მამა პეტრეს (კვარაცხელიას) ქალიშვილი მარიამი, სხვა თანატოლებთან ერთად, დღეს ოფიციალურად გახდა სტუდენტი. ის კავკასიის უნივერსიტეტში 70%-იანი გრანტით ჩაირიცხა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ამ ფაქტს მამა პეტრე საგანგებოდ უძღვნის პოსტს ფეისბუქზე:
"მომავალს ვერ ვხედავდი. რთული და წარმოუდგენლად მძიმე იყო იმ გარემოში სინათლის სხივი შეგემჩნია. დანგრეული ქვეყანა. ჩამქრალი 90-იანები... ყველაზე მთავარი კი, დამსხვრეული ფრთები, უიმედობის ნისლებში ჩაძირული ხვალინდელობა... მხოლოდ ღმერთს და თავს მინდობილი ლეწავდი, ამტვრევდი რკინის კარებს, რომელსაც ბოლო არ უჩანდა... გეგონა შეაღწიე, მაგრამ უფრო დიდი, ათასჯერ დაგმანული კარი გხვდებოდა. თითქოს ნებდებოდი. შინაგანი ხმა მაინც გიკარგავდა მოსვენებას და ისევ ახალი შეტევისთვის ემზადებოდი... ცხოვრების ბოლომდე რა შეაღებს ყველა კარს... მთავარია ლეწვა-მტვრევით იარო და არასდროს დანებდე სირთულეს... რაც ღიაა, ის არასდროს არის საინტერესო... მიხურული, მეტიც, გადაკეტილი ყოველთვის გიჩენს ინტერესს, რაც შეიძლება მალე შეაღწიო... ჰო, ცხოვრება ბავშვის ხელში მოქცეულ სათამაშოს გავს, რომელსაც ამტვრევ და მხოლოდ ის გაინტერესებს, შიგნით რა ხდება... შიშველი ხელებით გიწევს რაღაც ახლის და შენთვის საინტერესო გარემოს შენება... მაშინ უფრო მეტი ფასი ადევს, როცა შენით ქმნი, როცა არავინ გეხმარება... მშიერი დაძრწი, ფეხში წყალი შეგდის, გვერდები სუსხიანი ქარებისგან გეყინება... ღამეს დაუგეგმავად ათევ... სულ ფეხით მოძრაობ, რადგან შენი ცარიელი ჯიბის გამო ტრანსპორტის ყველა კარი საუდამოდ მიხურულია. ეს ერთადერთია, რასაც ვერ შეამტვრევ... მძიმეა?! არა, ყველაზე ტკბილი, თბილი, საინტერესო, წარმოუდგენლად გემრიელი წლებია სტუდენტობა... ის ჯვარია, რომელიც ყველამ ლამაზად უნდა ატაროს... ის კი არ არის მთავარი, რამდენი მოგეცა... მთავარია, რაც მოგეცა, როგორ გამოიყენე... ნაყოფს მაშინ აქვს ფასი, როცა შენი შრომით მოიწევა...
ეს ის პერიოდია, შემოდგომაზე რომ გეზაფხულება, მაგრამ ადრიან გაზაფხულზე, შემოდგომის ქარვისფერი მზე რომ გენატრება...
მაშინ, როცა არაფერი არსებობდა, უველაფერი გვქონდა... ამ ყველაფერს კი რწმენა გვაძლევდა, ახალი და საინტერესო დღის რწმენა!..
სტუდენტური ნერვიულობები ყველაზე სასიამოვნო "ავადმყოფობაა"!...
მერე იწყება ნამდვილი ამბავი!.."