მამუკა ხილაძეს უკვე ბევრი ადამიანი იცნობს. მან ბათუმის სანაპიროზე, 5-ბალიანი შტორმიდან 3 ბავშვი გამოიყვანა და მათი სიცოცხლე გადაარჩინა. ის ამ შემთხვევას იხსენებს:
- შეზლონგებს ვაქირავებ პლაჟზე. დავინახე, როგორ ჩაითრია ტალღამ ბავშვი, მაშინვე გავიქეცი, შევედი ზღვაში და გამოვიყვანე. გამოსვლისას, უკვე უნდა დავბრუნებოდი ჩემს სამუშაოს, მამაჩემმა დამიძახა, რომ მეორეც იხრჩობაო. ამოსვლიდან, დაახლოებით, 2 წუთში, შევედი და მეორეც გამოვიყვანე. 5 წუთში კი მესამე შემთხვევა იყო.
- ბავშვები გაფრთხილების მიუხედავად შევიდნენ ზღვაში?
- გაფრთხილებულები იყვნენ, ყველამ იცოდა, რომ არ შეიძლებოდა შესვლა, მაგრამ მაინც შევიდნენ.
- თქვენთვისაც ხომ სახიფათო იყო იმ დროს ზღვაში შესვლა და სხვისი სიცოცხლის გადარჩენა?
- ზოგადად, ტალღები მიყვარს. ზღვის არ მეშინია. შარშან, სექტემბერში დაფიქსირდა შტორმი და მაშინაც ვიყავი შესული. ასე რომ, ტალღების არ მეშინია.
- რა რეაქცია ჰქონდათ ბავშვის მშობლებს ან თუ იყვნენ ადგილზე?
- როგორც კი ამოვდიოდი ზღვიდან, სამუშაოს ვუბრუნდებოდი. გუშინ შემეხმიანა მხოლოდ ერთ-ერთის მშობელი. ერთის მშობელი იქ საერთოდ არ იყო, მარტო იყო ბავშვი გამოსული.
- ისტორია ძალიან ბევრმა ადამიანმა გააზიარა, როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა ეს ამბავი ასეთი პოპულარული?
- არ ვიცი, უბრალოდ, კარგია, გულთან რომ მიაქვთ. ალბათ, ბევრი მაგალითსაც აიღებს.
თამარ იაკობაშვილი