6 წლის ტყუპის, მარიამ და ქეთევან ხუბუების მიერ წაკითხული ლექსი, რომლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ინტერნეტჰიტი გახდა. უცხოური აქცენტით მოლაპარაკე ქართველმა ბავშვება სოციალური ქსელის მომხმარებლებს მალევე შეაყვარეს თავი.
როგორც mshoblebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, ბავშვები საფრანგეთში, ქალაქ ლიონში ცხოვრობენ და წელს სკოლაშიც იქ მივიდნენ. უფრო დეტალურად, თუ როგორ ცხოვრობს ემიგრაციაში ქართველი ოჯახი შვილებთან ერთად, ამის შესახებ ტყუპის დედა, ინგა ხაჩიძე გვიყვება.
- რამდენი წელია, რაც ემიგრაციაში ხართ? გოგონები საფრანგეთში დაიბადნენ?
- ოთხი შვილი მყავს, ორი ბიჭი და ორი გოგო, შუათანა ტყუპია, უფროსია ნიკოლოზი, პატარას კი ლუკა ჰქვია.
ნიკოლოზი მყავდა 1 წლის, ტყუპზე რომ დავორსულდი და საქართველოდან წამოვედით. გუშინ დაეწყოთ სწავლა. აქ პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი ყოველგვარი პომპეზურობისა და გადაპრანჭვის გარეშე იწყება, მხოლოდ ქართველი ბავშვები არიან ხოლმე ჰალსტუხებითა და საგანგებოდ შეკერილი კაბებით მოსული.
- ფრანგულ სკოლაში რა მოთხოვნები აქვთ პირველკლასელებისადმი? ბაღში აუცილებლად უნდა იაროს? სასკოლო ფორმის ტარება აუცილებელია?
- ბავშვმა სკოლაში წასვლამდე აუცილებლად უნდა იაროს ბაღში. სკოლაში მოსწავლის დასარეგისტრირებლად, მხოლოდ საცხოვრებლის ცნობაა საჭიერო და დაბადების მოწმობა. არანაირი ფორმები არ არის, ვისაც როგორ უნდა, ისე აცვია. - ჩანთის ზომას და წონას თუ ექცევა ყურადღება?
- აქ უპირატესობას ოთხკუთხედ ჩანთებს ანიჭებენ, მაგრამ მკაცრი მოთხოვნა არც მაგაზეა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს წიგნებს სახლში არ ატანენ, მხოლოდ ქსეროასლები მოაქვთ შინ დავალების შესასრულებლად. ძირითადად, ბავშვები სკოლაში სწავლობენ, სახლში ნასწავლის გამეორება უწევთ, ან ზღაპრებს და ლიტერატურას კითხულობენ სახლში. კვირაში ერთხელ ე.წ. მოკლე დღე აქვთ, ოთხშაბათობით მხოლოდ 12 საათამდე სწავლობენ, რომ შუა კვირაში დასვენება შეძლონ მოსწავლეებმა. ჩემი ტყუპი სხვადასხვა კლასში ჩარიცხეს იმის გამო, რომ დამოუკიდებლობას შეეჩვიონ.
- რამდენი ხანს გრძელდება გაკვეთილები, რამდენ საათს ატარებენ სკოლაში ბავშვები? წელიწადში რამდენჯერ აქვთ არდადეგები?
- სკოლა იწყება 08:30 -ზე და სრულდება 15:50-ზე. სასწავლო წელი დაიწყო 2 სექტემბერს და მთავრდება 2 ივლისს. რაც შეეხება არდადეგებს, ოქტომბერში, საახალწლოდ, თებერვალში და აპრილშიც ორი კვირით ასვენებენ ბავშვებს. გაკვეთილების ხანგრძლივობა 45 წუთია.
- მშობელთა კრებების ტრადიცია თუ აქვთ ფრანგულ სკოლებში?
- ინდივიდუალურად გვიბარებენ ყველა მშობელს ცალ-ცალკე და ბავშვის უნარებსა და სწავლის დონეს აფასებენ.
- როგორც ვიდეოდან ჩანს, ბავშვებს შეუძლიათ ქართულად საუბარი...
- მინდა, რომ კარგად დაეუფლონ ქართულს და მაქსიმალურს ვცდილობ, მივაღწიო ამას, ვუწერ ლექსებს, ვცდილობ წერაც ვასწავლო ბავშვებს. ძალიან აინტერესებთ ყველაფერი ქართული.
- შვილები ყოფილან საქართველოში? სამომავლოდ აპირებთ დაბრუნებას?
- ჯერ არა, მაგრამ აუცილებლად ჩამოვალთ, რაღაც პროცედურების დასრულებას ველოდებით და ამის მერე ჩამოვიყვანთ ჩვენს სამშობლოში ბავშვებს. თვითონვე მახსენებენ ხოლმე, რომ ქართულად წერა-კითხვა ვასწავლო. ბებიას და ბაბუას სამწუხაროდ, ინტერნეტით ეკონტაქტებიან, მიუხედავად ასე შორს ჰყოფნისა, ლექსებს და ზღაპრებს მაინც უკითხავენ ხოლმე. რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნებას, მაგას სულ ვეკითხებით საკუთარ თავს, მაგრამ ჯერ ნამდვილად არ ვიცით, რა როგორ იქნება. იყო ემიგრანტი, ნიშნავს თან ხარ და თითქოს არც ხარ. აქ მიტოვებულ ეკლესიას ჰგავს ქართველი, არსად ანთია სანთლები და არსად ჩანს მრევლი.
რუსკა კილასონია
-