ტყვია არის მძიმე მეტალი, რომელიც მოიპოვება დედამიწის ქერქში. მიუხედავად იმისა, რომ იგი გამოიყენება სხვადასხვა პროდუქციის წარმოებაში, მისი დიდი რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრამ შეიძლება დააზიანოს ჩვენი ჯანმრთელობა. ტყვიით მოწამვლა განსაკუთრებით საშიშია მოზარდებში და ორსულებში.
ჩვენს გარშემო ტყვია შესაძლოა იყოს ყველგან - ჰაერში, მიწაში, წყალში და ასევე ჩვენს სახლებში. ტყვია და ტყვიის შემცველი ნივთიერებები გამოიყენება პროდუქტებში, რომლებიც მრავლად არის ჩვენს გარშემო, ეს შესაძლოა იყოს საღებავები, ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებილი ნივთები ან კედლები, კერამიკის ნივთები, ფერადი მინა, მილები და სანტექნიკის მასალები, კოსმეტიკა, ბატარეები და სამხედრო აღჭურვილობა.
ტყვია შეიძლება მოხვდეს გარემოში სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის შეიძლება იყოს ტყვიის წარსული და არსებული გამოყენება. ტყვია წყალში, ნიადაგში და ჰაერში შეიძლება აღმოჩნდეს ზოგიერთი ინდუსტრიული პროცესების შედეგად, ასევე ისტორიულად დაბინძურებული ტერიტორიებიდან.
ტყვიით მოწამვლა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან ზრდასრულებისგან განსხვავებით, მათი ნერვული სისტემა განვითარების პროცესშია და მეტად მგრძნობიარეა ტყვიისადმი.
ბავშვებს შესაძლოა შეხება ჰქონდეთ ტყვიით დაბინძურებულ ნივთებთან, ეს შესაძლოა იყოს ტყვიის შემცველი საღებავით შეღებილი სათამაშოები ან სახატავი საღებავები, ასევე ტყვიის შემცველი საყოფაცხოვრებო ნივთები: თეფშები, ჭიქები და სხვ.
ბავშვებისათვის საფრთხეს წარმოადგენს ისეთი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ოთახის კედლები შესაძლოა შეღებილია ტყვიის შემცველი საღებავებით.
ბავშვებში ტყვიით მოწამვლამ შესაძლოა გამოიწვიოს:
ჰიპერაქტიულობა ზრდისა და განვითარების შეფერხება აზროვნების პრობლემები ყურადღების და ინტელექტის კოეფიციენტის დაქვეითება კორდინაციის გაძნელება ანემია
ტყვიით ორგანიზმის დაბინძურებისას ხდება მისი დაგროვება ძვლებში. ორსულობის პერიოდში, ტყვია გამოთავისუფლდება ძვლებიდან კალციუმთან ერთად და მიეწოდება ნაყოფს ან ძუძუთი კვებისას ჩვილს, რამაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფის ან ჩვილის ჯანმრთელობას. ტყვიით მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს:
ნაადრევი მშობიარობა; ორსულობის სპონტანური შეწყვეტა; ნევროლოგიური დარღვევები და ნაყოფის ზრდის შეფერხება; მკვდრადშობადობა; ახალშობილის დაბალი წონა. ტყვიით ინტოქსიკაციის შემთხვევა, შესაძლებელია რთული გამოსავლენი იყოს, რადგან ის სპეციფიკური ნიშნებით არ ხასიათდება. ადამიანის სისხლში ტყვიის მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში ვლინდება მძიმე ენცეფალოპათია (45 მკგ/დლ-ზე მეტი). ტყვიის ძალიან მაღალმა კონცენტრაციამ (>100–150 მკგ/დლ) შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე სიმპტომები, ისეთი როგორიცაა: ანორექსია, ატაქსია, კრუნჩხვა, ცნობიერების დაბინდვა და სიკვდილიც კი.
ასევე, მოსალოდნელია რკინადეფიციტური ანემიები, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ კი - ღებინება, შეკრულობა, მუცლის ტკივილი, წონის კლება და საერთო სისუსტე.
R