ყოველთვის პირველობაზე ფიქრობს და ალბათ სწორედ ეს მიზანდასახულობა დაეხმარა, რომ 23 წლისა ასეთი წარმატებულია: გურამ თუშიშვილი 100 კილოგრამ კატეგორიაში ასპარეზობს და თავისი კარიერის მანძილზე 7 ოქრო აქვს მოპოვებული. მათ შორისაა მსოფლიო პირველობა და ევროპის ჩემპიონატი. თუშიშვილი მსოფლიო რეიტინგში ამჟამად პირველ ადგილს იკავებს. ინტერვიუდან შეიტყობთ, ძიუდოში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონის კარიერულ გეგმებზე, პირად ცხოვრებასა და მის ინტერესებზე.
- დავიბადე თბილისში, 1995 წლის 5 თებერვალს. დაბა კოჯორში გავიზარდე. ახლა ეს ადგილი უკვე დედაქალაქს შეუერთდა, ასე რომ, კოჯრელი თბილისელი ვარ (იღიმის). დაწყებით კლასებში კარგად ვსწავლობდი, ალბათ ისევე როგორც ყველა, მაგრამ მეექვსე კლასიდან სპორტზე შევედი და ყურადღება ძიუდოზე გადავიტანე. ოჯახში სამი დედმამიშვილი ვართ. მყავს უფროსი ძმა და და.
- უმცროსს განებივრებდნენ?
- არა, ასე ვერ ვიტყვი. ჩვეულებრივი შეკრული ოჯახი ვართ. და-ძმები ხან ვჩხუბობდით, ხან ვხალისობდით და ხანაც ვეხვეოდით ერთმანეთს.
- ფეხბურთზე დადიოდით და ექიმობა გსურდათ...
- დიახ, პირველად ფეხბურთზე დავდიოდი. ბავშვობიდან მიყვარდა. ის სულ სხვა ფენომენია ჩემთვის და ვთვლი, რომ ძალიან ლამაზი სპორტია. დავდიოდი ფეხბურთზე, მაგრამ ჩემი მონაცემები ამ სახეობაში ბოლომდე ვერ გამოვავლინე. რაც შეეხება ექიმობას, მართლა მაინტერესებდა ეს პროფესია. მომწონდა თეთრი ხალათი, საოპერაციო მაგიდა (იღიმის). მერე მშობლებმა ძიუდოზე მიმიყვანეს, "შევარდენ 2005"-ში ამირან კელიხაშვილთან გავდიოდი წვრთნას. ძალიან მალევე დარბაზის პირველობასა და სხვა შეჯიბრებებზე კარგი შედეგი ვაჩვენე და მივხვდი, რომ ნიჭიც მქონდა. შემდეგ ნაკრებში მოვხვდი, მანამდე შევიცვალე მწვრთნელი და ბათუ ჯიქურთან ვარჯიში დავიწყე. ის დღემდე მომყვება. 2012 წლიდან ივიკო ერგემლიძესთან დავიწყე ფიზიკური მომზადება. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ჭირს ისეთი მწვრთნელის პოვნა, რომელიც მოგამზადებს, პროფესიონალურად მოგიდგება, გაგზრდის, წარმატებას მიგაღწევინებს. მიხარია, რომ ივიკოს შევხვდი.
- ფიზიკური მომზადების გარდა, უმნიშვნელოვანესია ფსიქოლოგიური ფაქტორიც. ვინ იყო და არის თქვენთვის სტიმული ამ თვალსაზრისით?
- რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი სტიმული ოჯახში დედაა, რომელიც შენს წარმატებასა და წარუმატებლობას ერთნაირად განიცდის. სულ ამბობდა, რომ მთავარი ჯანმრთელობა და შრომაა, რომელიც აუცილებლად დამიფასდებოდა. იმედგაცრუებაც მქონია, ზოგჯერ გულიც ამცრუებია ყველაფერზე, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებს არასოდეს დაუკარგავთ რწმენა, რადგან ხედავდნენ, რომ ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი და დიდ ძალისხმევას ვდებდი საქმეში. მინდა, ჩემი ოჯახის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო ჩემი რწმენისა და გვერდში დგომისათვის.
- ყველა ადამიანი ფიქრობს, იქნებ შემეცვალა რამე, ან სხვა პროფესიაში მეცადა ბედიო. თუ გქონიათ მსგავსი აზრები და ყველაზე მძიმე მომენტი კარიერაში?
- 18 წლისა ვიყავი, "დიდების საქართველო" რომ მოვიგე. ევროპის ჩემპიონატზე უნდა მეჭიდავა, მაგრამ ერთი კვირით ადრე ვარჯიშისას მაჯა ვიტკინე. ევროპის ჩემპიონატზე მაინც ვიჭიდავე, წავაგე და ხელი ისე ამტკივდა, ვერ ვამოძრავებდი. ძვალზე საკმაოდ მძიმე ოპერაცია გამიკეთეს. ამის გამო 8 თვე გავჩერდი. სპორტისთვის ეს საკმაოდ დიდი დროა. ექიმები ვერ პროგნოზირებდნენ, თუ გამოვჯანმრთელდებოდი და ვარჯიშს გავაგრძელებდი. ის 8 თვე ცოტა არასპორტული ცხოვრებით ვცხოვრობდი.
- მაინც, როგორი?
- რეჟიმიდან ამოვვარდი, სულ გარეთ ვიყავი და სახლში გვიან ვბრუნდებოდი. ორგანიზმი გაზარმაცებული მქონდა და ამის მერე ვარჯიშის დაწყება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ამაში ბავშვობიდან გამოყოლილი სპორტული შემართება დამეხმარა. სულ მქონდა "ჟილკა", ჩემპიონი გავმხდარიყავი. მინდოდა ევროპის, მსოფლიო ჩემპიონობა, რაც ჩემი ოჯახის მხარში დგომით, შევძელი კიდეც. 4-5 თვე დამჭირდა სპორტული ცხოვრება რომ დამეწყო და მერე ფორმაშიც ჩავდექი. ახლა ჩემი დღის რეჟიმი ასეთია: დილა იწყება სპორტული გასეირნებით, შემდეგ ვსაუზმობ, მივდივარ სავარჯიშო დარბაზში. შუადღეს შინ ვბრუნდები, ვსადილობ, ვიძინებ და საღამოს კვლავ სპორტდარბაზში ვატარებ. დღეში დაახლოებით 7-8 საათს ვვარჯიშობთ.
- მეუღლე და გოგონა გყავთ - სესილია...
- დიახ, ჩემი მეუღლე ფსიქოლოგია. სესილია წლისა და 8 თვისაა. მეუღლის პროფესიაც მეხმარება ჩემს საქმეში (იღიმის). ანი გაგებით ეკიდება ჩემს სპორტულ ცხოვრებას. არანაირი დისკომფორტი ან კონფლიქტი არ გვაქვს იმის გამო, რომ შეკრებებზე შეიძლება 2-3 კვირა წავიდე. ურთიერთგაგება ყველაზე მნიშვნელოვანია და ასევე ის, რომ სპორტსმენი სხვა ქვეყანაშია შეჯიბრებაზე, ოჯახზე არა აქვს სანერვიულო.
- რამდენი ხანია ერთმანეთს იცნობთ?
- ანის ბავშვობიდან ვიცნობ, კოჯორში ისვენებდა. სულ მომწონდა. რომ წამოვიზარდეთ, ცოტა ხანს დავკარგეთ ერთმანეთი, როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ 3 წლის წინ ისევ შევხვდით ერთმანეთს და დაოჯახება გადავწყვიტეთ.
- გამოდის, ბავშვობის სიყვარულია...
- კი (იღიმის).
ანა კალანდაძე