოზი გვქონდა - სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე.
დიაგნოზი თითქმის ერთდროულად მოვიდა, მკურნალობაც ერთდროულად დავიწყეთ. მე ყოველ მეშვიდე დღეს ვიკეთებდი ქიმიოთერაპიას, ალა - ყოველ ოცდამეერთე დღეს. ყოველ ოცდამეერთე დღეს ვხვდებოდით ერთმანეთს, ვხედავდი, როგორ ჭკნებოდა, როგორ იცრიცებოდა, როგორ ცვიოდა თმა და წამწამები. რთულად ეგუებოდა ქიმიო პრეპარატებს და თითქმის ყოველ ნახევარ საათში მისდიოდა გული. საკმაოდ რთული პაციენტი იყო და ექიმები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ მის მიმართ.
ნელ-ნელა კარგად გავხდით, მერე პეტ კვლევაზე შევხვდით, კარგად იყო, უკეთესად, ბევად უკეთესად და მიხაროდა. ორი თვეა არ მინახავს და დღეს შევხვდი, მარკერების შესამოწმებლად მოვიდა. რიგის ნომერი აიღო და მოსაცდელში კუთხეში ჩამოჯდა. მე და პაოლო (ქიმიოთერაპევტი) ყავის მანქანასთან ვდექით და როგორც ყოველთვის, ვღლიცინებდით. დავინახე ალა და გამიხარდა, მივვარდი და ჩავეხუტე. გამიღიმა და ისეთი სევდიანი იყო, ისეთი დატანჯული. ვკითხე, რა გჭირს-მეთქი. არაფერი, ცოტა დავიღალე, სიცხე მღლისო, ჯერ კიდევ სუსტად ვგრძნობ თავს და გამივლისო. და თუ სიცხე ასე გტანჯავს, გრძელმკლავიანი ჟაკეტით რატომ ხარ-მეთქი?
გაჩუმდა და ცრემლებით აევსო თვალები. უკვე მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა მის თავს. ჟაკეტის მკლავები აიწია და დალურჯებული მაჯები მაჩვენა. სულ ლურჯი ჰქონდა მკლავები, იისფერი და ყვითელი. ტიროდა, ტიროდა გაუჩერებლად, ვთხოვდი, რომ ეთქვა რა ხდებოდა, რომ დავეხმარებოდით, რომ ვუშველიდით.
ქმარი მცემსო, სვამს და მცემსო. პიცერიაში ვმუშაობდი და რაც ავად ვარ, ფიზიკურად ვერ შევძელი და ამაზე ბრაზდებაო. ავად ხარ და მაგიტომ ვერ მუშაობო, დალევს და მცემსო.
ქიმიოთერაპიაგამოვლილ ქალს სცემდა ქმარი...
ვიგრძენი, როგორ გაწყდა ჩემს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში რაღაც და როგორ ჩამეღვარა ცხელი სისხლი საფეთქლებთან. არ ვიცი, რა ვიგრძენი და ამას ვერც ერთი სიტყვით ვერ გადმოვცემ. მინდოდა, სადაც ის არამზადა იდგა, მიწა გამსკდარიყო, შიგ ჩაეტანა, მილიონობით კილომეტრზე, ჯოჯოხეთის ცენტრში.
ჩავეხუტე, ნუ გეშინია-თქო და გავიქეცი, გავიქეცი და ვიძახდი, რომ დახმარება მჭირდებოდა. გამოვიდნენ ექიმები, შევიყვანეთ ცალკე ოთახში, მოვიდა ფსიქოლოგიც. ალა ტიროდა ისტერიულად, ვერ ვაწყნარებდით, ბოლოს დამამშვიდებელი გაუკეთეს და პოლიციაში დარეკეს. მოვიდა პოლიცია, სოციალური აგენტი და ფსიქოლოგთან ერთად ცალკე გაიყვანეს. დაკითხეს, პოლიცია იმ მისამართზე წავიდა, სადაც ის ნაძირალა ცხოვრობს, ალა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს და დღეს კლინიკაში დარჩება. იმ ცხოველს და არაკაცს დაიჭერენ.
პირველად ვნახე ცხოვრებაში ატირებული პოლიციელი კაცი, პირველად ვნახე და დავიჯერე, რომ იმ არამზადას ამ ყველაფერს არ შეარჩენდა.
ვბრუნდები სახლში, განადგურებული, დაღლილი, მაგრამ ბედნიერი იმით, რომ დღეს კიდევ ერთ ქალს, ათი ათასობით ძალადობის მსხვერპლ ქალთა შორის, აღმოაჩნდა ძალა, რომ დაეგმო ძალადობა, დაესმინა და განთავისუფლებულიყო.
ახლა თუ ვინმე მკითხავთ, რატომ აქამდე არ მოიქცა ასე, გეტყვით, რომ გაჩუმდეთ. გაჩუმდეთ იმიტომ, რომ არ იცით რას ნიშნავს იყოთ უცხო ქვეყანაში, იყოთ ავად და არავინ არ გყავდეთ იმ ერთადერთი ადამიანის გარდა, რომელმაც წესით უნდა დაგიცვას, წესით უნდა იზრუნოს შენზე. ალა იყო ავად, ძალაგამოცლილი და დატანჯული, ერთადერთი ადამიანი, რომლის იმედიც უნდა ჰქონოდა, სცემდა და ატერორებდა. ყველას ერთნაირად არ შეგვწევს ძალა არც ბრძოლის და არც გამარჯვების. არც პრობლემებიდან თავის დაღწევის, ახლა მთავარია, რომ გაბედა, რომ გაბედა და ბოლო მოუღო საკუთარ ტანჯვას.
ალა არის დღის გმირი ჩემთვის.
ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ, ხალხო, არ უნდა გავჩუმდეთ იმ მოტივით, რომ ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო, არ უნდა გავჩუმდეთ იმ მოტივით, რომ სხვისი ოჯახის საქმე ჩვენი საქმე არ არის, არ უნდა გავჩუმდეთ ბავშვების ტირილზე, ქალის კივილზე, ცხოველების წკმუტუნზე. არ უნდა გავჩუმდეთ და არ უნდა დავიბრმავოთ თვალები, არ უნდა დავიხშოთ ყურები, ჩვენ ერთმანეთი უნდა გადავაჩინოთ!"
P.S. "ალას ქმარს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს... გოგო არის ნაცემი, ნაგვემი, დატერორებული, გაუბედურებული, უჭმელი და გაუწყლოებული. იმედია, ძალიან დიდი ხნით ჩააყუდებენ იმ ნაძირალას..."